მთავარიქრისტიანობაოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის მნიშვნელობა

ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის მნიშვნელობა

რატომ არის აუცილებელი ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის დაცვა? გვესაუბრება მღვდელი მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი):

“პირველი მცნება, რომელიც უფალმა ადამიანს მისცა, იყო მცნება მარხვის დაცვისა. მარხვა და ლოცვა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან, ჯვარი შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთშემავსებელნიც არიან. კაცობრიობის ისტორიაში არცთუ იშვიათად დგება ისეთი ეპოქა, როდესაც ადამიანს ღვთის ხმა აღარ ესმის და ის, რაც ხდება კაცობრიობის ისტორიაში, თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაშიც მეორდება. ასეთ დროს თითოეული პიროვნების აზრი, გონება საჭიროებს გაწმენდას, სიფხიზლეს, დაკვირვებას, რომ არ დავრჩეთ უფლის შეწევნის გარეშე და თუ ამ დროს უფალს არ მოვუხმობთ ლოცვით და არ განვიწმინდებით მარხვით, შეუძლებელია ადამიანმა ზეციური წყალობა დაიმსახუროს.

მარხვა სამოთხეში დაუდგინა უფალმა ადამსა და ევას, რათა მათი ბუნება მუდმივად სრულყოფილიყო, ნებისყოფა სიკეთეში განმტკიცებულიყო და ცუდისკენ მიდრეკილება ღმერთთან სიახლოვით – ლოცვითა და მარხვით განეგდოთ. ძველ აღთქმაში, განსაკუთრებული გარემოებების გამო, ისევე, როგორც ახალ აღთქმაში, ვხვდებით 40 დღიან მარხვებს. ახალი აღთქმის ისტორიაში, გარდა 40 დღიანი და სხვა მარხვებისა, დადგენილია ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა. ოთხშაბათი არის ქრისტეს გაცემის დღე, პარასკევი კი – ქრისტეს ჯვარცმის დღე. ამიტომაც ეკლესიამ მორწმუნე ადამიანს დაუდგინა ამ დღეებში მარხვის დაცვის აუცილებლობა, რათა ჩვენც არ შევიქმნათ ამ ორი დიდი ცოდვის – ქრისტეს გაცემისა და ჯვარცმის თანამონაწილენი.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ წმიდანები, მაგრამ ქრისტეს მოწოდება ღმერთთან შესახვედრად ყოველ ჩვენგანს განეკუთვნება და ჩვენც ვალდებულნი ვართ, ამ რთულ სავალ გზაზე ლოცვითა და მარხვით განვიმტკიცებდეთ სულს.”

ითვლება თუ არა მორწმუნეთა მხრიდან ცოდვად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაუცველობა?

ვინც ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვას არ ინახავს, მას გაცნობიერებული არ აქვს ეკლესიური ცხოვრების ანი და ბანი. მორწმუნე ადამიანმა კარგად იცის, რომ ამ დღეებში მარხვის დაუცველობით მონაწილე ხდება ქრისტეს გაცემისა და ჯვარცმისა. ამიტომ ოთხ ხანგრძლივ მარხვასთან ერთად უმნიშვნელოვანესია ამ ერთდღიანი მარხვების შენახვა. დიდ მარხვებს შორის დიდი შუალედია და როცა ამ ხნის განმავლობაში ადამიანი საერთოდ არ მარხულობს, მისი სულიერი ცხოვრება მიშვებულია და ემსგავსება თავაშვებულ ცხენს, რომელსაც მხედარი ჰყავს, მაგრამ ლაგამი ძლიერად არ უჭირავს ხელში. ასეთ შემთხვევაში ცხენიცა და მხედარიც შეიძლება უფსკრულში გადაიჩეხონ. ამდენად, ოთხშაბათისა და პარასკევი დღეების მარხვა მუდმივად გვაფხიზლებს და მისი დაუცველობა მორწმუნეთა მხრიდან უპასუხისმგებლობაა.

არ მეგულება მოძღვარი, რომელიც მრევლს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ცოცხალი ურთიერთობა და კავშირი გააჩნიათ ეკლესიასთან, არ ესაუბრებოდნენ ამ დღეების მნიშვნელობაზე და ამ ორი დღის – ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის უგულებელყოფას მოუწონებდნენ.

ბავშვებს ევალებათ თუ არა ამ ერთდღიანი მარხვების შენახვა?

წმიდა ნიკოლოზის შესახებ პატერიკებში წერია, რომ იგი დედის მუცლიდანვე გამორჩეული გახლდათ და პატარაობიდანვე ოთხშაბათსა და პარასკევს დედის რძის მიღებაზე უარს ამბობდა. ეს მაგალითი უნდა გავითვალისწინოთ საიმისოდ, რომ ბავშვს ყრმობის ასაკიდანვე ესაჭიროება მშობლებისაგან მიმართულების მიცემა, იქნება ეს მარხვის დაცვა თუ ღვთის მცნებების აღსრულება. მშობელმა ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში შვილში უნდა ჩადოს კეთილი მარცვალი ღმერთთან სიახლოვისათვის, რაც გამოიხატება, პირველ რიგში, მშობლის ეკლესიური ცხოვრებით.

ეკლესია 7 წლის ასაკიდან ურჩევს ბავშვს ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაცვას და თუ ის მანამდეც ხედავს მშობლების ეკლესიურ მაგალითს, ის მარხვის შენახვის წინააღმდეგი არ იქნება და თავად მიხვდება, რომ ეს ყოველივე მისი სულისათვის სასარგებლო და საჭიროა. ამ დღეებში გარკვეულ სახსნილო პროდუქტზე უარის თქმით ბავშვის ნებისყოფა იწრთობა და ბევრ ცოდვასთან საბრძოლველად მისი სულიც ძლიერდება და მტკიცდება.

12 წლიდან ბავშვს უკვე შეუძლია დაიცვას დიდი მარხვებიც, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობაც ხელს უწყობს. მოგეხსენებათ, 12 წლიდან იწყება მოზარდის ე.წ. გარდატეხის პერიოდი, როდესაც გულისთქმები და ზრახვები მატულობს, მარხვის შედეგად კი ბავშვში ცუდი მიდრეკილებები სუსტდება.

რატომ უჭირთ ადამიანებს მარხვის დაცვა?

ეკლესია სულის საკურნებლად მარხვებს გვთავაზობს. ხშირად გვიმძიმს მარხვის დაცვა და ჩვენი თავშეუკავებლობის გამო, უარს ვამბობთ მასზე. ღირსი მამა სერაფიმე საროველი გვასწავლის, რომ წყალსა და პურს ჯერ არავისთვის უწყენია და არავინ მომკვდარა არც მარხვის დაცვით. რადგან არ ვმარხულობდით, ამ მიზეზით გამოგვაძევეს სამოთხიდან და ახლა კვლავ ვსაჭიროებთ მარხვის დაცვას, რათა სამოთხეში კვლავ შევიდეთ.

ზოგს მიაჩნია, რომ მხოლოდ ხორცისა და არასამარხვო პროდუქტისგან თავშეკავებაა მარხვის დაცვა, მაგრამ ვინც ხორცს არ ჭამს და გადამეტებულად იღებს სხვა საკვებს, ასეთი მარხვაც უსარგებლოა. ვისაც არ შეუძლია, საკუთარ თავს აუკრძალოს ზედმეტი ჭამა-სმა, ის ვერ შეძლებს, წინ აღუდგეს თავისი გულის რომელიმე სურვილს ან ცოდვილ მიდრეკილებებს.

ხშირად მორწმუნე ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა სნეულება აწუხებთ, გარკვეულ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე კურთხევას ითხოვენ. ცხადია, ეკლესიისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვანია და კურთხევას ვაძლევთ არასამარხვო პროდუქტის მიღებაზე და პირველ რიგში, მარხვის დაცვაში მცნებების დაცვას ვურჩევთ. ჭეშმარიტი მარხვა არა მარტო ხორციელი საქმეა, არამედ – სულიერიც. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ ადამიანები, რომლებიც მოიკლებენ საჭმელ-სასმელს, მაგრამ არ იშლიან ცუდ საქმეებს, ემსგავსებიან ეშმაკთ, რომლებიც არაფერს ჭამენ, მაგრამ ღმერთის წინააღმდეგობას არ იშლიან.

მარხვა და მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. როცა მარხვისგან ხორცი უძლურდება, მაშინ სული უფრო თავისუფალი ხდება და ადამიანსაც შემოქმედებისა და სულიერი ცხოვრების კუთხით მეტი უნარი ეძლევა.

ეკლესიის ოცსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არ გვახსოვს, ვინმე წმიდანად შერაცხულიყოს და მას მარხვა არ შეენახოს. მარხვა სასარგებლო და მადლმოსილია იმ შემთხვევაში, თუ გულში მწუხარებას, გლოვას, თავმდაბლობას გვაგრძნობინებს ჩადენილი ცოდვების გამო. მარხვა ცოდვის ძილისაგან გამოღვიძების საუკეთესო პერიოდია.

თეონა ნოზაძე

3 COMMENTS

  1. დიდი მადლიბა ამბიონს ასეთი კარგი და სასარგებლო რჩევებისთვის…..

  2. წლის განმავლობაში არსებობს რამდენიმე განსაკუთრებული კვირა ანუ შვიდეული, როდესაც ოთხშაბათი და პარასკევი არასამარხო დღეებია, ანუ ხსნილია. ასეთ შვიდეულს ეწოდება მსგეფსი (ძველ ქართულში ეს სიტყვა ზოგადად შვიდეულის აღსანიშნავად იხმარებოდა, მიუხედავად ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვა-გახსნილებისა, დღეს კი მან იმ კვირის მნიშვნელობა შეიძინა, რომელშიც ყველა დღე ხსნილია). წელიწადში ასეთი მსგეფსი ხუთია. ა) შობიდან ნათლისღებამდე – 7 იანვრიდან 17 იანვრამდე (ახ. სტილით). ბ) მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული – დიდი მარხვის დაწყების წინ მესამე კვირა; გ) ყველიერის შვიდეული – დიდი მარხვის წინ ბოლო კვირა; ხსნილი ყველითა და კვერცხით; დ) ბრწყინვალე შვიდეული – აღდგომის შემდეგი კვირა; ე) სულთმოფენობის შვიდეული – სულთმოფენობის დღესასწაულის მომდევნო კვირა. ოთხი უკანასკნელი მსგეფსის თვე და რიცხვი ყოველწლიურად საეკლესიო კალენდარში უნდა მოიძებნოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები