ეპისკოპოს ანანიას (ჯაფარიძე) ქადაგება
პატიოსანო და დიდებულო ქართველნო, მარად აღავსებს მადლი ყოვლადწმიდა დედა ღვთისმშობლისა ჩვენს მორწმუნე ერს. ყოვლადწმიდის მფარველობით დღეს საფარის წმიდა ტაძარში პირველად, ოციანი წლების შემდეგ, კვლავ შეიწირა წმიდა წირვა. თითქმის სამოცი წლისთავზე!
დღევანდელი წირვისას მე თქვენთან ერთად მოვიხსენიე ამ წმიდა ტაძრის აღმაშენებელთა სულნი, საბა სარგისყოფილ და ბექა ჯაყელებისა და ასევე, სულნი ათასობით ბერისა, რომელნიც ამ მონასტერში საუკუნეთა მანძილზე მკვიდრობდნენ. საფარაში თვით თურქების საშინელი გაბატონების დროსაც კი წირვა-ლოვა არ შეწყვეტილა. “აწ ხუცის ამარააო”- წერდა XVII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი. შემდეგ საუკუნეშიც აქ კვლავ დაემკვიდრნენ ბერები, ჩვენი საუკუნის პირველ მეოთხედში კი სასულიერო ცხოვრება სრულიად ჩაკვდა.
თქვენ ხედავთ, რა შედეგი გამოიღო ამ ეკლესიის უმოქმედობამ. ჩვენს წინაა სრულებით მოუვლელი, უპატრონო ეკლესია, აღარსადაა კანკელი და ხატები, წვიმის წყალს გაუჟონავს კედელი, ათხრილია იატაკი, უსუფთაობის დაღი აძევს ყოველივეს და, რა თქმა უნდა, არ ისმის ზარის ხმა.
ბევრი თქვენგანისგან მსმენია, როგორ გამოიყურებოდა ეს ეკლესია 50-60 წლის წინ-მშვენივრად ნაჩუქრთმევი, მოოქროვილი კანკელი, მაღალმხატვრული, უძვირფასესი ხატები-მშვენიერი ჩარჩოებით, თითქმის მთელი დარბაზის შემავსებელი ბრინჯაოსაგან ოსტატურად ჩამოსხმული ქორკანდელი, მოჭედილ-მოთვალულ ყუთებსა და კოლოფებში პატივისემით ჩალაგებული წმიდანთა აურაცხელი ნაწილები, საგანგებო შანდლები და სასანთლეები და აქაური ბერებისათვის განსაკუთრებით სათაყვანებელი საბა განწმედილის(VIს.) წმიდა ნაწილები. უცხოეთში-საბერძნეთშიც კი მკითხეს, ამჟამად სად ინახება განძი მსოფლიო მართლმადიდებლობისა – ნაწილები წმიდა საბასიო? ვინ იცის, თვლათაგან მიეფარა ჩვენი ურწმუნოების გამო.
ვინ უნდა დავადანაშაულოთ? მხოლოდ ჩვენი თავი. ყველამ, ყველა ჩვენგანმა უნდა ჩავიხედოთ გულში, ვაღიაროთ ჩვენი შეცოდებანი. სინანული, აღსარება და ცოდვებისაგან განწმენდა აღადგენს ჩვენს ქრისტიანობას. არა თუ ცუდმედიდობა, ცუდმეტყველება, სხვისი განკითხვა და აუგი, არამედ სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული. ეს, და მხოლოდ, ეს კვლავ აღგვამაღლებს. წმიდა წიგნებში ნაბრძანებია, ტაძარი შეიძლება დაინგრეს და თავისი ქვებითვე აღადგინონ, მაგრამ ადამიანის დაშლილი სულის აღდგენა აღარავის ხელეწიფებისო. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ადამიანის სულზე. არ უნდა დაირღვეს ადამიანის სულის მთლიანობა, სახარებაც ასევე ბრძანებს-გწამდეს ღმერთი და გიყვარდეს ადამიანი, ტაძრს კი სულმთელი ადამიანი კვლავ აღაშენებს. დიახ, უნდა ვიზრუნოთ ტაძარზე, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ტაძრები ადამიანებისათვის, მისი სულის ცხონებისათვის არის აგებული.
საერთოდ, სამცხე-ჯავახეთი ძალზე რთული რეგიონია. სულ ახლახანს კიდევ ერთხელ ეწვია მესხეთის მიწას საქართველოს უწმიდესი კათალიკოს -პატრიარქი ილია II. აივსო მადლით, იდუმალი ნეტარებით, თუ გამოხატული სიხარულით ყოველი მკვიდრი სამხრეთ საქართველოსი, განურჩევლად ეროვნებისა და სარწმუნოებისა. კათალიკოს-პატრიარქს შეხვდნენ ქართველი კათოლიკენი და მაჰმადიანები-ვარძიაში წირვას დაესწრნენ აჭარელი ქალები, ახალციხელი ებრაელების მეთაურმა კი გულშიჩამწვდომი სიტყვით მიმართა მის უწმიდესობას. არა, ადამიანს არ ძალუძს იმ გასაოცარი ზეიმის აღწერა, რომელსაც მესხეთში ილია II-ის მოგზაურობა ჰქვია.
ღიმილი, მხიარულება, მიღებები და შეხვედრები, საერთო სიხარული… მაგრამ ეს მხოლოდ ქართული ხასიათის გამომჟღავნება იყო, რომელზეც აკაკიმ თქვა- “ვინ რა იცის, რომ ეს გული მკვდარია, რომ სიცილი ბევრჯერ ცრემლზე მწარეა”. განა მესხეთის ჭირისუფალი შეიძლება იყოს ყოველმხრივ მხიარული და ბედნიერი? ფაქტია, რომ ასეული ათასი გამაჰმადიანებული მესხი სამშობლოდან არის მოშორებული და სახელშეცვლილი, განა სამცხე-ჯავახეთში შექმნილი საქვეყნოდ ცნობილი, სავალალო დემოგრაფიული მდგომარეობა სასიხარულოდ განაწყობს ადამიანს?
ეს, უპირელეს ყოვლისა, ითქმის გამრავლებაზე. მუცლის მოშლა და დედის წიაღში ბავშვის მოკვლა უდიდესი ცოდვაა. მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ. მე ვკითხე ერთ მაჰმადიან ინტელიგენტს, ცხრა შვილის მამას და მეათის მომლოდინეს, სურდა თუ არა მის მეუღლეს ამდენი ბავშვი. მან მიპასუხა-ჩემს მეუღლეს ღმერთი სწამს და ბავშვის მოკვლით თავის თავზე ღვთის რისხვას არ დაიტეხს, თავისი ცოდვით ღმერთს არ განარისხებს. საერთოდ, ყველა ჩვენი ქალი ასეთია – ყოველი ბავშვი ღვთისაგან მონიჭებულ ძღვნად მიაჩნია და რასაც ღმერთი აძლევს, სიხარულით იღებსო. ასეთი ღვთის რიდი რომ ჰქონდეს არა მარტო სამცხე-ჯავახეთის, არამედ მთელი საქართელოს დედებს, დემოგრაფიული პრობლემაც აღარ იარსებებდა. უღმერთობამ და ურწმუნოებამ არა მარტო ზნეობრივად შეგვცვალა, ღვთის იმ მოჭარბებული მადლის მიღების უნარიც გამოგვაცალა, რითაც ასე უხვად აჯილდოებს უფალი ყოველ ქართველს.
მე მინდა დღევანდელ ღვთივკურთხეულ დღეს საფარის წმიდა ტაძარში შევთხოვო უფალს, მოწყალე თვალით გადმოხედოს სრულიად საქართველოს, მესხეთს. შევთხოვ უფალს თქვენს სიხარულსა და გამრავლებას, ღმერთმა დაგლოცოთ!
