მთავარიქრისტიანობა"პირველი მცნება ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოგვიწოდებს"

“პირველი მცნება ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოგვიწოდებს”

პირველი მცნება – მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი დიონისე გვიმრაძე:

“სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ათი მცნების მნიშვნელობაზე წინა საუბარში საკმაოდ დაწვრილებით გესაუბრეთ. აღვნიშნეთ ის, თუ რაოდენ დიდი წყალობაა ადამიანთათვის, რომ ღმერთმა უშუალოდ გადმოგვცა ათი მცნება, ის ზნეობრივი ნორმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს კაცობრიობამ შემოქმედთან და მოყვასთან მიმართებით. იღუმენი დიონისე გვიმრაძე ჩვენ ისიც ვიცით, რომ ათი მცნება ებრაელმა ხალხმა მოსეს საშუალებით მიიღო. სხვა ერებს ღვთაებრივ მცნებებთან ამგვარი მჭიდრო კავშირი არ ჰქონდათ, რამეთუ ყველა ერს თავისი ღმერთი ჰყავდა და თან არა ერთი, არამედ – მრავალი. ამიტომ ერთი ღმერთის თაყვანისმცემლები ებრაელების გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობდნენ. ქრისტეს მოვლინებისა და მისი მოძღვრების გავრცელებასთან ერთად კაცობრიობამ ერთი ღმერთის თაყვანისცემა ნელნელა შეითვისა. ქართველი ერიც პირველივე საუკუნეში, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ქადაგების საშუალებით, გაიგებს და მოისმენს ჭეშმარიტი სარწმუნოების შესახებ, თუმცა ვერ მოხერხდა მისი ბოლომდე გათავისება და მიღება. შესაბამისად, ჩვენმა წინაპრებმა მალევე დაივიწყეს ერთი ღმერთი – ყოვლადწმიდა სამება და ისევ კერპები აღმართეს.

წმიდა ნინოს შემოსვლის ჟამს, ჩვენი ქვეყნის ცენტრში – დედაქალაქ მცხეთაში წარმართული კერპები იყო აღმართული: არმაზის, გაცისა და გაიმის. ბევრ სხვა კერპსაც თაყვანისცემდნენ ჩვენი წინაპრები, მაგრამ მათგან გამორჩეული ეს სამი გახლდათ.

წმიდა ნინოს შემოსვლით და საქართველოში გამოჩენით ფაქტობრივად, სწორედ პირველი მცნების მიღება დავიწყეთ. პირველი მცნება ასე ჟღერს: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე”(გამ. 20,2- 3). აღნიშნული მცნებით უფალი ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ თაყვანი არ ვცეთ ცრუ ღმერთს. როგორც ავღნიშნეთ, ღმერთისგან მოსესთვის მცნებათა უწყების ჟამს, მრავალღმერთიანობა იყო გაბატონებული. ეს ღმერთები იყვნენ, მაგალითად: ციური მნათობები, სხვადასხვა ცხოველები, მითოლოგიური გმირები და ა.შ.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იქ, სადაც არ არის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემა, ბუნებრივია, იქ ვერ იარსებებს ჭეშმარიტი მოძღვრება, და სადაც არ არის ჭეშმარიტი მოძღვრება, იქ უკვე ეშმაკი ბატონობს თავისი უწმინდურობითა და უსჯულოებით. ამიტომ მთელი კაცობრიობა, უმეტეს წილად, დიდ უზნეობაში იყო გადავარდნილი. მათი „ღვთისმსახურება”, თუ შეიძლება ასე ითქვას, გამოხატული იყო სხვადასხვაგვარი ორგიებით, რიტუალებით თუ ცერემონიებით, რაც დიდ უზნეობასთან იყო დაკავშირებული.

ზუსტად ამგვარადვე ცხოვრობდა ქართველი ერიც წმიდა ნინოს შემოსვლამდე. პირველი, რაც მან აღასრულა, ის არის, რომ თავისი ლოცვით ქართველ ხალხს კერპები დაუმსხვრია და მიანიშნა, რომ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი არსებობს და არ შეიძლება სხვა ცრუ ღმერთების მსახურება.

წინა საუბარში აღვნიშნეთ, რომ ადამი უშუალოდ ესაუბრებოდა ღმერთს, ანუ შემოქმედის შესახებ დიდი ცოდნა ჰქონდა. სამოთხიდან გამოძევების შემდეგ, ნელ-ნელა ადამის შთამომავლობამ – კაცობრიობამ ერთი და ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა ფაქტიურად დაკარგა. მართალია, ადამის მიერ გადმოცემული ცოდნა მემკვიდრეობით გადაეცემოდათ თაობიდან თაობაში, მაგრამ ყველა თავისებურად აღიქვამდა ამ ინფორმაციას და ამიტომაც გაჩნდა სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებული რელიგიები. თუმცა, მრავალი ცრუ რელიგიების წარმოშობის მიუხედავად, თითოეულ ადამიანში, როგორც ღვთის ხატებასა და მსგავსებაში, წარუშლელად იყო ჩადებული უზენაესისკენ სწრაფვა. ამიტომ აუცილებელი საჭიროება შეიქმნა იმისა, რომ ღმერთს თავიდან ეუწყებინა ადამიანებისათვის ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისცემის აუცილებლობა. შესაბამისად, სინას მთაზე მოსესთვის მიცემული ათი მცნება სწორედ შემოქმედის ამგვარ განზრახვაზე მიგვანიშნებს.

პირველი ოთხი მცნება ღმერთის თაყვანისცემას ეხება, რადგან მოხდეს ადამიანთა მხრიდან შემოქმედთან დავიწყებული და დაკარგული კავშირის აღდგენა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცრუ ღმერთების მსახურებაში მაინც იყო გარკვეული ჭეშმარიტების მარცვლები შენარჩუნებული, რადგან თაობიდან თაობაზე ზეპირსიტყვიერი სახით გადმოცემული ადამისეული ცოდნა ბოლომდე უკვალოდ არ იყო წაშლილი. ამიტომ, როდესაც წმიდა ნინო საქართველოში შემოვიდა, როგორც ჩანს, ქართველი ხალხი ჭეშმარიტი ღმერთის ძიებაში იმყოფებოდა, მაგრამ ჭეშმარიტება მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ანუ არ ჰქონდათ ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ სწორი ცოდნა.

წმიდა ქალწულმა, თავისი წმიდა ცხოვრებით, სიტყვით, ლოცვითა და აღსრულებული სასწაულებით ჭეშმარიტების მაძიებელი ქართველი ხალხი შემოქმედის წიაღს და სიწმინდის მსახურებას აზიარა. წმიდა ნინო ასწავლიდა, რომ ღმერთი ერთია, კერპთაყვანისცემლობა და მრავალღმერთიანობა კი უდიდესი მკრეხელობაა, რადგან ძლიერ შეურაცხყოფს შემოქმედს.

ამდენად, პირველი მცნება ერთი ღმერთის თაყვანისცემისკენ მოგვიწოდებს. აქედან გამომდინარე, ალბათ ვფიქრობთ, რომ პირველი მცნება ნაკლებად გვეხება ჩვენ; თუმცა ასე არ არის; თუ გადავხედავთ დღევანდელობას, მარტივად აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს გარშემო უამრავი რელიგია და სხვადასხვა ქრისტიანული მიმდინარეობა არსებობს. მართალია, უმეტესი მათგანი ერთი ღმერთის თაყვანისცემით გამოირჩევა, მაგრამ თითოეული ასეთი ღმერთი ყველგან თავისებურად ასწავლის.

ქრისტიანობა, ყველა სხვა რელიგიისგან განსხვავებით, ღვთისგან გამოცხადებული მოძღვრებაა, რამეთუ თავად ღმერთის ძე კაცობრივი ბუნებით მოგვევლინა და გამოგვიცხადა ჭეშმარიტება. სხვა რელიგიებში ამგვარ ღვთაებრივ გამოცხადებას ვერ დავინახავთ, მათში ადამიანური ხელწერა თვალსაჩინოა. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

ამავე დროს, ნურც ქრისტიანულ ეკლესიათა სიმრავლე დაგვაბნევს. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ქრისტიანული ეკლესია ქრისტეს მოძღვრებაზე და ბიბლიაზეა დაფუძნებული. პირველ საუკუნეებში წმიდა წერილის სახე საბოლოოდ ჩამოყალიბდა, ანუ ეკლესიამ მიიჩნია, რომ ბიბლიას აღარც არაფერი დაემატებოდა და არც არაფერი დააკლდებოდა. პირველი საუკუნების შემდეგ კი ქრისტიანთა მთავარი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობდა, რომ უბიწოდ და შეუბღალავად დაეცვათ წმიდა წერილში გამოთქმული ჭეშმარიტება სიტყვით და საქმით.

მაგრამ ქრისტეს ეკლესიის 2000 წლოვანი ისტორიის განმავლობაში, სამწუხაროდ, ქრისტიანებს შორის ღვთის სიტყვის
– ბიბლიის, დამახინჯებულად განმმარტებლები გამოჩნდნენ; ანუ მათ მიერ თავად ტექსტი არ დამახინჯებულა, მაგრამ მასში გადმოცემული ჭეშმარიტი სწავლების სწორად გავრცელებისა და გაგების პრობლემა წარმოიშვა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როგორ გავიგოთ, რომელ ქრისტიანულ ეკლესიაშია შენარჩუნებული ჭეშმარიტი გაგება და განმარტება ქრისტეს სწავლებისა?

სწორედ აღნიშნულ კითხვაზე პასუხი თითოეულ ჩვენგანს უნდა გვქონდეს. მართალია, ჩვენ თამამად ვაცხადებთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესიაა ერთადერთი ჭეშმარიტი ქრისტიანული ეკლესია, მაგრამ უცნაური ის არის, რომ აღნიშნული შეხედულების მართებულობის მთავარ მტკიცებულებად თავად სიტყვა „მართლმადიდებლობა” მიგვაჩნია, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საკითხის გადაწყვეტის არასერიოზული მიდგომაა. ეს იმას ჰგავს, რომ ადამიანი საკუთარი სახელდებით ამტკიცებდეს თავისი პიროვნების ღირსებას. თუმცა, თავად სიტყვა „მართლმადიდებლობა” ბუნებრივია უდიდეს შინაარსს შეიცავს და ჩვენც სწორედ ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება.

სანამ მთავარ მტკიცებულებას გადმოგცემდეთ, მანამდე ყურადღება იმ საოცარ ფაქტზე უნდა გავამახვილოთ, რასაც 2000 წლოვანი მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ვხვდებით. რა ფაქტზეა საუბარი? ჩვენი ეკლესია, რაღაც საოცარი იდუმალი ძალის საშუალებით, ყოველგვარი დამახინჯებისა და ცვლილების გარეშე ახერხებს ბიბლიის განმარტებასა და ქრისტეს მოძღვრების ერთსულოვნების დაცვას; თითქოს ერთი ბაგე მეტყველებს სხვადასხვა ადამიანთა საშუალებით. სწორედ ამგვარი ერთსულოვნება მიანიშნებს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ერთი სულით – ღვთაებრივი მადლით და ღვთის ხმით ხელმძღვანელობს, რის შესახებაც პირდაპირ მიგვითითა იესო ქრისტემ: „ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით”(იო. 14,26). ამიტომ, მართლმადიდებლობა იმიტომ გვევლინება ერთადერთ ჭეშმარიტ ქრისტიანულ ეკლესიად, რომ მასში სრულფასოვნად არის დაცული მაცხოვრისეული სწავლება. მოციქულთა დროიდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ეკლესია ხელმძღვანელობს სულიწმიდის კარნახით, რამეთუ ჯერ მოციქულები, ხოლო მათ შემდეგ მათი მემკვიდრეები – მღვდელმთავრები იწვევენ კრებებს და განიხილავენ ყველა იმ სადავო საკითხს, რაც კი ჭეშმარიტების დაცვას უქმნის საფრთხეს.

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა წერილი გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი ვიცით ღმერთის შესახებ; იგი ხომ უხილავია. მაგრამ რაც მან გამოგვიცხადა, ამის შეცნობა, შესწავლა შესაძლებელია. განა შეისწავლის ბავშვი რთულ ფილოსოფიურ მოძღვრებას, როდესაც ზრდასრულ ადამიანებს უჭირთ ამის აღსრულება?! სწორედ ამ პრინციპით, ღმერთმა თავის შესახებ იმდენი ცოდნა მოგვანიჭა, რამდენის დატევნაც შესაძლებელია ჩვენთვის. ამიტომ უფლისგან ნაუწყები სწავლება სიღრმისეულად და გულდასმით უნდა შევისწავლოთ.

თუ ჩვენ ღმერთის სიტყვას და მცნებებს არ დავიცავთ, მაშინ, ბუნებრივია, ჭეშმარიტი ღმერთის უარმყოფელნი და ცრუ ღმერთის თაყვანისმცემლები ვხდებით. რატომ? ამაზე მარტივად შეგვიძლია გავცეთ პასუხი: ვინც სამოქალაქო კოდექსის თუნდაც ერთ კანონს დაარღვევს, ის დამნაშავეა და მას სასჯელი ეკისრება. ასევეა ღვთაებრივი კანონმდებლობის შემთხვევაშიც; ვინც ღმერთის თუნდაც ერთ სწავლებას არღვევს და ამის შესახებ სხვასაც ასწავლის, ამით ის უკვე ბღალავს ჭეშმარიტებას და პირველ მცნებასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. პირველი მცნების მიხედვით, არამარტო მრავალღმერთიანობაა აკრძალული და უარყოფილი, არამედ ერთი ღმერთის შესახებ ცრუ სწავლების გავრცელებაც.

ამდენად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული მცნების მნიშვნელობის კარგად გათავისებას, რომ არ აღმოვჩნდეთ ჭეშმარიტებისაგან განდგომილ გზაზე.

პირველი მცნება ნათლად გვასწავლის, რომ თაყვანი უნდა ვსცეთ ერთარსება ღმერთს. მხოლოდ მას უნდა შევასხათ ყოველგვარი ხოტბა და დიდებისმეტყველება, აღვუვლინოთ სამადლობელი და მისგან უნდა გამოვითხოვოთ წყალობა. ამავე დროს, არ უნდა დავუშვათ ის აზრი, რომ თითქოს შეიძლება კიდევ არსებობდეს სხვა ღმერთი და შემოქმედი.

ჩვენს ტაძარში სვანები მრავლად ხართ წარმოდგენილი. თქვენ ბევრი შესანიშნავი ტრადიცია გაქვთ; მათ შორის ქართული სუფრის თქვენეული გამოხატულება, რომლის მიხედვითაც პირველი სამი სადღეგრძელო და სადიდებელი მკაცრად არის განწესებული ღმერთის, მთავარანგელოზისა და წმიდა გიორგის სახელზე.

მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ზოგჯერ არ ვიცით, ვინ არის მთავარანგელოზი, ან წმიდა გიორგი, და ამის გამო შეიძლება ისინი ღმერთსაც გავუტოლოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ წმიდანებს პატივს მივაგებთ არა იმიტომ, რომ ისინი ღმერთნი არიან, არამედ – მათი ღმერთთან ახლოს მყოფობის გამო. ამ მარტივი ჭეშმარიტების უკეთ შეცნობის მიზნით მაგალითი განვიხილოთ: ვთქვათ, დახმარებისათვის ძალაუფლების მქონე და საპატიო პიროვნებასთან დაკავშირება გვსურს. ასეთ შემთხვევაში ისეთ პიროვნებას მოვიძიებთ, ვინც შუამდგომლობას გაგვიწევს მასთან, როგორც მეფის კარზე მსახურებთა საშუალებით აწვდიდნენ ხმას. იგივეა შემოქმედთან მიმართებაშიც; წმიდანები გამორჩეული ადამიანები არიან და ღმერთთან ახლოს მყოფობენ. ჩვენ მათ არ ვთხოვთ შეწყალებას, ეს მათ ხელმწიფებას აღემატება, არამედ მათგან ღმერთთან შუამდგომლობას და მეოხებას ველით, რამეთუ მათი ლოცვა და რწმენა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი.

წმიდანებმა საკუთარ თავში ვნება აღმოფხვრეს, განიწმინდნენ, ღვთის მადლით შეიმოსნენ და ღმერთის სამეუფოში საპატიო ადგილი დაიმკვიდრეს. ამიტომ აქვს მათ ლოცვას განსაკუთრებული ძალა და ამიტომაც ვადიდებთ წმინდანებს და ამიტომ გვიხარია დღევანდელი დღეც, რამეთუ ვიცით, რომ წმიდა ნინოს სახით ქართველ ხალხს ჰყავს დიდი მეოხი, შუამდგომელი, რომელიც მუდმივად ლოცულობს ჩვენთვის. შესაბამისად, წმიდანთა თაყვანისცემა ღმერთის თაყვანისცემამდე ამყვანებელია და არაფრით არ ეწინააღმდეგება ღმერთის პირველ მცნებას.

ამრიგად, საღმრთო სჯულის უმთავრესი ათი მცნებიდან პირველი მცნება ერთი ღმერთის თაყვანისცემას გვიწესებს. შესაბამისად, გვიცავს მრავალღმერთიანობისგან, კერპთაყვანისცემლობისგან და ყოველგვარი ცრუ სწავლების, რელიგიისა თუ იდეოლოგიისაგან. პირველი მცნება ჭეშმარიტების გამოძიებისა და შეცნობისკენ მოგვიწოდებს, რამეთუ სხვაგვარად ვერ მოვახერხებთ თავის დაცვას მრავალგვარი ცრუ სწავლებისგან.

ღმერთმა გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენთან არს ღმერთი!”

დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი,
იღუმენი დიონისე გვიმრაძე

1 COMMENT

  1. могесалмебит. ме мквиа ника. вар кристиани. мтамс Тминда самебис. Мама Гмертис, Дзе гмертис да Сулитминдис. Мтамс ром Иесо кристе мовида дедамитазе гмерт кацад. гаиара уцодвели цховреба. аиго мтели кацобриобис цодва. да гаекра джварзе.
    дзалиан мометона пирвел мцнебастан дакавширебит моцемули терили. маквс рамодениме китхва да ту шеидзлеба ром гамарквиот. пирвел мцнебис ганмартеба мометона, имитом мец асе мтамс, да асе вцховроб. Тминда самебис гарда аравис вакенеб тин. пативс вцем квела тминданс. маграм ар вцем такванс, арц шуамдгомлобас втхов. гарда им дебиса да дзмебиса ромлебиц гаршемо мкавс моцикули Иакобис терилис сафудзвелзе. Иакооби 5:12-20. ме мджеравс ром квела тминда ехла уфалтан ариан. ар втхов шуамдгомлобас имитом, ром мацховари уфали Иесо цоцхалиа. мджерав ром уфали мовида дедамитазе, рата чеми да мтели кацобриобис цодва аего да джварзе миелурсма. мтамс ром Ис гахда гмертса да кацта шорис шуамавали. дгес уфали цоцхалиа. мацховари дгес исменс чемс лоцвас. мацховарс вукварварт. да родесац уфали амаглда моцикулебс Нугешисмцемели моувлина.
    моцикули Иакобис терилши 5 тавис 12-20 мухлебши дзалзе мнишвнеловани рам териа. ак лапаракиа ертманетзе лоцвазе, зетисцхебазе, ертманетис тинаше цодвебис агиаребазе да митевебазе.

    1. маинтересебс пирвел ригши сахахебидан да асеве тминда мамебис нашромебидан инфромациа шуамдгомлобис шесахеб.
    2. ту шеидзлеба гамарквиет шуамдгомлоба, тминданебтан, ромлебиц гардацлвилелеби ариан. маинтересебс амазе рас гвеубнеба сахареба да нашромеби тминда мамебиса.
    гихдид дид бодишс шетухебиствис. ту арасторед могмартет мапатиет.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები