მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

“პატრიარქი ჩემი ნამუშევრების თანაავტორია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.04.2011 | 3,959 ნახვა

მის მიერ შექმნილი იდენტური შანდალი მხოლოდ ერთ ეკლესიაში შეიძლება ნახოთ. ეს მისი მუშაობის ერთ-ერთი პრინციპია. ყოველთვის ახლის ძიებაშია. ნიკოლოზ ბერიანიძე ამ ეტაპზე შანდალ-ამბიონის შექმნაზე მუშაობს, რომელიც სამთავროს დედათა მონასტერში, მირიან მეფის მიერ აგებულ ეკლესიაში უნდა დაიდგას.ნიკოლოზ ბერიანიძე მისი გაკეთება კი სამთავროს მონასტრის წინამძღვრის, დედა ქეთევანის გადაწყვეტილებით დაიწყო. ტაძრის ტერიტორიის სიმცირის გამო აუცილებელი გახდა აქ დეკორატიული ტიხარი შექმნილიყო. შანდალ-ამბიონი კი ორ ფუქციას შეასრულებს: ის საკურთხეველსაც გამოყოფს და მლოცველებს მასზე სანთლის დანთებაც შეეძლებათ, ლამაზიც იქნება და ტაძარსაც მოუხდება.

მართლმადიდებლური ფილმების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალზე “წმინდა ანდრიას ჯვარი” მის შემოქმედებაზე გადაღებულ ფილმს ეკრანული გმირის გამარჯვება ხვდა წილად.

მხატვარ ნიკოლოზ ბერიანიძეს, რომელიც საეკლესიო შანდლების გარდა ეკლესიისათვის საჭირო სხვა ნივთებსაც, მათ შორის, ეკლესიის კარებს, გუმბათის ჯვრებს და ა.შ. ამზადებს, “ამბიონი” საკუთარი შემოქმედების შესახებ გაესაუბრა.

ნიკოლოზ ბერიანიძე (მხატვარი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი): “სამხატვრო აკადემიის დამთავრებისას ჩემი სადიპლომო ნამუშევრის თემას საეკლესიო შანდლის შექმნა წარმოადგენდა, რაც დიდ შრომას, დროსა და ხარჯებს მოითხოვდა. ამასთან, ეს ათეიზმის პერიოდი გახლდათ და ცხადია, საეკლესიო ნივთების გაკეთება პოპულარული არ იყო. პირიქით, შეიძლება მომავალში ადამიანის კარიერისთვისაც კი შეეშალა ხელი.

მიუხედავად ამ გარემოებებისა, დავიწყე მასზე მუშაობა… ნაშრომმა დიდი მოწონება დაიმსახურა და აკადემიის არქივში ცნობილი მხატვრების ნამუშევრების გვერდით დაიდო ბინა. საეკლესიო შანდალს უყურებდნენ, როგორც ხელოვნების ნიმუშს და არა როგორც საეკლესიო ,,ატრიბუტს’’, რომელიც ეკლესიაში უნდა ყოფილიყო და თავისი ფუნქცია შეესრულებინა.

ცუდის გარდა გასულმა წლებმა ბევრი კარგიც მოგვიტანა. ხალხი მასობრივად შემობრუნდა ეკლესიისკენ. არქივიდან გამოტანილი ჩემი შანდალი სამების საკათედრო ტაძარსა და პირადად უწმიდესს მივუძღვენი, რომელიც ახლაც საკურთხეველშია”.

როგორ ხდება სიახლის შეტანა თქვენს ნამუშევრებში და როგორ იღებს მას საზოგადოება?

ვეცნობი ლიტერატურას ორნამენტების შესახებ, პირადად ვაკვირდები ეკლესიებზე არსებულ გამოსახულებებს, ჩუქურთმებს… რომ ჩემს შემოქმედებაში გამოვიყენო ქართული და არა – ევროპული ელემენტები.

სტუდენტობის დროიდანვე მინდოდა ტრადიციების შესწავლა, მათი შენარჩუნება და ამ ტრადიციებზე ახლის დაშენება. თუმცა რასაც ჰქვია ქართული საეკლესიო შანდალი, აღმოჩნდა, ასეთი რამ არ არსებობდა. ქართულ ეკლესიებში მხოლოდ რუსული გავლენით შემოსული იაფფასიანი შანდლები იყო წარმოდგენილი. ხალხის თვალში როგორც კი ქართული ელემენტებითა და ორნამენტებით შემკული გამოჩნდა, შესაბამისად, მომწონებლებთან ერთად კრიტიკოსებიც გამოუჩდა ჩემს ნამუშევრებს. მუშაობის პროცესში იცვლება, იხვეწება ნამუშევარი. მხატვრების ნაწილი ესკიზითა და მოდელის შექმნით შემოიფარგლება, რომელიც მერე გადაეცემა ყალიბის ამღებს, ჩამომსხმელს… ასე გაივლის ნაშრომი სხვადასხვა შემსრულებელთა დერეფანს, რასაც არ ვეთანხმები. მხატვარი ბოლომდე უნდა გაჰყვეს თავის ნამუშევარს. პირადად შემაქვს ნამუშევარი ეკლესიაში და მხოლოდ მაშინ ვისვენებ.

ბატონო ნიკოლოზ, როგორია თქვენი და პატრიარქის ურთიერთობა?

საეკლესიო შანდალიუწმიდესთან შაბათს ლოცვის დროს მივდივარ-ხოლმე. საკურთხეველში შესულს როგორც კი დამინახავს ესკიზებით ხელში, უხარია და რაღაც ახალს ელის. დიდი ყურადღებით ათვალიერებს ყველა დეტალს. მირჩევს, რა შევცალოთ, გადავაადგილოთ. უწმიდესი ჩემი ნამუშევრების თანაავტორია.

პატრიარქთან რამდენიმე ესკიზი მიმაქვს. ამ ესკიზებიდან ერთერთს ირჩევს და მაძლევს კურთხევას მის შესასრულებლად. ზოგჯერ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ დამთხვევია. უწმიდესს ის ესკიზი არ მოსწონებია, რომელიც მე მომწონდა. შემდგომში, როცა პატრიარქის მიერ მოწონებული ესკიზი რეალობად მიქცევია, აღმომიჩენია, რომ ვცდებოდი. უწმიდესი ხომ ერთი შეხედვით ხედავს ესკიზში, ბრინჯაოში უკვე დასრულებულ ნამუშევარს. მე კი თვალი უნდა დავასვენო და კიდევ ახალი და ახალი კუთხით შევხედო შესაქმელ პროექტს.

თითოეული ნამუშევრის შექმნას სულ მცირე 3 თვე დაძაბული, ყოველდღიური მუშაობა და დამხმარეები სჭირდება. სამების საკათედრო ტაძრის გახსნამდე 15 დღე იყო დარჩენილი. არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც შვიდტოტას გაკეთებას შეძლებდა. ვერც წარმომედგინა, ასეთ მცირე დროში თუ შევძლებდი სარიტუალო შანდლის, შვიდტოტას გაკეთებას, რომელსაც განსაკუთრებული ფუნქციები აკისრია. ის უნდა ყოფილიყო ტაძრის შესაფერისი და მოსწონებოდა პატრიარქს. რაც საკმაოდ რთული იყო. უფლის ნებით და ჩემი მონდომებით შვიდტოტა იმ დღიდან საკურთხეველშია.

ერთხელ პატრიარქის მოწონებული ესკიზის მიხედვით შანდალი გავაკეთე, დიდი სიხარულით შეჰყურებდა მას. გაირკვა, რომ უწმიდესი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდა რუსეთის აწგარდაცვლილი პატრიარქისთვის ორიგინალური საჩუქრის გაგზავნას. სწორედ ჩემი შანდალი მოიწონა უნეტარესმა, რომელიც საგანგებოდ შეიფუთა და რუსეთში გაიგზავნა.

ადრე პატრიარქმა მთხოვა, სამების ტაძრისთვის ამბიონი გამეკეთებინა. დავხატე 3 სხვადასხვა სტილის ესკიზი და სამივე მომიწონა, მაგრამ დაუფინანსებლობის გამო ამის განხორციელება ვერ მოხერხდა. სამების ამბიონი 22 მეტრია და საკმაოდ დიდ თანხებს მოითხოვდა. ამ ესკიზიდან პატარა ფრაგმენტი ამოვიღე და მაყვლოვანისთვის ვაკეთებ.

რა არის საჭირო კარგი მხატვრობისთვის და რა ვითარებაა ამ მხრივ სამხატვრო აკადემიაში?

აკადემიაში ცუდი მდგომარეობაა. განვიცდით სტუდენტების ნაკლებობას, რაც არც ჩემს დროს და არც შემდეგ არ ხდებოდა. არიან კარგი პედაგოგები, ასწავლიან კიდეც. საერთაშორისო სტანდარტებს თუ შევადარებთ, სწავლის საფასურიც დაბალია, მაგრამ ჩვენთან ცხოვრების დონეა ისეთი, რომ ამ თანხის გადახდაც არ ხელეწიფება ჩვენს ახალგაზრდობას.

სულით უნდა გიყვარდეს შენი საქმე და სულით უნდა იყო მხატვარი. ჩემი საქმიანობა რთულ დროს დავიწყე. როცა შიმშილია და ადამიანს შია, ლამაზ ინტერიერსა და მხატვრობაზე ნაკლებად ფიქრობს. მხოლოდ ხორციელის დაკმაყოფილების შემდეგ ხდება მხატვრის საჭიროება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ამპლუა არ შემიცვლია. მართალია, ლოდინში ბევრი დრო დავკარგე, მაგრამ მაინც რაღაც მოვახერხე. ბევრს უსწავლია ამ პროფესიის განხრით, მაგრამ დღეს სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს. ახსოვს, რომ მხოლოდ ახალგაზრდობაში ეკავა ხელში ფანქარი. ძლიერი უნდა იყო, რომ ბოლომდე გაიტანო და არ უღალატო მხატვრობას.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი