13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობაპატრიარქის დარიგება თავის ნათლულებს

პატრიარქის დარიგება თავის ნათლულებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების წმიდა დღესასწაული მიულოცა (19.01.2012).

პატრიარქის ნათლული “ეს არის ღვთის დიდი წყალობა. ამ ბავშვებიდან თითქმის არც ერთი არ უნდა დაბადებულიყო. ღვთის მადლით, უფალმა შთაგვაგონა, გადაგვერჩინა ჩვენი შვილები”- აღნიშნა უწმიდესმა.

პატრიარქმა თავის ნათლულებს და მათ ახლობლებს დარიგებით მიმართა. ტექსტი არქიდიაკონმა დემეტრემ წაიკითხა:

ჩემს ღვთივკურთხეულ ნათლულებს წყალობა ღვთისა, მშვიდობა და დღეგრძელობა არ მოგკლებოდეთ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა.

სახელისა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, ამინ!

ფსალმუნში ვკითხულობთ: “და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა”. ღვთის განგებით შენ ხარ ნათლული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის. ეს არის ნება ღვთისა, რომელიც პატივთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც გაკისრებს. ხომ გინდა რომ იყო ბედნიერი და დღეგრძელი, გახდი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგული შვილი და დაიცავი უფლის მცნებები.
მაცხოვარი ბრძანებს: “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა,” – აი, ერთ-ერთი გზა ბედნიერებისაკენ. მაშ, გიყვარდეს მშობლები შენი, დაემორჩილე და პატივი ეცი მათ. ყოველდღე სთხოვე დალოცვა და ემთხიე ხელზე და მათი სახით შენ მიიღებ კურთხევას ღვთისას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შენ უნდა შეიცნო თავი შენი. ყოველდღე უნდა სთესო სიკეთე და ერიდო ბოროტებას.

გახსოვდეს, რომ არის მომაკვიდინებელი ცოდვები: ამპარტავნება, ანგარება, სიძვა, მრისხანება, ნაყროვანება, შური, სასოწარკვეთა, რომელთა დაძველაც შეიძლება სიმდაბლით, მოწყალებით, უმანკოებით, სიმშვიდით, მარხვით, სიყვარულითა და სასოებით.

ერიდე ნარკომანიას, ლოთობას, მრუშობას და იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრებით. ვინც ბოროტებას გიკეთებს, უპასუხე სიკეთით და მრავალი ცოდვა შენი აღიხოცება. იცოდე, ბოროტება არ განიკურნება ბოროტებით, არამედ – სიკეთითა და სიყვარულით.
გიყვარდეს შენი სამშობლო – საქართველო. გიყვარდეს და დაიცავი ჩვენი ეროვნული, სულიერი და მატერიალური ფასეულობანი. ისწავლე გარჩევა იმისა, თუ რა არის სასარგებლო შენი სულისთვის, შენი ახლობლებისთვის, შენი ქვეყნისთვის.

ხშირად იკითხე ბიბლია, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა. იკითხე ისტორიული და ფილოსოფიური წიგნები. კითხვა შენს აზროვნებას უფრო გააღრმავებს და გაგიადვილებს სიძნელეების გადალახვას, რთულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების მიღებას.
არ უნდა გაგიტაცოს უცხო ქვეყნის ფსევდო – კულტურამ, მაგრამ არც ვიწრო ჩარჩოებში ჩაკეტვა ვარგა. ისწავლე სხვისი კეთილი გამოცდილების დაფასება და გამოყენება, იქონიე მოსმენის კულტურა, ნუ იქნები ზედმეტად ლიბერალი, ან უხეში ფანატიკოსი. ნურც კატეგორიულად მოაზროვნე, არამედ აირჩიე ოქროს შუალედი.

კარგად დაეუფლე ქართულ ენას, შეიცანი მისი სიღმე და მშვენიერება. შემოიარე შენი სამშობლო, გაეცანი ჩვენს ადათ-წესებს, ჩვენს კულტურას და უფრო კარგად შეიგრძნობ შენს ფესვებს.

შექმენი ქრისტიანული ოჯახი და იყოლიე იმდენი შვილი, რამდენსაც უფალი მოგცემს და იზრუნე, რომ ისინი აღიზარდონ სადიდებლად ღმრთისა და მამულისა.

უნდა იცოდე რომ შენი სამშობლო – საქართველო წილხვედია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა, რომ მცხეთაში, სვეტოცხოვლის წმიდა ტაძარში არის დაკრძალული ხალენი წმიდა ელია წინასწარმეტყველისა და კვართი უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. საქართველოში ბრძანდება ასევე კვართი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა. რომ საქართველოში პირველად იქადაგა წმიდა ანდრია პირველწოდებულმა და წმიდა მოციქულები სვიმონ კანანელი და მატათა საქართველოში განისვენებენ. რომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა ჩვენთან უკვე მე-4 საუკუნის დასაწყისში გამოცხადდა, მოციქულთა სწორის წმიდა ნინოს ღვაწლითა და წმიდა მეფე-დედოფალ მირიანისა და ნანა შეწევნით. რომ 2 000 წლოვანია ჩვენი ეკლესიის ისტორია და ამდენივე წელს ითვლის ჩვენი უპირველესი ტაძრის, სვეტიცხოვლისა.

მუდამ გახსოვდეს, სიტყვები უფლისა და მაცხოვრისა ჩვენისა ისეო ქრისტესი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება და ისიც, რომ ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი და მდაბალთ მიანიჭებს მადლს. ხშირად იარე ეკლესიაში, უთხარი მოძღვარს აღსარება და მიიღე წმიდა ზიარება. შეინახე მარხვა, რადგან მარხვითა და ლოცვით განიდევნება განიდევნება ბოროტი. ყოველდღე შეასრულე შვიდგზის და დასაწყისი ლოცვები. საერთოდ, ლოცვა არის უფალთან საუბარი და იგი დაგაკავშირებს ღმერთთან. ლოცვისას შემოქმედს შეავედრე მამული და მოიხსენიე საქართველოს მეფენი და დედოფალნი, კათოლიკოს-პატრიარქნი, ყოველნი შენი წინაპარნი და ახლობლენი. სანაცვლოდ შენი მამა-პაპანი დაგლოცავენ და დაგეხმარებიან შენ.

იცოდე, მიწიერი ჩვენი ყოფა არის გამოცდა და მომზადება მარადიული ცხოვრებისათვის. ამიტომაც ნუ იქნები მიჯაჭვული მიწერ, წარმავალ, მატერიალურ ღირებულებებზე. შენ უნდა გააცნობიერო, რომ ხარ ღვთის შვილი და უნდა შეიყვარო უფალი მთელი შენი გულითა და შენი სულით და გონებით, შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.

ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს!

შენს თავს, შენს მშობლებსა და და-ძმებს, ოჯახს ვაბარებ მაცხოვარს და ვავედრებ ყოვლადწმიდა ღვთისშობელ დედას. მე ვლოცულობ შენთვის, შენ ილოცე ჩემთვის და მე შეგეწევი შენ, ორთავე სოფელსა შინა!

შენი ნათლია ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

ილია მეორის თქმით, ეს დარიგება დაიბეჭდება და თითოეულ ნათლულს დაურიგდება, რათა ახსოვდეთ მათ, რას ნიშნავს ნათლობა და რამდენად მნიშვნელოვანია ამ საუდუმლოს შესრულება.

შეგახსენებთ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, 3 წლის წინათ, ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გამოვიდა ინიციატივით, რომ ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და შემდეგ შვილებს თავად მონათლავდა.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკვე 10 400-მდე ბავშვის ნათლიაა.

დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?

ფოტორეპორტაჟი – საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში (29.09.2011)

ფოტორეპორტაჟი – საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში (13.07.2011)

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები