მთავარიქრისტიანობაპირველი სასწაული მამა პორფირის ცხოვრებაში

პირველი სასწაული მამა პორფირის ცხოვრებაში

ბერი პორფირიერთხელ მამა პორფირისთან ერთად ათენის ერთ-ერთ ქუჩას მივუყვებოდით. ის მიამბობდა თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდებზე, იხსენებდა მონაზვნური ცხოვრების დასაწყისს.

მოხდა ისე, რომ თორმეტი წლის ასაკში პორფირი მშობლებისგან ფარულად წავიდა ათონის წმიდა მთაზე და ორი ფრიად ღვთისმოშიში და სულიერად გამოცდილი ბერის მორჩილი გახდა. ერთხელ, დილით, ღუმელისთვის შეშის დასაჩეხად გააგზავნეს. შესაფერისი ხის ძებნაში მან ხევამდე მიაღწია. ეს ხევი საკმაოდ შორს იყო კავსოკალივიის სკიტიდან, სადაც მორჩილი მაშინ თავის ბერებთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც შეშის ჩეხვა დაიწყო, მარცხი მოუვიდა: ნაჯახს ტარი მოსძვრა, ბასრი პირით ფეხში შეერჭო და მძიმედ დაუზიანა. ყმაწვილი სისხლისგან იცლებოდა – მას უეჭველი სიკვდილი ელოდა. როდესაც სიკვდილის საფრთხე იგრძნო, მან მთელი ძალით, ხმამაღლა მოუხმო ღვთისმშობელს: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე!“ და სისხლდენა მაშინვე შეწყდა.

– ეს იყო პირველი სასწაული ჩემს ცხოვრებაში, – მითხრა მამა პორფირიმ და თან დასძინა: მაგრამ მაშინ ძლიერი რწმენა მქონდა და არც ისეთი ცოდვილი ვიყავი, როგორიც ახლა ვარ…

რაოდენ დიდი იყო შენი თავმდაბლობა, მარადსახსენებელო, დაუვიწყარო მამაო!

***

ნეტარხსენებული მამა პორფირი დაიბადა 1906 წელს კუნძულ ევბეაზე, კარისტოსის რაიონის სოფელ აგიოს იოანისში. თორმეტი წლისა გაეშურა ათონის წმინდა მთაზე, სადაც შვიდი წლის განმავლობაში ასკეტურად ცხოვრობდა. როცა დაავადდა, დააბრუნეს ერში და მშობლიური სოფლის მახლობლად მდებარე წმ. ხარლამპის მონასტერში გააგზავნეს. იქ მან გაიცნო სინას არქიეპისკოპოსი პორფირი III, რომელმაც, როცა დარწმუნდა, რომ ამ ღვთისმოშიშებით მცხოვრებ ყმაწვილზე უფალმა თავისი მადლი გარდამოავლინა, მან მღვდლად დაასხა ხელი. ამ ხარისხში მამა პორფირი ევბეას ბევრ მონასტერში მოღვაწეობდა. 1940 წელს ის ათენში გადაიყვანეს და თანხმობის მოედნის მახლობლად მდებარე პოლიკლინიკასთან არსებული წმ. გერასიმეს ტაძრის მღვდლად დანიშნეს.

აქ მამა პორფირიმ ოცდაცამეტი წელი დაჰყო. პენსიაზე გასვლის შემდეგ კი 1978 წლამდე განაგრძო მსახურება და აღსარებათა მიღება პენდელის რაიონში მდებარე წმ. მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. ინფარქტის შემდეგ რამდენიმე თვე იცხოვრა თავის მეგობრებთან ათენში. ხოლო 1979 წელს დასახლდა მილესის რაიონში, სადაც ააგო დიდი მეტოქიონი უფლის ფერისცვალების ტაძრით.

1991 წლის დასაწყისში მამა პორფირი ათონზე გაემგზავრა, სადაც მისთვის სენაკი 1984 წლიდან იყო გამზადებული. 1991 წლის 2 დეკემბერს ნეტარმა ბერმა თავის სენაკში, კავსოკალივიის სკიტში მიაბარა სული უფალს. ის იქვე დაკრძალეს უბრალოდ, ყოველგვარი პატივის გარეშე, როგორც თავად სურდა.
– See more at: http://www.orthodoxy.ge/biografiebi/porfiri/porfiri.htm#sthash.Sh1WYoTT.dpuf

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები