13 ივლისი 2024, შაბათი

პატიოსნება

“თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი პატიოსნებით დაიცავი”

“უფალი იესო ქრისტე ჩვენგან ისეთ პატიოსნებას მოითხოვს, რომ მეორე ადამიანი ჩვენი ნათქვამის სიმართლეში რომ დავარწმუნოთ, ამისთვის საკმარისი, ყოველლგვარი ფიცისა და მოწმის გარეშე, მხოლოდ ჩვენი ჰო და ჩვენი არა უნდა იყოს. მაგრამ ასე შეიძლება მხოლოდ იმ კაცს ენდონ, ანანურის წმ.გიორგი რომლის პატიოსნებაც უეჭველია და კარგადაა ცნობილი ყველასათვის. ზოგიერთი ყოველ სიტყვას ფიცს ურთავს და მოწმე მოყავს, მაგრამ მაინც არ უჯერებენ, რადგან პატიოსნება აკლია. რა არის პატიოსნება? პატიოსნება ისაა, როცა კაცი ყოველთვის სიმართლით და გულწრფელად ლაპარაკობს, ყოველ აღთქმასა და პირობას აუცილებლად ასრულებს, ეშინია და რცხვენია სიცრუის თქმისა, მრუდედ და მზაკვრულად მოქცევისა, რაც მტკიცედ არ იცის, იმაში ვინმეს დარწმუნებას არ შეეცდება და რისი აღსრულებაც არ შეუძლია, იმის პირობას არ მოგცემს. მოკლედ, პატიოსნება ისაა, როცა კაცის სიტყვა და საქმე ერთია. რამ უნდა განაღვიძოს და განამტკიცოს ადამიანის გულში პატიოსნება? იმის შეგნებამ, რომ მას აქვს პატივი მინიჭებული ღმრთისაგან, უნდა ახსოვდეს საკუთარი ღირსება, თავისი ბუნების სიმაღლე და დიდება. კაცის ბუნებას შეუფასებელი ღირსება აქვს, რადგან თვით შემოქმედმა ღმერთმა მისი ცხონებისა და განათლებისათვის თვით საკუთარი ძე არ დაზოგა და რადგან უფალმა იგი თავი ღმრთებრივ ბუნებასთან შეაერთა. კაცობრივი ბუნების ასეთ სიმაღლეს კი ისე არაფერი ამდაბლებს, როგორც სიცრუე და მზაკვრობა. მეორე, რაც ჩვენში პატიოსნებას განამტკიცებს, ის აზრია, რომ პატიოსნების გარეშე კაცი არც კარგი ქრისტიანი იქნება და არც კარგი მოქალაქე, ანუ საზოგადოების წევრი. ქრისტიანობა აღსრულებაა იმ პირობისა, რომელიც ჩვენ ნათლისღების დროს ღმერთს მივეცით, სახელდობრ, რომ წმინდა, მართალი და ღმრთისა და მოყვასის მოყვარული ვიქნებოდით. ვისაც პატიოსნება არა აქვს, ის ამ პირობას ვერ აღასრულებს. ცუდი და დაუდევარი ქრისტიანი სწორედ ისაა, ვისაც ეს პირობა არ ახსოვს. ამ სოფელშიც ჩვენი ცხოვრება და მოქალაქეობა მთლიანად პატიოსნებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს ადამიანი, რომელიც ვინმესთან არ იყოს შეკრული რომელიმე პირობით, ჩვენი მოვალეობა კი სხვა არა არის რა, თუ არა ამ პირობის ასრულება – მამა-შვილობა, ძმობა, მოყვრობა, მეგობრობა, უფროს-უმცროსობა, მოძღვრობა, ვაჭრობა – ეს ყოველივე პირობის მიცემასა და აღთქმის აღსრულებაზეა დაფუძნებული. საზოგადოებაში, სადაც პატიოსნება სუფევს, ყოველი საქმე წარმატებულია, ხოლო სადაც იგი არ არის, იქ ადამიანის ცხოვრება გატანჯულია. პატიოსნება სამკაულია სამღვდელო პირისა. ჩვეულებრივ მას ასე უწოდებენ და სწერენ: პატიოსანო მამაო, და ეს იმიტომ რომ მისი უპირველესი თვისება პატიოსნება უნდა იყოს. თუ მოძღვარი პატიოსნებას მოკლებულია, ეს სამწყსოსათვის გამოუთქმელი უბედურებაა. მისი სიმრუდე და სიცრუე მრევლში საწამლავივით იმოქმედებს. პატიოსნება სჭირდება ყოველი პროფესიის ადამიანს, სახელმწიფო მოხელე იქნება იგი, შინამოსამსახურე თუ ვაჭარი. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ფიქრობს, რომ პატიოსნებით ვერაფერს მოიგებს და რომ ადამიანს პატიოსნება მრავალ ჭირსა და მწუხარებას შეამთხვევს. ასეთი შეხედულება მხოლოდ იქ სუფევს, სადაც უმეცრება და უზნეობაა. ასეც რომ იყოს და კაცს პატიოსნების დაკარგვით გამდიდრება შეეძლოს, ღირსება და პატივი ფულზე არ უნდა გაყიდოს. ამ დროს მან სახარების სწავლება უნდა გაიხსენოს: რაი სარგებელ არს კაცისა, უკუეთუ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი და სული თვისი იზღვიოს? ანუ რაი მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა? (მარკ. 8,36-37). ჩვენ ქვეყნის მცხოვრებნი თითქოს ერთობ პატივმოყვარენი ვართ, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად არ გვახსოვს, კაცმა თავისი პატივი რითი უნდა დაიცვას. კერძოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი სიცრუე, სიმრუდე, მზაკვრული და დაბალი ქცევა პატივს სრულად აგვყრის. თუ შენი თავის პატივისცემა გაქვს და გსურს პატივი სხვებმაც გცენ, პატიოსნება უნდა დაიცვა და განიმტკიცო. ადამიანისათვის ყველაზე ძვირფასი განძი პატივია, მის მოკლებას სიკვდილი უნდა ერჩივნოს. ამიტომ, თუ ადამიანობა გსურს, შენი პატივი შენი პატიოსნებით დაიცავი,” – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი.

მსგავსი სტატიები

2 COMMENTS

  1. გამიგია – პატიოსნება ადამიანის ყველაზე დიდი პოლიტიკაო ?

  2. გამიგია – პატიოსნება ადამიანის მიერ მოგონილი ყველაზე დიდი პოლიტიკააო !?……..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები