მთავარი » ჯანმრთელობა

პოლინოზი – სევდანარევი გაზაფხული

სტატიის ავტორი: | თარიღი: 17.04.2012 | 4,204 ნახვა

გაზაფხულზე თითქოს ადამიანიც ცოცხლდება ბუნებასთან ერთად, მაგრამ არიან პიროვნებები, რომელთათვისაც ეს პერიოდი არცთუ ისე სასიამოვნოა, რადგან თავს იჩენს ალერგიული დაავადებები. პოლინოზი მათ შორის ერთ-ერთია პოლინოზი (pollen – ინგლისური სიტყვაა და მტვერს ნიშნავს) მას თივის ცხელებასაც უწოდებენ, თუმცა რეალურად იგი არა – თივით, არამედ ყვავილის მტვრით არის გამოწვეული.

დაავადების შესახებ “ამბიონს” ექიმი – ალერგოლოგი სოფო ყიფშიძე ესაუბრა:

– როგორ ვლინდება პოლინოზი?

პოლინოზი კლინიკურად კონიუნქტივიტის, რინიტისა და ასთმური სიმპტომებით ვლინდება. პაციენტები ძირითადად უჩივიან თვალების, ცხვირის, სახის, ცხვირ-ხახის ქავილს, თვალების სიწითლეს, “ქვიშის” შეგრძნებას თვალში, ცრემლდენას, ქუთუთოების შეშუპებას. დასაწყისში თვალიდან გამონადენი გამჭვირვალეა, შემდეგ შეიძლება გახდეს ჩირქოვანი, მძიმე შემთხვევაში კი თვალის ლორწოვანზე განვითარდეს წყლულები.

დამახასიათებელია შეტევითი ხასიათის ცხვირის ცემინება (10-20-50-მდე), ცხვირიდან დიდი რაოდენობით თხიერი გამონადენი (წყლიანი სურდო), რასაც მოჰყვება ცხვირის სრული დაცობა – ცხვირის “გაჭედვა”, თავის ტკივილი. ასევე, საერთო სისუსტე და გაღიზიანება.

ამინდს შეუძლია გავლენა იქონიოს ჰაერში ყვავილის მტვრის კონცენტრაციაზე. მშრალი, ცხელი ამინდი, აგრეთვე ქარი, ხელს უწყობს მტვრის გავრცელებას. წვიმა განაპირობებს მტვრის მიწაზე დალექვას, რაც ამცირებს პოლინოზის გამწვავების რისკს. მცენარეების მიერ მტვრის პროდუქცია დღის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით ხასიათდება. მტვრის კონცენრტაცია პიკს დილით დღის პირველ ნახევარში აღწევს, რაც მხედველობაში უნდა იქონიოს ალერგიულმა ადამიანმა და ამ პერიოდში მოერიდოს გარეთ გასვლას.

–განსაკუთრებით რომელი მცენარეები იწვევს ალერგიას?

მცენარე არსებობს ყვავილის მტვრის ორი სახე: ანემოფილური, რომელიც ქარით ვრცელდება და ენტომოფილური, რომელიც მწერებს გადააქვთ.

ანემოფილური მტვრის მარცვლები უფრო წვრილია, ენტემოფილური კი- მსხვილი.

შესაბამისად, ანემოფილური მტვერი უფრო ალერგიულია, რადგან შეიძლება დიდ მანძილზე გავრცელდეს. ამით აიხსნება ის შემთხვევები, როცა ზოგჯერ ადამიანები ხასიათდებიან ჰიპერმგრძნობელობით იმ მცენარეთა ყვავილის მტვრისადმი, რომელიც მათ უშუალო სიახლოვეში არ იზრდება. ენტომოფილურ მტვერს გამოიმუშავებენ კაშკაშა ფერის სურნელოვან ყვავილებიანი მცენარეები. ჩვეულებრივ, იგი გამომუშავდება მცირე რაოდენობით. სიმცირის გამო ისინი ატმოსფეროში მინიმალური რაოდენობით ხვდება. ამიტომ ასეთი მტვრის მქონე მცენარეების მიმართ ალერგია შედარებით იშვიათია.

ხეების ყვავილობა იწყება აპრილის დასაწყისში და ჰაერში მათი მტვრის კონცენტრაციის პიკი არის მაისის შუა რიცხვებისთვის. უმეტესად, ალერგიულს ეკუთვნის თხმელა, თხილი, არყის ხე, მუხა, კოპიტი. მაისის ბოლოდან ივლისის დასასრულამდე აქტიურად ყვავის მარცვლეული ბალახები: შვრია, ტიმოთელა, თივაქასრა, რეიგრასი, ჭვავი. გაზაფხულის ბოლოდან ოქტობრამდე ყვავის სარეველა ბალახები: ჭინჭარი, ამბროზია, ნაცარქათამა.

პაციენტის ჩივილის მიხედვით შესაძლებელია პოლინოზის დიაგნოზის დასმა. ძირითადად თვითონ პაციენტი ზუსტად ასახელებს დაავადების დაწყების ზუსტ თვეს და პერიოდს, როცა გამწვავება უმთავრდება.

–რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ დაავადებამ?

პოლინოზი შესაძლებელია გართულდეს ანოსმიით (ყნოსვის დაკარგვა), სინუსიტით (ცხვირის დანამატი წიაღების ანთებით), გახდეს ისეთი ალერგიული დაავადებების განვითარების მიზეზიც, როგორიცაა დერმატიტი, ჭინწჭის ციება, ფილტვის ეოზინოფილური ინფილტრაცია.

–როგორ ვუმკურნალოთ პოლინოზს?

მას შემდეგ, რაც დაზუსტდება დაავადების გამომწვევი მიზეზი, სპეციალისტის მიერ შემუშავდება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა,რაც სხვადასხვეგვარია:

1. ელიმინაციური ღონისძიებები: ალერგენთან კონტაქტის შემცირება ან შეწყვეტა.

2. ფარმაკოთერაპია: უმეტესად გამოიყენება ბოლო თაობის ანტიჰისტამინური პრეპარატები, აგრეთვე – ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების საინჰალაციო ფორმით.

3. სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაცია – ეს მეთოდი უფრო რადიკალური და ეფექტურია, თუ რათქმა უნდა, რაიმე უკუჩვენება არ არსებობს. იგი გულისხმობს სპეციფიურ დესენსიბილიზაციას. სპეციფიური ჰიპოსენსიბილიზაციის პრინციპი მდგომარეობს გამომწვევი ალერგენის მიმართ სპეციფიური ტოლერანტობის (განურჩევლობის) გამომუშავებაში. ტოლერანტობა ყვავილის მტვრის მიმართ მიიღწევა ორგანიზმში ალერგენის მზარდი დოზების შეყვანით. ჰიპოსენსიბილიზაცია, როგორც წესი, იწყება ზამთარში და მთავრდება ყვავილობის სეზონის დადგომამდე, ან შემცირებული დოზებით შესაძლებელია გაგრძელდეს მთელი წლის მანძილზე. სრული თერაპიული ეფექტის მისაღებად ჰიპოსენსიბილიზაცია სამჯერ მაინც უნდა ჩატარდეს. ეს მეთოდი ყველაზე მეტად სასარგებლო სწორედ პოლინოზების დროს არის. სპეციფიკური ჰიპოსენსიბილიზაცია აუცილებლად ექიმმა ალერგოლოგმა უნდა ჩაატაროს სპეციალიზებულ ალერგოლოგიურ დაწესებულებაში (ალერგოლოგიურ კაბინეტში).

სამკურნალო ალერგენის ყოველი ინექციის წინ და შემდეგ ავადმყოფი აუცილებლად უნდა გაისინჯოს და დარჩეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ ინექციიდან 30 წუთის განმავლობაში.

–ექიმის რჩევა:

ალერგიის პროფილაქტიკური რჩევები გამწვავების პერიოდში, მდგომარეობს შემდეგში:
• ეცადეთ, არ გახვიდეთ სახლიდან დილით 11 საათამდე.
• არ გაემგზავროთ ისეთ ადგილას, სადაც ბევრი მცენარე ყვავის.
• ქუჩაში გასვლისას აუცილებლად იხმარეთ მზის სათვალე.
• სახლში დაბრუნებისას აუცილედლად გამოირეცხეთ სასუნთქი გზები ონკანის ან ფიზიოლოგიური წყლით.
• უარი თქვით კოსმეტიკასა და დასაბან საშუალებებზე, რომლებიც დამზადებულია მცენარეებით.
• თუკი არ მოხდა დროულად დაავადების მკურნალობის დაწყება და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება, ყოველწელიწადს დაავადების სიმპტომები უფრო მეტად გართულდება და შესაბამისად, გართულდება მისი მკურნალობაც.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი