19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაპატრიარქი პასუხისმგებლობის შესახებ

პატრიარქი პასუხისმგებლობის შესახებ

“ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემომქმედის –ილია მეორე უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.

ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა.
რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერსსამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას. რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, – მაგ. 100000 მოწამის.

თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.

გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.
ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.

დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -“ბედნიერი ერი” – ნათლად დაგვანახა.

ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.

უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია.ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის.და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.

სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და `მეს~ პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.

ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს. რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს.

რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს. რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.

ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.

არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ,” – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II; საშობაო ეპისტოლე (07.01.2013).

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები