სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის 2020 წლის საახალწლო მილოცვა:

„ყველას მოგესალმებით. გილოცავთ შობა-ახალ წელს. დღეს ჩვენ ვუსურვებთ ერთმანეთს ბედნიერებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ბედნიერება ბევრად დამოკიდებულია ჩვენზე. მშობლების პატივისცემა არის ბედნიერება შვილებისთვის. „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“, – ვკითხულობთ ბიბლიაში. უფროსების პატივისცემას მოაქვს ბედნიერება უმცროსებისთვის. უნდა ვისწავლოთ მოსმენა ერთმანეთისა.
მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო რუსეთის პრეზიდენტს, ბატონ ვლადიმერ პუტინს: უნდა დამთავრდეს ოკუპაცია აფხაზეთისა და ცხინვალისა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო არის წილხვედრი ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა! ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ბედნიერებას გისურვებთ! კურთხევა უფლისა თქვენ ზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
