მთავარი » კულტურა

პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტები მიიღებენ მონაწილეობას

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.09.2017 | 1,193 ნახვა

16 სექტემბერს, თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებში ქართველი ექსპერტები ჩაერთვებიან.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის ხელმძღვანელობით, სამება საქართველოს დელეგაციის თურქეთში ვიზიტის დროს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ პარხლის კედლის მხატვრობის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოებში ქართველი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას და თურქ კოლეგებთან ერთად განახორციელებენ სამუშაოებს.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თურქეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და კოორდინაციით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ჩართულობით, ქართველი საექსპერტო ჯგუფი 15 სექტემბერიდან 20 სექტემბრის ჩათვლით გაემგზავრება თურქეთში (ართვინის რეგიონი, იუსუფელი), როგორც მეთოდოლოგიის გაცნობის და ზედამხედველობის ასევე სამუშაოებში უშუალო მონაწილეობის მიზნით. ჯგუფის შემადგენლობაში არიან: ნანა კუპრაშვილი, ალექსანდრე რუბაშვილი და გიორგი ნავროზაშვილი. ჯგუფს თან ახლდება თარჯიმანი ბებური გოზალიშვილი.

5-8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ დელეგაციის წევრებთან ერთად, მოინახულა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები – პარხლის, ხახულის, ოშკის, იშხნის, ოთხთას მონასტრები, ასევე კაპადოკიის მხარე. ქართველმა ექსპერტებმა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების მდგომარეობა შეაფასეს, განსაზღვრეს ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოები და მოამზადეს შესაბამისი რეკომენდაციები. მიხეილ გიორგაძემ შეხვედრა გამართა თურქ კოლეგასთან, რომლის დროსაც მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გეგმები – მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა ქართველ და თურქ ექსპერტებს შორისაც შედგა. შეხვედრის დროს, ქართულმა მხარემ კოლეგებს თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ მომზადებული რეკომენდაციები გაუზიარა.

მოკლე ინფორმაცია პარხლის შესახებ:

სამონასტრო კომპლექსი პარხალი მდებარეობს თურქეთში, ართვინის პროვინციაში, იუსუფელის რაიონში, ისტორიულ პარხალში, დაბა იუსუფელის (Yusufeli) ჩრდილო–დასავლეთით 27 კმ–ში მდებარე ისტორიულ სოფელ პარხალთან, (ალთიპარმაქ) (Altiparmak), მდ. ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხლისწყლის ხეობაში. პარხლის ეკლესია ააგო დავით III კურაპალატმა (აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე). ამ პერიოდში შატბერდის მონასტერში მოღვაწე იოანე ბერაიმ გადაწერა და პარხალს შესწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში პარხლის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხლის მოღვაწეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია გაბრიელ პატარაჲ (X-XI სს.), პარხლის ოთხთავისა და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი