მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომიდან მეშვიდე კვირას პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა კვირას აღნიშნავს.

საეკლესიო ისტორიის მიხედვით, I მსოფლიო საეკლესიო კრება ნიკეაში (ამჟამად ქალაქო იზნიკი, მდებარეობს თურქეთის ტერიტორიაზე) 325 წელს გაიმართა და მას მსოფლიო საქრისტიანოს წარმომადგენლები _ 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა, მათ შორის; – წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და სხვები. ასევე, საქართველოდან წარგზავნილი დელეგაციაც.
კრებას წმიდა მოციქულთასწორი, იმპერატორი კონსტანტინე ხელმძღვანელობდა. წმინდა მამების I მსოფლიო კრება ორ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა.
კრებამ დაგმო IV საუკუნეში ეკლესიის წიაღში წარმოქმნილი ერესი _ არიანელობა, რომელიც ალექსანდრიელი პრესვიტერის, არიოზისგან წარმოიშვა და დაადგინა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი, ასევე, 7 პუნქტისგან შემდგარი სარწმუნოებრივი მრწამსი.
არიოზის ცრუსწავლებით იესო ქრისტე მამაღმერთის თანასწორი არ იყო და უფლის ღვთაებრივ ბუნებას უარყოფდა. I მსოფლიო საეკლესიო კრებამ არიოზი ეკლესიიდან განკვეთა.
