ოქონის ხატი — ქართული ხელოვნების ნიმუში, საისტორიო წყაროებში XI საუკუნიდან გვხვდება. ხატის აქტიური კვლევა XIX საუკუნის მიწურულიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება, თუმცა მეცნიერ-მკვლევართა მიერ შესწავლილი მასალის ურთიერთდაკავშირება და საერთო დასკვნის გამოტანა ჯერ კიდევ არ მომხდარა.
სპილოს ძვლისგან დამზადებულ და ვერცხლით მოჭედილ ხატზე ღვთისმშობელი, იესო და იოანე ნათლისმცემელია გამოსახული.
“ოქონის ხატი” თავის წარმოშობის სათავეს ბიზანტიის ქალაქ იკონიიდან იღებს, სწორედ ამიტომ ეწოდა ეს სახელი. ჰერაკლეს იმპერატორობის დროს, არაბთა დაპყრობებით შეშფოთებულმა ხატის მცველებმა, სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, XI საუკუნიდან ხატი, როგორც ელენე დედოფლის მზითვი საქართველოში ჩამოაბრძანეს. XIII საუკუნიდან კი “ოქონის ხატი” გორში იქნა დაბრძანებული, როგორც გორის მფარველი და მცველი.
ბიზანტიოლოგ თამარ მესხის მოსაზრებით ხატის სახელწოდება უნდა უკავშირდებოდეს მიქაელ მთავარანგელოზის მიერ კოლასეში მომხდარ სასწაულს, რომლის დროსაც დასატბორად განწირული ტაძარი იხსნა მიწის გარღვევით, რომელშიც ჩაღვარა კალაპოტშეცვლილი მდინარეებიდან წამოსული წყალი და ბრძანა „ამის დანახეთქსა შინა დაინთქენინ მდინარენი“. შემდგომში მთავარანგელოზს ეწოდა „დანმთქმელი“ (ბერძ. ო–ხონიატი). თ. მესხის აზრით ბერძნული სახელწოდების დაქარაგმებამ გამოიწვია სახელწოდება ოხონის/ოქონის დამკვიდრება.
ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს ცხინვალის მუზეუმიდან ხატი დაიკარგა და 2001 წელს, ჟენევაში, კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს.
2004 წელს, ოქონის ტრიპტიკონი საქართველოს დაუბრუნდა და ის ამჟამად თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.
