მთავარი » ქრისტიანობა

პირველშეწირულის ლიტურღიის შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 01.03.2020 | 5,070 ნახვა

წმინდა და დიდი მარხვა, ანუ წმინდა ორმოცეული (ვნების კვირა ცალკე დგას) არის უძველესი, მოციქულთა დროინდელი მარხვა. ზოგადად მარხვას და კონკრეტულად სააღდგომო მარხვას ქრისტიანულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. იგი არის სინანულის, განწმენდისა და ღმერთთან მიახლოების განსაკუთრებული პერიოდი. ამ დროს ეკლესიაში მსახურების წესიც განსხვავებულია. ღვთისმსახურება მოკლებულია საზეიმო ელფერს და მოწოდებაა სინანულისკენ.

დღეს, როგორც ცნობილია, ეკლესიის საღვთისმსახურო პრაქტიკაში აღესრულება სამი ლიტურგია: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდისა და გრიგოლ დიოლოღოსის. გრიგოლ დიოლოღოსის, იგივე პირველშეწირულის ლიტურგია, მხოლოდ დიდ მარხვაში სრულდება.

მართლმადიდებელ ეკლესიაში პირველშეწირულის ლიტურგიის დაწესება მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს. მაგრამ დასრულებული სახით ის VI-VII საუკუნეში ჩამოყალიბდა რომის პაპის, წმინდა გრიგოლ დიოლოღოსის (604) მიერ. ამიტომაც იწოდება იგი გრიგოლ დიოლოღოსის ლიტურგიად.
ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში, როგორცაა მინიშნებული ტრულის კრების 101-ე კანონში, მორწმუნეებს ტარიგი, – ნაკურთხი პური (რომელიც უკვე ქრისტეს ხორცად იყო შეცვლილი), ხელში ეძლეოდათ და ისინი თავისი ხელით ეზიარებოდნენ ქრისტეს ხორცს… წმინდა სისხლს კი ბარძიმიდან იღებდნენ.

იყო ასეთი წესიც, – მრევლს სახლში მიჰქონდა წმინდა ძღვენი და შუა კვირაში თავადვე იღებდა მას. რადგან იმ ეპოქაში იყო ქრისტეს ეკლესიის დევნა და ხშირად შეკრების საშუალება ხალხს არ ჰქონდა.

IV საუკუნიდან, როდესაც ეკლესიას მშვიდობიანი პერიოდი დაუდგა და შეწყდა ქრისტიანთა შევიწროება, მორწმუნეებს წმინდა ძღვენი აღარ ეძლეოდათ სახლში წასაღებად. ეკლესიაში შეიქმნა დიდმარხვაში ჩასატარებელი მსახურების წესი და შუა კვირაში ხდებოდა უკვე შეწირული ძღვენის განახლება და იმით ზიარება.

ვინაიდან დიდი მარხვა, ყველა ქრისტიანისთვის არის სინანულისა და ცოდვათა განცდის განსაკუთრებული და საყოველთაო პერიოდი, წირვა კი თავისი არსით არის სადღესასწაულო, საზეიმო მსახურება, იმის გამო, რომ საზეიმო მსახურებამ არ დაარღვიოს გლოვისათვის განკუთვნილი პერიოდი, ეკლესიამ, დიდი მარხვის პერიოდში, გარდა შაბათ-კვირისა, აკრძალა სრული წირვის ჩატარება და მის ნაცვლად განაწესა ფსალმუნთა და სხვა ლოცვათა კითხვა. ხოლო იმის გამო, რომ მორწმუნეები ასეთი ღვაწლის დროს გრძელვადიანი უზიარებლობით სულიერად არ მოუძლურებულიყვნენ, დიდმარხვის შუა კვირის დღეებში დადგინდა მორწმუნეთა ზიარება წინასწარ შეწირული ძღვნით, პირველშეწირულის ლიტურგიაზე, რომელიც ძირითადად ოთხშაბათს და პარასკევს აღესრულება.

პეტრე ალექსანდრიელი თავის 15-ე კანონში განმარტავს, რომ ოთხშაბათის მარხვა განწესდა იმ დღის გასახსენებლად, როდესაც იუდამ გაყიდა მაცხოვარი, – იუდველებს მოეთათბირა და 30 ვერცხლი აიღო მათგან; ხოლო პარასკევი დღე არის ყველაზე მძიმე დღე კაცობრიობის ისტორიაში, – ამ დღეს ჯვარს აცვეს იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი. სწორედ ამის ნიშნად მარხულობენ მორწმუნეები ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს. ამიტომ დადგინდა ამ დღეებში პირველშეწირულის ლიტურგიის ჩატარებაც. თუმცაღა პირველშეწირული ლიტურგიის აღსრულება დასაშვებია დიდმარხვის ყოველ დღეს, გარდა შაბათ-კვირისა. (დიდმარხვაში პირველშეწირული ლიტურღია ასევე არ სრულდება წითელ პარასკევს.)

როგორც აღვნიშნეთ, ლიტურგიის დროს მორწმუნეებს საზიარებლად უკვე ნაკურთხი ძღვენი ეძლევათ, რომელიც წინა კვირას, სრული წირვის დროს მზადდება. კერძოდ ერთი ტარიგის ნაცვლად დამატებით მზადდება ორი ან იმდენი ტარიგი, რამდენი წირვაც იგეგემბა კვირის განმავლობაში. შემდეგ კი პირველშეწირულის ლიტურგიაზე ხდება ამ ნაკურთხი ძღვენით მორწმუნეთა ზიარება.

რაც შეეხება პირველშეწირული ლიტურგიის სტრუქტურას, – წინა დღეს ტარდება დიდი სერობის ჟამნი. დილით იწყება ცისკრის ლოცვა, რომელსაც მოებმის ოთხი ჟამნი (პირველი, მესამე, მეექვსე და მეცხრე), შემდეგ კი – სადილის ჟამნი. მსახურების ძირითად ნაწილს შეადგენს მწუხრის ლოცვები და მასთან შეერთებულია ლიტურგია.

ეს ღვთისმსახურება დატვირთულია საკითხავებით; ამ დროს იკითხება საკითხავები ძველი აღთქმიდან, რომელიც სინანულისკენ აღძრავს ადამიანს. ყოველ მწუხრზე იკითხება _,,შესაქმეთა“(სამყაროს შექმნის წიგნი), სოლომონის იგავებისა და იობის წიგნის შესაბამისი თავები. ვიხსენებთ იმის შესახებ, თუ სიკეთისთვის როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო და ადამიანი, მაგრამ მან ვერ შეინარჩუნა უფლისგან ბოძებული ეს უდიდესი წყალობა და დაკარგა თავდაპირველი, ანგელოზებრივი მდგომარეობა.

რეალურად ეს საკითხავები განგვიმარტავს იმას, თუ რატომ მარხულობს ადამიანი, რა დატვირთვის მატარებელია დიდი მარხვა; რატომ სჭირდება ადამიანს ზიარება. განგვიმარტავს რომ მარხვა და განსაკუთრებით დიდი მარხვის მთელი პერიოდი, არის სასუფეველში დაბრუნების მოლოდინის, მომზადების მდგომარეობა.

მორწმუნე ადამიანისთვის ის არის გარკვეული პირობა, შესაძლებლობა თავისი პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნებისა. როგორც წმინდა ბასილი დიდი ბრძანებს: პირველი ადამიანი რა მიზეზითაც განიდევნა სამოთხიდან (თავშეუკავებლობით, მარხვის დარღვევით, რადგან მან შეჭამა აკრძალული ხის ნაყოფი), ამავე მიზეზით, ანუ მარხვით, თავშეკავებით უნდა შევიდეს სამოთხეში.

პირველშეწირულის ლიტურღიაზე მრევლის დასწრება და ზიარება მეტად მნიშვნელოვანია.

მარხვა განსაკუთრებული ღვაწლის პერიოდია და ამ დროს ადამიანს გასაძლიერებლად სჭირდება მადლი, რომელსაც იღებს წმინდა ლიტურღიაზე დასწრებით და ზიარებით. ეკლესიის მრევლი მარხვის განმავლობაში უნდა ყოველ შაბათ-კვირას დაესწროს წირვა-ლოცვას და ასევე პირველშეწირულის ლიტურგიას და მიიღოს წმინდა ზიარება. გარდა ამისა მეტად მნიშვნელოვანია ზიარება დიდ დღესასწაულებზე, ასევე დიდ ხუთშაბათს (რადგან ეს არის საიდუმლო სერობის ხსენების დღე, ანუ დღე როცა მაცხოვარმა პირველად აზიარა თავისი მოციქულები და დაადგინა ზიარების საიდუმლო)

წყარო: საქართველოს საპატრიარქო


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი