13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიჯანმრთელობაორგანიზმის გაწმენდა

ორგანიზმის გაწმენდა

ორგანიზმის გაწმენდას ჩვენი წინაპრები ხშირად მიმართავდნენ. თუ რას მოიცავს ორგანიზმის გაწმენდა და რისთვისაა საჭირო? ორგანიზმის გაწმენდა
გვესაუბრება ფარმაცევტი ნინო თომაშვილი:

“თუ არატრადიციულ რეცეპტებს გავეცნობით, ყველაში მითითებულია მკურნალობის დაწყების წინ ორგანიზმის გაწმენდა სხვადასხვა მეთოდებით, რომლებიც ძალიან ეფექტური და რაც მთავარია, მრავალსაუკუნოვანი პრაქტიკით არის მოწოდებული. თუ მივიჩნევთ, რომ ორგანიზმს რაღაც დახმარება სჭირდება ან რომელიმე ორგანოს მკურნალობაა საჭირო, ამ დროს საუკეთესო საშუალებაა, პირველ რიგში, ორგანიზმი გავიწმინდოთ და შემდეგ დავიწყოთ მკურნალობა. გაწმენდილი ორგანიზმი უკეთესად ითვისებს მიღებულ სამკურნალო საშუალებებს. ძველი მეთოდით ცნობილია, რომ ჩვენი წინაპრები იყენებდნენ არა მარტო მცენარეებით წმენდას, არამედ ოყნასაც ხმარობდნენ სრული გაწმენდის მიზნით. არსებობს უამრავი საშუალება, რომლითაც სრული შედეგის მიღწევა შეიძლება. მივყვეთ თანმიმდევრობას.

ზაფხულის პერიოდში მიირთვით დიდი რაოდენობით ბოსტნეულის სალათები, ხილი, წვენები, სხვადასხვა სახის და მცენარის ჩაი. ასევე, – პომიდორი, სტაფილო, ოხრახუში, ხაჭო, მაწონი, თაფლი, ყურძენი, ქიშმიში, საზამთრო, ნესვი, ვაშლი და სხვა. ძალიან სასარგებლოა სალათების შეზავება ზეთით. მხნედ რომ გამოიყურებოდეთ, მიირთვით უმი ბოსტნეულის წვენები. ივარჯიშეთ, იარეთ ხშირად სუფთა ჰაერზე, მიიღეთ წყლის აბაზანები, შესაძლებლობის მიხედვით. აირჩიეთ განტვირთვის დღეები ბოსტნეულის დიეტით. არ დაივიწყოთ ღიმილი და გუნება-განწყობილება. ეს ყველაფერი არათუ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლეს და იმუნიტეტსაც გაგიძლიერებთ.

აირჩიეთ თქვენთვის მისაღები განმწმენდი საშუალება.

მათგან საუკეთესო და ყველასვის მისაწვდომია საზამთროს წვენით გაწმენდა (თუ არ გაწუხებთ თირკმლისა და ნაღვლის კენჭოვანი დაავადება). მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიც გსურთ. აქვე ჩავრთავ, რომ ამ დღეებში მოერიდეთ მწარე-მჟავეს, მარილიან, ძალიან ტკბილ და დიდი რაოდენობით პურის მიღებას. კარგია ნესვის მიღებაც.

ბოლოკი საკვები ბოსტნეულია, ამავე დროს კარგია ნაწლავების გასაწმენდად – ასევე შავი ბოლოკიც. ასკილი შეგიძლიათ ჩართოთ წლის ნებისმიერ დროს, მისი მიღება შეიძლება 1 კვირით. ომბალოსა და ნიახურის ნახარში წმენდს და ორგანიზმს აწვდის დამატებით ენერგიას.

ძალიან კარგია ორგანიზმის გაწმენდა, მკურნალობის დაწყების წინ, შემდეგი რეცეპტით:

აიღეთ თანაბარი რაოდენობით 5-5 ფოთოლი იასამანი, ჭრელი თუთა, კომში, მოცვი, ალუბალი, კოწახური. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი კაკლის უღელი. დაასხით 1 ლიტრა ადუღებული წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 3-4 წუთი. გადმოიღეთ, გააციეთ და გაწურეთ. მიიღეთ ჭამის წინ 20 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ, 100-100 გრ რაოდენობით.

ვაშლი და ვაშლის ძმარი არა მარტო წმენდს ორგანიზმს, არამედ აძლიერებს ორგანოთა ფუნქციონირებას. იგი საუკეთესო დიეტური საშუალებაა.

ყურძენი ოდითგანვე ენერგიის აღმდგენი საკვები ხილია. მის მარცვლებში დიდი რაოდენობითაა ორგანული მჟავები, ასევე გლუკოზა, ფრუქტოზა, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, ბრომი, იოდი და სხვა. ყურძენი თანამედროვე მედიცინაში ყურძნით მკურნალობას მიმართავენ გულის, ბრონქების, თირკმლის, ღვიძლის, დაბალი გემოგლობინის დროს. მისი წვენი კარგია შარდის ბუშტში ქვების დასაშლელად. არეგულირებს არტერიულ წნევასაც. ყურძნის ნატურალური ღვინო უძველესი დროიდან ცნობილია სამკურნალო თვისებებით. ძველად ექიმი მეომრები დაჭრილებს ღვინოს ასმევდნენ. განსაკუთრებით გამოირჩევა შავი ფერის ღვინო. ევროპაში მრავალრიცხოვანი ფიზიოლოგიური და კლინიკური კვლევის ობიექტია ახლაც კი. ღვინოში აღმოჩენილია ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს გულის მკვებავი სისხლძარღვების სტრუქტურისა და ტონუსის შენახვას. იგი ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს. აფართოებს გულის მკვებავ სისხლძარღვებს. ხსნის სპაზმებს, ამაგრებს კაპილარებს, ამცირებს ინფაქტის წარმოქმნის რისკს, კარგია დაბალი წნევის დროსაც, ოღონდ ეს ყველაფერი ზომიერების ფარგლებში. რეკომენდებულია ყოველდღე 100-150 გრ. მიღება.
ერთ-ერთი მეთოდი ორგანიზმის გაწმენდისა არის კოწახურის ფესვებისა და ათასფოთოლას ნარევი. ის არა მარტო წმენდს, არამედ – აძლიერებს ორგანიზმსაც.

ამდენად, ჩვენ გვერდით არის უამრავი ბუნებრივი საშუალება, რომლითაც შეიძლება ვიკვებოთ, გავიწმინდოთ ორგანიზმი, გავიძლიეროთ იმუნიტეტი და გავიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ადამიანს უნდა უყვარდეს თავისი თავი და ის, რაც მის გარშემოა.

ზაფხულის პერიოდში გაძლიერებული და გაკაჟებული ორგანიზმი ზამთარს მომზადებული ხვდება. ამდენად, რისკი ძლიერ მცირეა სხვადასხვა ინფექციებისა და ვირუსების შეხვედრისა.

იმედია, ამ მეთოდებს გაითვალისწინებთ, რადგან ჩვენს ოჯახებს და ჩვენს ქვეყანასაც ჯანმრთელები და სულიერად ძლიერები ვჭირდებით. გისურვებთ სულიერ და ფიზიკურ გაძლიერებას.”

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები