მთავარი » ეკლესია-მონასტრები

პარხალი (X ს.)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.08.2011 | 4,777 ნახვა

“პარხლის ტაძარი იმსახურებს დიდ ყურადღებას და საფუძვლიან შესწავლას: ის თურქეთის საქართველოში ნანახ ტაძართა შორის ყველაზე დიდია და არქიტექტურულადაც ტოლს არ უდებს ტბეთის ტაძარს”,- გიორგი ყაზბეგი.

იოანე ნათლისმცემლის სახელზე აგებული პარხალის სამონასტრო კომპლექსი ტაოში, ართვინის ვილაიეთში, პარხლისწყლის ხეობაში მდებარეობს. მონასტერი 973 წლისთვის უკვე აგებული ჩანს. ტაძრის ქტიტორად ეპიგრაფიკული წყარო დავით კურაპალატს ასახელებს.
პარხალი
პარხლის მონასტრის ეკლესია გეგმითა და პროპორციებით უახლოვდება ოთხთა ეკლესია. ის გვიანდელი ქართული ბაზილიკების მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად არის შემორჩენილი.

ტაძარი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, რომლის სიგრძე ერთნახევარჯერ აღემატება სიგანეს. შესასვლელები განლაგებულია დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან, მათი ზომები თითქმის ერთნაირია. ტაძრის ინტერიერი ძალიან კარგად არის განათებული. კედლები და ფასადები მოპირკეთებულია კარგადთლილი ქვით, რომელიც მკაფიოდ დეკორირებულია. ოთხივე ფასადზე დომინირებს ერთი ელემენტი – თაღი. თაღები სხვადასხვა სიმაღლისაა, სიმაღლე შუისაკენ იმატებს და ცენტრალური თაღი ყველაზე მაღალი და განიერია.

პარხალში, ფასადთა ჩუქურთმა უკვე გარკვეულ როლს თამაშობს. ძეგლს ამკობს სარკმელთა სათაურები და გრეხილით მორთული ჯვრები, ცხოველთა რელიეფური გამოსახულებანი, რომლებიც საერთოდ დიდად პოპულარულია სამხრეთ საქართველოს X ს-ის საფასადო ქანდაკებაში.

პარხლის მორთულობას კიდევ ერთი განსაკუთრებული თავისებურება აქვს. შუა ნავის სიგრძივი კედელი, რომელიც აგრეთვე დეკორაციული თაღებითა და შეწყვილებული შვეული ლილვებითაა დანაწევრებული, დამატებით შემკულია საღებავით შესრულებული გამოსახულებებით – მარაოსებრი სათაურებით სარკმლებს ზემოთ, ჯვრებით, დისკოებით და სხვ… ამას გარდა, მთელი ეს კედელი აჭრელებულია საინტერესო შინაარსის წარწერებით, რომლებშიაც მოხსენებულნი არიან ის პირები, ვინც იღვაწა ტაძრის შესამკობად.

პარხალი

ეკლესიის შენობა ბოლოვდება საფეხურიანი კარნიზით. ის გადახურულია მცირე ზომის ლორფინებით.
პარხლის მონასტერი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენდა. აქ ისტორიაში ცნობილი მწიგნობრები და გადამწერები მოღვაწეობდნენ. პარხლის სამწიგნობრო კერაში იწერებოდა და აქვე იყო დაცული მნიშვნელოვანი ხელნაწერი წიგნები.

შესანიშნავმა კალიგრაფმა (“მწერალმა”) იოანე ბერაიმ შატბერდის მონასტერში გადაწერა და პარხალს შეწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია პარხლის ოთხთავის სახელით. სახარების ერთ ერთ მინაწერში ნათქვამია: “წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთივ გვირგვინოსნისა მეფეთა მეფისა.. დავით მაგისტროსისაო” (დავით კურაპალატს 973 წელს მაგისტროსის წოდება ჰქონდა).

პარხალიპარხლის მოღვაწეთაგან აღსანიშნავია გაბრიელ პატარაი (X-XI სს.), ის არის პარხლის ოთხთავის, კლარჯული მრავალთავის და პარხლის მრავალთავის გადამწერი. პარხლის ოთხთავი 260 ფურცელს შეიცავს. პარხლის მრავალთავი ჩვენამდე მოღწეულ ხელნაწერ წიგნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ვრცელია. ამ ხელნაწერში შესულია ორი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ქართული ორიგინალური ჰაგიოგრაფიული თხზულება: “შუშანიკის წამების” უძველესი ნუსხა X ს-სა და “აბო ტფილელის წამება”.

XVI საუკუნეში ოსმალებმა ისტორიულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ პარხლის ეკლესია მეჩეთად გადაკეთეს. ამან ტაძარი დანგრევას გადაარჩინა. პარხალის ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეს ალბათ იმის წყალობით, რომ აქაც მეჩეთია.

დღეს პარხალის მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით კი სამცხე–ჯავახეთისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ექვემდებარება.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი