12 ივლისს, პეტრე-პავლობის დღესასწაულზე მრევლს ქადაგებით მიმართა მეუფე შიომ და მან მრევლს პატრიარქის მილოცვა გადასცა.

“თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის და აღმავლობის ყველაზე მძლავრი ლოდი და დიდი წინამძღოლი სწორედ საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი გახლავთ. მისი სამოციქულო მოღვაწეობა ჩანს ყოველ წელს და დღეს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია, თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი და დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა”,- განაცხადა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ მოციქულების პეტრესა და პავლეს ღვაწლზე ისაუბრა.
“ვალდებულები ვართ, სამოციქულო ღვაწლი აღვასრულოთ. ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი. არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიერ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას და მხოლოდ მიწიურ პრაგმატიზმს, ეს არაა ქრისტიანული. არამედ უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორისაც უპირატესი თავგანწირული სიყვარულია. თუ ჩვენ გვაქვს ასეთი სიყვარული, როგორც დიდ მოციქულებს ჰქოდათ, მაშინ შევძლებთ ეს გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს და ჩვენი საქმიანაობა იქნება ისეთი, როგორც ამბობს უფალი: ვაი თქვენ, ფარისეველნო, ორგულნო”,- აღნიშნა მეუფე შიომ.
