მთავარიქრისტიანობა"ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა"

“ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა”

პირველი ნეტარება – განმარტება

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

წმიდა წერილში ბევრი მცნება გვაქვს, რომელთაგან განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ ძველი აღთქმის ათ მცნებასა და ახალი აღთქმის ცხრა ნეტარებას. ათი მცნების შესახებ მეტ-ნაკლები წარმოდგენა გვაქვს, თუმცა სრულად არც მის შესახებ ვფლობთ ამომწურავ ცოდნას. მაცხოვრის ხატი უმეტესობა ვერც კი ჩამოვთვლით ათივე მცნებას. ხოლო ცხრა ნეტარების მცნებები კიდევ უფრო შორს დგას ჩვენგან, რადგან ხშირ შემთხვევაში მათზე ელემენტარული წარმოდგენაც კი არ გაგვაჩნია. ამიტომ საჭირო და აუცილებელია, რომ ნეტარების ყოველ მუხლზე დაწვრილებით ვისაუბროთ, რათა წარუშლელად აღიბეჭდოს ჩვენს გონებაში მათი ცოდნა.

ათი მცნება ძველ აღთქმაში იყო მოცემული. მასში ღმერთის ზნეობრივი სწავლება ჯერ კიდევ არ იყო სრულყოფილად გადმოცემული, რის გამოც ძველ აღთქმას უმეტეს წილად გარეგნული ხასიათი ჰქონდა. მართლაც ჩვენ ვნახავთ, რომ იქ უფრო მეტად ამკრძალავი მოთხოვნებია გადმოცემული, მაგალითად: არ გაიჩინო სხვა ღმერთი, არ შექმნა კერპი, არა კაცკლა, არა იმრუშო და ასე შემდეგ. თუკი ძველი აღთქმა უმეტესწილად ამკრძალავი ხასიათისაა, ახალი აღთქმა სიკეთისკენ მოწოდებით გამოირჩევა. თუკი ძველ აღთქმაში უმეტესწილად ყურადღება გარეგნულ ღვთისმსახურებაზე და მცნებების გარეგნულად აღსრულებაზეა გადატანილი, ახალი აღთქმა, პირიქით, შინაგანი ღვთისმსახურებისკენ და გულის დაცვისკენ მოგვიწოდებს.

უნდა შევეცადოთ, რომ ახალი აღთქმის მცნებებს სიღრმისეულად ჩავწვდეთ, რათა მუდმივად გარეგნულ მსახურებაში არ დავრჩეთ, არამედ გამოვეხმაუროთ ქრისტეს და შინაგანი, სულიერი მსახურება აღვასრულოთ.

ცხრა ნეტარება ცხრა სანატრელ მდგომარეობად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რადგან უფალი თითოეულ მცნებას იწყებს მოწოდებით: “ნეტარ იყვნენ…” ნეტარებაში კი ბუნებრივია იგულისხმება ღმერთთან ერთობით გამოწვეული სულიერი სიხარული და ის ამაღლებული მდგომარეობა, რომელიც ყოველი ჩვენგანისთვის სანატრელი და სანუკვარია.

დავიწყოთ ცხრა ნეტარების პირველი მუხლით: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი” (მთ. 5,3). უფალი ნეტარად მოიხსენებს მას, ვინც სულიერ სიგლახაკეს მოიპოვებს და მას ცათა სასუფეველსაც ჰპირდება.

ჩვენ სიგლახაკეს მატერიალურ გაჭირვებასთან, სიდუხჭირესთან და ზოგადად რაღაც აუცილებლის ნაკლებობასთან ვაიგივებთ. მართლაც, თუ ფიზიკური ნაკლი გვაქვს, ან მატერიალურ შეჭირვებაში ვიმყოფებით, დაგლახაკებულად ვგრძნობთ თავს. მაგრამ რას ნიშნავს სულის სიგლახაკე?! ნუთუ სულის სიგლახაკე და სიღარიბე იმას ნიშნავს, რომ ადამიანი განძარცვულია ყოველივე სულიერი სიმდიდრისგან, ანუ სათნოებისგან?! რასაკვირველია, ღმერთი ამგვარ სულიერ განძარცვულ მდგომარეობას ვერაფრით მოიწონებს; პირიქით, იგი მუდმივად სულიერი განმდიდრებისა და სრულყოფილებისკენ მოგვიწოდებს: „იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაი თქუენი ზეცათაი სრულ არს”(მთ. 5,48).
შესაბამისად, სულით სიგლახაკე განა იმას ნიშნავს, რომ კეთილი თვისებები არ გვქონდეს; თუკი ამგვარად გავიგებდით მაცხოვრის მიერ გადმოცემულ პირველ ნეტარებას, ეს დიდი უგუნურების გამოვლინება იქნებოდა ჩვენი მხრიდან. პირიქით, ჩვენ მუდმივად სათნოებათა შეძენასა და გამრავლებაზე უნდა ვფიქრობდეთ, მუდმივად იმას უნდა ვაიძულებდეთ საკუთარ თავს, რომ სულიერად განვიწმინდოთ და გავმდიდრდეთ. ხოლო სიკეთის ძიების და ჩვენში მისი დამკვიდრების სურვილის მიუხედავად, იმას მაინც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ რაიმე სიკეთითვართ მოცულნი; ანუ სულიერი მდგომარეობა იმგვარად უნდა განვკარგოთ, რომ ჩვენში არსებულ სიკეთეს ვერ ვხედავდეთ.
ჩვენ კი, უმეტესობა, სხვაგვარად ვართ განწყობილნი და პირიქით მიგვაჩნია, რომ მრავალი ღირსებით ვართ დაჯილდოებულნი. ქრისტეს არ უთქვამს: ნეტარ იყვნენ მდიდარნი სულითაო. მას არ უბრძანებია, რომ ვისაც თავი სულით მდიდარი, მრავალი სიკეთითა და სათნოებით შემკობილი ჰგონია, მათ მიანიჭებს ცათა სასუფეველს. პირიქით, იმ ადამიანებს აღუთქვა ზეციური ჯილდო, ვისაც სულიერად გლახაკად მიაჩნია საკუთარი თავი.

წმიდა წერილს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ყველა მართალი ადამიანი საკუთარი სიგლახაკის შესახებ ხმამაღლა საუბრობს. მაგალითად, წმიდა მამამთავარი აბრაამი ყოველი მორწმუნისათვის რწმენის საოცარ მაგალითს წარმოადგენს. იგი მდიდარი იყო, თუმცა, საკუთარ თავზე ასე ამბობდა: „მე მტვერი ვარ და ნაცარი”(შეს. 18,27). მაგალითად, დავით წინასწარმეტყველი ღვთის წინაშე ამგვარად ლოცულობდა: „მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე”(ფს. 85,1). ასევე, სხვა ფსალმუნში იგი ამბობს:
„ხოლო მე მატლ ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შე- ურაცხ ერისა”(ფს. 21,7). იგივე სულისკვეთება გვხვდება ახალ აღთქმაშიც, სადაც წმიდა პავლე მოციქული საკუთარ თავს მოციქულად წოდების ღირსად არ მიიიჩნევს: „რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთა, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად”(1 კორ. 15,9).

წმიდა წერილის სულისკვეთებით, ბუნებრივია, წმიდა მამათა ცხოვრება და შემოქმედებაა განმსჭვალული. ღვთის რჩეულები საკუთარი სათნოებების, სიკეთისა და სულიერი სიმდიდრის წარმოჩენაზე როდი არიან მიმართულნი, პირიქით– ისინი გამუდმებით ჰკიცხავენ საკუთარ თავს და გლახაკებად მიიჩნევენ. აი, როგორია ნამდვილი ქრისტიანული სულისკვეთება. ამიტომაც, ვეცადოთ ამ ადამიანებს მივემსგავსოთ და იგივე სულისკვეთებით აღვივსოთ.

რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ გვქონდეს? ვერ ვხედავდეთ საკუთარ ღირსებებს? განა ადვილია საკუთარ თავზე იმის თქმა, რომ გლახაკი და ცოდვილი ვარ? თუმცა, ზოგჯერ სიტყვით კი ვახერხებთ ამის გამოთქმას, მაგრამ რეალური განცდა არ გაგვაჩნია.

ნეტარების პირველი მუხლის შესაბამისი სულიერი მდგომარეობის მისაღწევად საკუთარი თავის დანახვაა საჭირო. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ საკუთარ სულიერ სიგლახაკეზე, რეალური განცდის გარეშე, ეს სიტყვები სრული სიცრუე იქნება. თუკი მე ვერ ვხედავ სულიერ სიგლახაკეს, მაშინ მატყუარა გამოვდივარ. ქრისტე მრავალგზის მოგვიწოდებს, რომ სულიერი სიგლახაკე, ანუ ჩვენში არსებული ცოდვითი მიდრეკილებები და გულისთქმები უნდა ვეძიოთ;

მხოლოდდამხოლოდ ასე შევძლებთ, რომ ნელ-ნელა სულის სიგლახაკეს მივაღწიოთ. ქრისტე ამბობს: „ამინ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და იქმნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა“(მთ. 18,3). და რატომ?! იმიტომ, რომ ჩვენთან შედარებით მათ უამრავი სულიერი ღირსება აქვთ, უმანკონი, უბრალონი და ხალისიანი, ანუ სულით მდიდარნი არიან, მაგრამ თავს ამგვარად მაინც არ მიიჩნევენ. ჩვენ კი ცხოვრების განმავ- ლობაში უამრავ მანკიერებას შევიძენთ ხოლმე და თავი მაინც დიდად მოგვაქვს.

თუკი ბავშვებივით სულით მდიდარნი ვიქნებით და თავს არაფრად მივიჩნევთ, სწორედ მაშინ გავხდებით ზეციური სასუფევლის ღირსნი. ამიტომ მუდამ უნდა გვახსოვდეს წმიდა პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ხატოვნად გადმოგვცემს ამ მარტივ ჭეშმარიტებას: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არამიღებულსა?”(1 კორ. 4,7) ღმერთმა გაჩენიდან მრავალი ღირსება მოგვანიჭა. შემდგომ, ჩვენი „შრომის“ შედეგად ისინი ან გავამრავლეთ, ან დავაკნინეთ. ეს შრომის უნარიც კი ღმერთისგან გვებოძა. თუკი ყველაფერი ღმერთისგან მიღებულია.

მაშინ რაღას ვიქადით და რაღას მოგაქვს თავი, თითქოს არ გვქონდეს მიღებული.

ქრისტე, დაინახავს რა საკუთარ მოწაფეთა შორის პირველობისთვის ცილობას, შემდეგი სახის სწავლებას წარმოთქვამს:
„მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, რა რომელთა ხელმწიფებაი აქუნ მათ ზედა, ქველისმოქმედ ჰრქვიან. ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ და წინამძღუარი იგი – ვითარცა მსახური”(ლკ.22,25-26). მოციქულებს კი ეგონათ, რომ პირველობის მიღწევის სხვა შეფასება იქნებოდა, მაგრამ ქრისტემ თავისი სწავლებით მათ ბაგეები დაუდუმა.

ამდენად, სულიერი წინსვლის უმთავრესი და უპირველესი პირობა საკუთარი უღირსობის დანახვასა და შემეცნებაში მდგომარეობს. თუნდაც რაიმე განსაკუთრებულ ნიჭს ვფლობდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი უფლისგან ბოძებული წყალობის შედეგია და არა პირადი დამსახურების. საღმრთო ლიტურგიის დასასრულს ღვთისმსახური გამოდის რა ამბიონზე, პირით აღმოსავლეთისკენ მდგომი, შემდეგ ლოცვას წარმოთქვამს: „ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველივე ნიჭი სრული ზეგარდამო არს გარდამოსრულ მამისაგან ნათლისა”(იაკ. 1,17). ეს არის წმიდა წერილის სიტყვები, რითაც კიდევ ერთხელ თვალნათლივ ხაზგასმულია, რომ ყოველი სიკეთის წყარო მხოლოდ ღმერთია, ხოლო კეთილგონიერი ადამიანი ამის მიმღები და დამტევი.

ქრისტე კიდევ ერთ იგავს გვთავაზობს, რომელშიც ნათლად სჩანს, რომ ადამიანი მხოლოდ ღმერთთან ერთად ყოფნის პირობებში შეძლებს კეთილი ნაყოფის გამოღებას: „მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან გამოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფად არცა ერთი. უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი და განხმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან და დაიწუას.” (იო. 15,5-6). თუ არ იქნებით ამ ვენახზე დამყნობილი, მაშინ შრომას, მოღვაწეობას და ღირსეულ თვისებებს ფასი ეკარგება, რადგან იმას ვიჩემებთ, რაც ჩვენი არ არის; იმაზე გვაქვს პრეტენზია, რაც ღმერთისგან გვაქვს ბოძებული. ამიტომ ვეცადოთ, რომ სულის სიგლახაკისკენ მოწოდება სწორად გავიგოთ და ისე კი არ წარმოვაჩინოთ, რომ თითქოს არანაირი კეთილი საქმე არ უნდა აღვასრულოთ, ან სათნოებები არ მოვიხვეჭოთ, არამედ, პირიქით, სათნოებები და სიკეთე მოვიძიოთ, ოღონდ ეს ყოველივე უფალს მივაწეროთ. რამეთუ მაცხოვარი სიკეთის აღსრულებას მოვალეობად მიიჩნევს და არა დამსახურებად: „ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანაგუედვა ყოფად, ვყავთ”(ლკ.17,10).

როგორც ვხედავთ, წმიდა წერილი მკაფიოდ და ხაზგასმით გვასწავლის, რომ ადამიანს, მიუხედავად იმისა, თუ რა სულიერ საფეხურზე იმყოფება, სასიქადულო არაფერი გააჩნია. თუკი ღირსეულ ცხოვრებას ცდილობს და ღვთის მცნებათა ერთგული დამცველია, მაშინ ღვთისგან მართლაც დიდი წყალობა ენიჭება, თუმცა ამით ის თავისთავად კი არ ხდება უცოდველი, არამედ უფლის მადლის მფარველობის ქვეშ იმყოფება. როგორც კი საკუთარ თავს მივაწერთ სულიერ სიძლიერეს, მაშინვე ვკარგავთ ღვთის მადლსაც. ამიტომ, წმიდა მამები ხედავენ რა ღვთის განსაკუთრებულ შემწეობას, თავს უღირსად მიიჩნევენ. ამავდროულად, რაც მეტად წმიდად ცხოვრობს ადამიანი, მით მეტად ხედავს საკუთარი სულის ყოველგვარ ცოდვისმიერ გამოვლინებას, შესაბამისად, მეტად გლახაკად მიაჩნია თავი. ამის დასტურად ცხოვრებისეული მაგალითიც წარმოჩინდება: რაც მეტად ღია სამოსი გვაცვია, მით უკეთესად ჩანს ყოველგვარი ლაქა თუ ჭუჭყი მასზე. შესაბამისად, წმიდა მამათა მხრიდან სულიერი სიგლახაკის მძაფრი განცდა გაოცებას უკვე აღარ უნდა იწვევდეს ჩვენში.

ამიტომ წმიდა მამები პირველი ნეტარების განმარტებისას აღნიშნავენ, რომ სულით სიგლახაკეში თავმდაბლობა უნდა ვიგულისხმოთ. მართლაც, თავმდაბალია ის, ვინც თავს არაფრად მიიჩნევს, საკუთარ ცოდვილ და გლახაკ ბუნებას კარგად ხედავს.

სულით გლახაკ ადამიანს ქრისტე ზეციურ სასუფეველს ჰპირდება: „რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი”. ცათა სასუფეველი ქრისტესთან მარადიულ თანამყოფობას, საუკუნო სიხარულს, ნეტარებასა და ბედნიერებას გულისხმობს. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ სულით გლახაკი და თავმდაბალი- ადამიანი აქ, მიწიერ ცხოვრებაში მოაკლდება ზეციურ სასუფეველს. არა, იგი აქვე შეიგრძნობს ღვთაებრივ სიყვარულსა და მადლს, რამეთუ, როგორც ქრისტე გვასწავლის: „სასუფეველი ღმრთისა შორის თქუენსა არს”(ლკ. 17,21), ანუ სასუფეველი ჩვენს გულშია.

ეს იყო ცხრა ნეტარების პირველი მუხლი. ათი მცნებაც უნდა ვიცოდეთ, მის გარეგნულ და შინაგან დატვირთვას ადრე თუ გვიან შევეხებით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ახალი აღთქმის ეს ცხრა მცნება გავიაზროთ, რომელიც ძველი აღთქმის ათ მცნებას კი არ უარჰყოფს, პირიქით, ადამიანს მეტი სულიერი სიმაღლისკენ მოუწოდებს. ცხრა ნეტარების დანარჩენ მუხლებს შემდგომში მიმოვიხილავთ. ცხრა ნეტარება ზეპირად და გააზრებით უნდა ვიცოდეთ. ის წმიდა ლიტურგიის დროსაც იგალობება, როდესაც სახარებით გამობრძანება ხდება. ეს არის ქრისტეს საქადაგებლად გამოსვლა და ამ დროს ცხრა ნეტარების გალობა ნიშნავს იმას, რომ ქრისტემ მოგვცა ცხრა ახალი მცნება, რომელიც არის სულიერი სახელმძღვანელო.

ღმერთმა მოგვცეს სულიერი სიგლახაკე, გაგვამდიდროს ქრისტეს მადლით, ამავე დროს ეს სიმდიდრე კი არ დაგვენახოს, არამედ სულიერად გლახაკად მოგვჩვენებოდეს საკუთარი თავები!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები