მთავარი » ქრისტიანობა

პატრიარქი წუხილს გამოთქვამს, რომ უმძიმესი ცოდვები არ იგმობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.01.2015 | 2,749 ნახვა

“გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. პატრიარქი სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა.

დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.

საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ.

ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული “ახალი აზროვნებისა” და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, – დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში.
წმინდა ილია მართალი წერს:

“ქართველებისთვის “დედა” მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც “დედა-ენას” ეძახის, უფროს ქალაქს, -“დედა-ქალაქს,” – მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, – “დედა-ბოძს,” უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, “დედა-ბურჯს, სამთავრო აზრს, – “დედა-აზრს,” გუთნის განმგებელი მამაკაცს კი – “გუთნის-დედას”. რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა!”

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმომქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა.

ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება,” -ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში (2015წ.).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი