მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქის ქადაგება-შენდობის ლოცვა (26.02.2012)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.02.2012 | 3,755 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი , უწმიდესი და უნეტარესი ილია II

“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. დიდია უფალი და საქმენი მისნი. ადამიანის გონება ვერასდროს მისწვდება ღვთის დიდებას. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამბობს: “იყავით სრულყოფილი, ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს.” უფალო, როგორ შეგვიძლია, ვიყოთ სრულყოფილნი, ვითარცა მამა ჩვენი ზეციერი?! მაგრამ ეს მიუთითებს ყოველ ჩვენგანს, რომ ჩვენი სრულყოფა დაუსრულებელია. ყოველდღე უნდა ვაკეთოთ ის სიკეთე, რაც გუშინ და გუშინწინ არ გაგვიკეთებია. ადამიანი დგას კიბეზე, რომელიც აღმართულია ჯოჯოხეთიდან უფლის სასუფევლამდე, მაგრამ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ გარდა დგანან სხვებიც, რომლებიც მიდიან დაბლა ან მაღლა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა ერთმანეთთან და ამ ურთიერთობაში ადამიანი სცოდავს, ცუდს გაიფიქრებს ან ცუდს გააკეთებს სხვისთვის. ამას ცოდვას ვეძახით. რა არის ცოდვა?

ცოდვა – ეს არის უცხო სხეული, ხორცმეტი, კიბო და მასზე უარესი ადამიანის სულზე. როგორ უნდა მოიცილოთ ეს ხორცმეტი? თვითონ უფალი გვასწავლის: “და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა.” ilia meore უფალო, მომიტევე, როგორც მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. შევუნდობთ სხვა ადამიანებს, თუ ამ ბოროტებას გულში ვატარებთ? ეს არის მძიმე ტვირთი, რომელსაც ატარებს ის, ვინც ცუდს აკეთებს და ამასთან ერთად ამ სიმძიმეს ატარებს ისიც, ვისაც უკეთებენ ცუდს. ამიტომ უნდა მივიდეთ და ვთხოვოთ პატიება, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა პატიების თხოვნა რაღაც ჩვეულებრივი მოვლენა ხდება. თუ ადამიანი ადამიანს სთხოვს პატიებას, ეს ნიშნავს, რომ ის აღარ უნდა გაიმეოროს. განსაკუთრებით განკითხვა, ეს უმძიმესი ცოდვაა.

ღმერთო, სად არის საწყისი ცოდვისა, როგორ გავუძლოთ ამ ცოდვებს?. წმიდა მამები ამბობენ, რომ საწყისი ცოდვისა არის ადამიანის თვალი. მასში შედის საწყისი ცოდვისა. თუ ადამიანმა არ მოაცილა თვალი, ცოდვა გადადის გონებაში, შემდეგ გულში, მთელს სხეულში და უკვე გვიანია… ადამიანი ვარდება, როგორც მოცელილი ყვავილი, მაგრამ უფალი მოწყალეა, ის ხედავს თავის ქმნილებას და იცის, რა ძალაც გაგვაჩნია, მოდის ჩვენთან და გვაყენებს, იწმიდება ჩვენი სხეული, გული და სული და ისევ ვაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გზას. ამიტომ დაიწერა ეს საგალობელი – “დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო.”

ეს შენდობის დღე განსაკუთრებულია იმით, რომ სულ რამდენიმე დღეა, რაც ჩამოვედით წმიდა მიწიდან. იქ განვიბანენით მდინარე იორდანეში და ჩვენთან ერთად განიბანა მთელი საქართველო. ეს იყო რაღაც საიდუმლოებით მოცული სიახლოვე ქართველი ხალხისა და უფლისა და ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

შენდობის ეს წესი დაწესდა პირველ საუკუნეებში ეგვიპტეში. მონასტრის მამები, როცა მოვიდოდა ეს დღე, თხოულობდნენ შენდობას ერთმანეთისაგან და მიდიოდნენ უდაბნოში. იქ ატარებდნენ ამ 40 დღეს და შემდეგ ბრუნდებოდნენ მონასტერში. მიდიოდნენ აღდგომის საგალობლებით, რადგან არ იცოდნენ, დაბრუნდებოდნენ თუ არა. ასევე, დღეს ჩვენ თითქოს ვიმყოფებით უდაბნოში, ეს ქვეყანა უდაბნოა და მასზე უარესი. სადაც გაძლიერდება სული, იქ არის უდიდესი ბრძოლა, ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ამ სულიერი ბრძოლისა. უფალი გიხსნით და მოგცემთ ძალას. ეს წესი გადმოვიდა მთელ მსოფლიოში და სრულდება ყოველ წელიწადს. როგორი ადვილია ცოდვის ჩადენა და როგორი ძნელია სინანული. ხშირია შემთხვევა, როცა სინანულის დროს ვადანაშაულებთ ამა თუ იმ ადამიანს. ეს არაა სწორი. პირველი და მთავარი მიზეზი ცოდვისა შენ თვითონ ხარ. ამიტომაა, რომ ლოცვაში ვკითხულობთ: “ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა.”

დღეს ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, აწმყოს, მომავალს და ვაღიარებთ ჩვენთა ცოდვათა. ვცოდეთ წინაშე ღვთისა სიტყვით, საქმით, გონებით. უპირველეს ყოვლისა, მე ვცოდე ღვთისა და ერის წინაშე. ამიტომ, ძმანო და დანო და ჩვენო სულიერო შვილებო, შემინდეთ, მაპატიეთ ცოდვანი ჩემნი.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი