მთავარიქრისტიანობაპატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა

პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა

თავშესაფარი“პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა”. ეს უფლისაგან ბოძებული 10 მცნებიდან მეხუთე მცნებაა, რომელიც თავის მნიშვნელობას კვლავინდებურად ინარჩუნებს. შვილები მშობლების მიმართ უმადურობას ხშირად გაუცნობიერებლად გამოხატავენ, რითაც ამ ქვეყანაზე მათთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს გულს დაუმსახურებლად ტკენენ და შესაბამისად ნაკლებადაც აფასებენ მათ. მაშინ, როცა სწორედ ათი მცნება გვასწავლის, დავაფასოთ მშობლები, უფროსი ადამიანები, რადგან ჩვენც ისევე მოგვეგება მომავალი თაობისგან, როგორც ვიქცევით. შვილების კეთილდღეობა ხომ მშობლების პატივისცემაზეა დამყარებული. თუ რას გულისხმობს და რამდენად მნიშვნელოვანია ამ მცნების დაცვა, “ამბიონი” წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურს, მამა კახაბერ შურღაიას გაესაუბრა.

მამა კახაბერი: “ჩვენი სარწმუნოება უფლისაგან ბოძებულ ათ მცნებაზეა დამყარებული. ეს არის ხერხემალი სარწმუნოებისა. მეხუთე მცნება კი ერთ-ერთი უმთავრესი მცნებაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს და აღასრულოს. ამ მცნებაშივე ჩადებულია სწავლება, რომ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს მშობლებს და ის კეთილი გვეყოს ჩვენ, თუნდაც ამ ცხოვრებაშიც.

ხშირად მშობლები ეკონომიური თუ ფიზიკური პრობლემების გამო, შვილის გაჩენაზე – უფლის ამ დიდ საჩუქარზე უარს ამბობენ. როდესაც ადამიანი ჩნდება, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალს მისთვის ყველაფერი აქვს გათვალისწინებული. მას ცათა სასუფელშიც აქვს ადგილი და დაიმკვიდრებს თუ არა ამ ადგილს, ეს უკვე ამ ადამიანზეა დამოკიდებული. ადამიანს რომ შთამომავლობა შეეძინება, მისი ცხოვრება მთლიანად იცვლება, რადგან ის ღვთის წინაშე, თუნდაც თავისი სიცოცხლისა და სულის ფასად, ვალდებულია ამ პიროვნების აღზრდაზე. მშობლებს უდიდესი გამოცდილება და ღვაწლი აქვთ შვილების მიმართ. მშობლისთვის შვილი უფლის საჩუქრია, რომელსაც უვლის, მთელ ძალ-ღონეს ახარჯავს, რათა ღირსეულ ქრისტიან, მამულიშვილ ადამიანად გაზარდოს, შვილებმა კი ეს უნდა დავაფასოთ.

როცა მშობელი ავადაა, შვილი, უდიდესი იმედი და ნუგეშია იმისა, რომ უფალს ის მარტო არ დაუტოვებია თუნდაც სიბერის ჟამს.

შვილებს, ამ მცნების შესრულება ხშირად იმის გამო უჭირთ, რომ მშობლები მათ ვერ უგებენ და პრობლემის თავიდან აცილების მიზნით ხანდაზმულ, დაუძლურებულ მშობლებს უპატრონოთა თავშესაფრებშიც კი გზავნიან, ასეთი საქციელის გამო მათ განსაცდელიც ხშირად ევლინებათ…

ტაძარში მოდიან ახალგაზრდები და ამბობენ, რომ მშობელი მათ რაიმეს უკრძალავს და ვერ ხვდებიან მიზეზს. ხშირად მითქვამს მათთვის, იქნებ შენი მშობელი ბოროტია და იმიტომ იქცევა ასე, მაგრამ დაუყოვნებლივ მეუბნებიან, რომ არ ჰყავთ ბოროტი მშობლები, რომ მშობლებს მათთვის კარგი უნდათ და იმიტომ ხდება ასე. ზოგჯერ გადამეტებული სიყვარულით მშობელსაც შეიძლება ზედმეტი მოუვიდეს, უსამართლოდაც მოექცეს შვილს, მაგრამ შვილს უნდა ახსოვდეს, რომ ეს უდიდესი სიყვარულის გამო ხდება და მშობლის გადაწყვეტილებასაც პატივი უნდა სცეს.

მშობელი შვილს კუთხეში იმიტომ კი არ აყენებს, რომ შვილის ცრემლების დანახვა სიამოვნებს, არამედ იმიტომ, რომ მას სიტყვით ვერ გაუგო და უკვე ფიზიკურად ცდილობს შეაგნებინოს თავისი დანაშაული. ეს ამ ადამიანის გამოსასაწორებლადაა მოვლენილი.

მშობლის თავშესაფარში გაგზავნა ეს არის უმადურობის გამოხატულება, რაც კაცობრიობას ზოგადად სჩვევია. უფალმა ამდენი რამ გაგვიკეთა და მაინც უმადურები ვართ და რა გასაკვირია, რომ მშობლებსაც ასე მოვექცეთ. ეს, რა თქმა უნდა, მოსაწონი არაა. ეს უდიდესი ცოდვაა, რადგან ადამიანმა, რომელმაც მთელი ცხოვრება შემოგწირა და შენ აღზრდაში დახარჯა ძალ-ღონე, რათა ღირსეულ პიროვნებად ექციე, შენ კი მას ზურგს აქცევ. გარკვეულწილად აქ მშობლის ბრალიცაა, რადგან მან შვილი არასწორად აღზარდა, ვერ ასწავლა და ბოლომდე ვერ ჩამოუყალიბა ის თვალთახედვა, რასაც ეკლესიური და ქრისტიანული ხედვა ჰქვია და ამ პრობლემამდე ხშირად ამას მივყავართ.

საერთოდ, უფალი იმ განსაცდელს გვიგზავნის ხოლმე, რომელსაც ჩვენ გამოვიწვევთ. ყოველ ცოდვას თავისი განსაცდელი მოსდევს, იმ ზომით, რა ზომითაც ჩვენ მას გადავიტანთ. ხშირად არა მსუბუქი, არამედ ცოტა მძიმე განსაცდელიც გვევლინება ცოდვის სიმძიმეც რომ ვიგრძნოთ და რომ გამოვფხიზლდეთ, თუ რატომ მოხდა ასე, რა დავაშავეთ უფლის, საკუთარი თავისა და მოყვასის წინაშე. ამაზე უნდა დავფიქრდეთ. არ არსებობს უფლისაგან მოვლენილი განსაცდელი, რომელსაც ადამიანი ვერ გადაიტანს, ეს უკვე ჩვენს სიძლიერეზეა დამოკიდებული. ესა თუ ის ავადმყოფობაც, რა თქმა უნდა, ამა თუ იმ ცოდვის გამოა მოვლენილი, მათ შორის მშობლის უპატივცემულობის გამოც.

უმთავრესად როგორ ოჯახებში დგას მწვავედ ეს პრობლემა და როგორ შეიძლება მისი მოგვარება?

ჩემი სამღვდელო პრაქტიკიდან გამომდინარე ეს პრობლემა უმთავრესად არაეკლესიურ და არამორწმუნე ოჯახებშია. იქ სადაც ღვთის შიში და უფლის სიყვარული არ არის, არანაირი სიყვარული არ არსებობს, ეშმაკი კი მათ ყოველთვის განყოფს.

ადამიანის დაქორწინების შემდეგ ოჯახი ისე უნდა გამრავლდეს, როგორ უჯრედები მრავლდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ როცა ჩვენ ცალკე ოჯახი გვექნება და ჩვენს მშობლებზე ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებულნი, მათ ნაკლები ყურადღება უნდა მივაქციოთ. პირიქით, ოდესღაც ჩვენ ვიყავით ბავშვები და ჩვენი მშობლები გვივლიდნენ და როცა მოხუცდებიან და შეიძლება ითქვას, “ბავშვდებიან”, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, როგორც ბავშვებს მათ ისე მოვუაროთ. ეს უდიდესი სიყვარულის მომენტია. მორწმუნე ადამიანის თვალით თუ შევხედავთ, ეს უდიდესი წყალობაა ღვთისაგან და საშუალება გვაქვს უდიდესი სიყვარული გამოვხატოთ ჩვენი მშობლებისადმი.

ამ პრობლემის მოგვარება სწორი აზროვნებითა და სწორი თვალთახედვითაა შესაძლებელი, რაც ეკლესიურობით მიიღწევა. ეკლესია ეს არის ხიდი და მიმართულების გზა უფლისაკენ.

როგორც უწმინდესი ამბობს ხშირად, როგორც ვექცევით ჩვენ ჩვენს მშობლებს, ისე მოგვექცევა ჩვენი შთამომავლობა ჩვენც. ხშირად გაგვიგია, მამათა და შვილთა, თაობათა შორის ბრძოლის შესახებ. ამ დროს კი არათუ ბრძოლა და უთანხმოება უნდა იყოს, პირიქით, თაობებს მიმართ ურთიერთპატივისცემა უნდა სუფევდეს.

თეონა ნოზაძე

3 COMMENTS

  1. დიდი მადლობა თეონა ასეთი საინტერესო სტატიისათვის ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს

  2. გაიხარე საინტერესო სტატიაა….უმორჩილესად გთხოვთ დამაკვალიანოთ…გარდა დედის ლოცვისა და ხვთისმშობლის დაუჯდომელის კითხვისა როგორ შემიძლია დავეხმარო შვილებს.მათგან მოშორებული?ემიგრანტობა მათგან შორს ყოფნა უმძიმესი ტკივილია, მე ცოდვილს მინდა, მათ სულიერ ცხოვრებასაც დავეხმარო,- დედა შორს მყოფი…მეშინია,რომ მიწიერმა გაჭივრებამ, უმთავრესი არ დაგვაკარგინოს უფლის ძიება და პოვნის გზა!მე და ყველა მშობელს,შვილებისთვის გვინდა ამქვეყნიური სიკეთეც და სასუფეველიც…..ღმერთმა დაგლოცოთ!!!

  3. დიდება შენს სამართალს უფალო,ღმერთო გვატარე მუდამ შენს გზაზე.ქალბატონო მანანა თქვენ მინდა გითხრათ , თუ თქვენი შვილების კეთილდღეობის გულისთვის და გამოუვალი გაჭირვების გულისთვის ბრძანდებით საზღვარგარეთ,თქვენ დიდად ზრუნავთ მათზე ყველანაირად.ღმერთი შეგეწიოთ და მალე დაგაბრუნოთ სამშობლოში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები