24 ივლისი 2024, ოთხშაბათი
მთავარიქრისტიანობაოპტელი ბერების ლოცვა

ოპტელი ბერების ლოცვა

დღის განმავლობაში მორწმუნე სხვადასხვა ლოცვას აღავლენს იმის მიხედვით, თუ ამა თუ იმ დროს მის სულს რა ესაჭიროება. ერთ-ერთი ასეთი ყოველდღიური ლოცვაა “ოპტელი მამების ლოცვა”. მის მნიშვნელობასა და შინაარსზე “ამბიონს” კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური არჩილ ხაჩიძე ესაუბრა:

სანთელი“ოპტის უდაბნო არის ტრადიციული რუსული სამოღვაწეო ადგილი, ერთ-ერთი უძველესი, ნათელი წერტილი სლავურ სამყაროში სულიერი სიღრმეების ჭვრეტისა. ეს ტერიტორია, მეტი რომ არაფერი მოეხერხებინათ აქაურ მამებს, იმითაცაა გამორჩეული, რომ მათ შექმნეს ისეთი საოცარი გალობა სულისა, რასაც ჩვენ “ოპტელი ბერების ლოცვის” სახელით ვიცნობთ. ამ ლოცვამ ანალოგიური ადგილი დაიმკვიდრა მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრებაში, როგორიც გააჩნია სინელი მამების ლოცვას, დიდმარხვაში – ეფრემ ასურის ლოცვას და ძვირფას და საყვარელ ლოცვად იქცა მორწმუნეთათვის. იგი იმითაცაა გამორჩეული, რომ ყველა ეტაპზე გასაგებია როგორც დამწყებთათვის, ისე – გვიანმოსულთათვისაც, რადგან მკითხველსა თუ მსმენელს თანდათანობით უხსნის იმ სიღრმეებს, რაც მასშია გადმოცემული და მიღწეული მამების მიერ. რამხელაცაა ადამიანის გონიერება, ჭვრეტა, წვდომის სიღრმე, იმხელაა ამ ლოცვის გახსნაცა და სიღრმეც, ანუ სულიერების ნებისმიერ ეტაპზე ფეხს უწყობს ეს ლოცვა მორწმუნეს.

წმიდა გრამატიკული თვალსაზრისით, შეცდომით არის ხოლმე დაბეჭდილი ამ ლოცვის სახელწოდება, როგორც “ოპტინელი ბერების ლოცვა”, მაგრამ რადგან უდაბნოა ოპტის, აქედან გამომდინარე, მამებიც ოპტელები არიან და ლოცვის სახელწოდების სწორი ფორმაც “ოპტელი ბერების ლოცვაა”.

რაც შეეხება თავად ლოცვას, მასში განსაკუთრებით არის გადმოცემული ის გალობა მართლმადიდებელი მორწმუნის სულისა, როდესაც ადამიანი მძაფრად განიცდის თავის უღირსებას, უგუნურებას, სიმდაბლეს, გონებადაბნელებულობას ცოდვათა გამო ღვთის წინაშე და მთელი გულით ინდომებს, უფალი იყოს მისი ცხოვრების წინამძღვარი, მაცხოვარს მიბარდეს მისი სულიერი და ხორციელი გზა და ამით აუცილებლად მივიდეს ღმერთთან.

ლოცვა თავად უფლის სახელის მოხმობით იწყება. გავიხსენოთ ათი მცნება, სადაც ნაუწყებია, რომ უფლის სახელი ამაოსა ზედა არ უნდა მოიღოს არც ერთმა კაცმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვთის სახელის ხსენება არ უნდა იყოს უკადრისი, თამამი. ყოველთვის უნდა ვფიქრობდეთ, ვის მივმართავთ, რისთვის, რატომ და ჩვენ, ვინ მოვუხმობთ მას, ვინ ვართ, ვის წინაშე ვდგავართ… ლოცვითი განწყობა ყოველთვის თან უნდა გვდევდეს, რასაც არ უნდა ვკითხულობდეთ, ოპტელი ბერების ლოცვა იქნება ეს თუ დილა-საღამოს ლოცვა… მუდამ უნდა გვახსოვდეს, ტაძარსა თუ სახლში, ჩვენ უფლის წინაშე ვიმყოფებით, მის წინაშე, ვინც არის ჩვენი მაცოცხლებელი, ჩვენთვის ყველაფრის მომცემი და ვინც არის ჩვენი თხოვნის ერთადერთი აღმასრულებელი. თუნდაც მაგალითად მოვიყვანოთ საჭმლის კურთხევა, რასაც ჩვენ სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ. სხვა ვინ გვიკურთხებს საკვებს, თუ არა უფალი, ვინ მოგვცემს მას, თუ არა მაცხოვარი.

ალბათ, ნებისმიერი კეთილმორწმუნე ვიდრე ლოცვას დაიწყებს, დაფიქრდება, სანამ უფალს მიმართავს, თუ როგორი მოკრძალება უნდა ჰქონდეს მას მაცხოვრის წინაშე. ხშირად განშორებულნი ვართ შინაგანად იმ რეალურ მსახურებას, რაც ყოველთვის არის და იქნება ცოცხალი აღსასრულამდე სოფლისა და მას შემდეგაც.

გავიხსენოთ ვისთვის ლოცულობს ეკლესია. ყველაზე დიდი რაცაა, ეს გახლავთ საღვთო ლიტურგია. ევქარისტიის ჟამს, როდესაც მსახურება აღესრულება წირვაზე, ტაძარში ითქმის: წმიდათა ტაძართათვის და შიშითა ღმრთისათა შემავალთათვის მას შინა, ანუ ვინც ღვთის შიშით, კრძალულებით, სწორი განწყობით შედის ტაძარში, სწორედ ისინი იქნებიან დალოცვილი ღვთისაგან.

ოპტელი მამები ახსენებენ უფალს და სთხოვენ ლოცვის ძალას, რათა მაცხოვარმა შეიწიროს მათი ვედრება და დალოცოს ისინი. ჩემს სამოძღვრო პრაქტიკაში აღსარებისას ხშირად მომისმენია, რომ ვიღაცას ლოცვა დაზარებია, გამორჩენია. ცოდვილები ვართ და ეს შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ გვავიწყდება, რომ თავად ლოცვასაც სჭირდება ლოცვა, ანუ ერთი, რომ გულიანი ლოცვა თავის თავს ამოძრავებს და მას, როგორც მთიდან დაქანებულ ნაკადულს, ვერაფერი შეაჩერებს, თუ ხელი არ შევუშალეთ. მაგრამ მეორეა ის, რომ თავად ლოცვისთვისაც უნდა ვილოცოთ. ლოცვას უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც იარაღს. როგორც ბასრ დანას არავინ გამოიყენებს ისე, რომ დააბლაგვოს, ასევე ლოცვას, რომელსაც კეთილი დანიშნულება აქვს, ადამიანი უდიერად არ უნდა ეპყრობოდეს. ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება ეს არის ერთადერთი წუთი… როცა განსაცდელში ვართ, მხოლოდ მაშინ ვლოცულობთ მთელი გულითა და ცრემლებით და შეიძლება ვერც ამ დროს ვახერხებდეთ ამას.

წარმოვიდგინოთ, რომ შევდივართ ძალიან დიდი თანამდებობის პირთან და მოგვეცა საშუალება, რომ მას დაველაპარაკოთ კონკრეტულ საკითხზე. ამ დროს ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად მობლიზებული, მოწესრიგებული, ვისაუბროთ მხოლოდ საქმეზე, საჭირო თემაზე და ყოველგვარი ზედმეტობისგან და გადახვევისაგან თავი შევიკავოთ. რამდენად აღმატებულია უფალი ნებისმიერ თანამდებობის პირზე?! მის წინაშე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღმერთს ვესაუბრებით, მოყვარულს, მართლმსაჯულს, ყოვლის გამჩენსა და შემქმნელს.

თუ ლოცვისას ადამიანი ამპარტავნების ცოდვითაა შეპყრობილი, რომ მან შეძლო ლოცვა, მისი ლოცვა სხვისაზე უკეთესია, რომ ის მართალია და მართლის ვედრებას უფალი ისმენს, ასეთი ლოცვა იქნება ფუჭი და შეიძლება ხიბლისა და უამრავი არასწორი ვნების აღმომცენებელი გახდეს ყოველ პიროვნებაში, რადგან თუ ლოცვა შეგვიძლია, უფლის წყალობით შეგვიძლია, თუ გულით ვლოცულობთ, ამის ძალასაც მაცხოვარი გვაძლევს, თუ ჩვენი ლოცვა სხვისას აღემატა, ან ჩვენმა თხოვნამ მალე ჰპოვა აღსრულება, ეს არის მხოლოდ უფლის დამსახურება. ლოცვა ამპარტავანისა არასდროს იქნება ზეცამდე ასული, რადგან ეს გახლავთ ყველაზე დიდი ცოდვა, რაც კი მიწაზე აჯაჭვებს ადამიანს, ამიტომ თავმდაბლობით, მორჩილებით, თვინიერებით უნდა ვევედროთ უფალს იმ განწყობით, რომ როცა რომელიმე წმიდა მამის ლოცვით ვლოცულობთ, ეს არის ჭეშმარიტი სულიერი გამოცდილება, ეკლესიის ხმა და სიტყვა და ჩვენს ჩვენს უკადრის, უღირს ხმას ვუერთებთ ამ ყველაფერს.

უფალო, მომეც მე ძალი, რაითა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე… მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. ვთქვათ, ბავშვი მშობელს წაჰყვა საყიდლებზე და მოისურვა რაღაცის ყიდვა. მშობელმა შეიძლება მართლაც შეიძინოს ბავშვისათვის სასურველი ნივთი, მაგრამ მინდა და კარგია ხშირად არ არის ხოლმე ერთი და იგივე. მორწმუნე როდესაც უფალთან მიდის, მიდის როგორც ყოვლადგონიერთან, პიროვნებასთან, რომელსაც ყოველთვის ჩვენთვის ყველაზე კარგი უნდა. რასაც ვერც კი ვიოცნებებთ, ის სურს ჩვენთვის. ბავშვი თამაშით სწავლობს, თამაში უბრალო დროის გაყვანა არაა. ამ შემთხვევაში ის ბავშვი იქნება მოგებული, რომელიც მშობელს ეტყვის: დედა, მე კი ეს მომწონს, მაგრამ შენც დამეხმარე, ეს რაც მომწონს, როგორ გამოვიყენო კარგად და თუ შენ მიიჩნევ, რომ ეს არ არის მოსაწონი, მაშინ მოდი, მე და შენ ერთად ავარჩიოთ, რითაც მე უკეთესად შევძლებ თამაშს და რაც მე მეტად წამადგება განვითარებაში.

ბუნებრივია, ეს გარკვეულ გონიერებასა და სულიერ სიმაღლეს მოითხოვს და ის მდგომარეობაა, როცა ბავშვი უკვე რაღაც დონეზეა განვითარებული. სულიერ ცხოვრებაში ჩვენი თანამონაწილეობის გარეშე არაფერი ხდება. სინერგია, ანუ ღმერთთან შეხვედრა მხოლოდ ჩვენი მისკენ გადადგმული ნაბიჯით მიიღწევა, უფალი კი მარად ჩვენკენაა მომართული. შესაბამისადაც, ბავშვი, რომელიც მშობლისკენ გადადგამს ნაბიჯს, მოგებული დარჩება. ნდობა, რომ შენ ჩემზე მეტი იცი და მე შენს რჩევას ვითვალისწინებ, არის უსათუო და წარუვალი რამ, ამიტომაც ღვთის ნებისადმი მინდობა ყოველთვის ჩვენს ნებაზე უკეთესია. გავიხსენოთ საუფლო ლოცვა “მამაო ჩვენო”: “იყავნ ნება შენი”, – ვამბობთ ლოცვაში.

თავად ამ ლოცვის შემქმნელი არ იყო ჩვენსავით უბრალო მრევლი. ეს სულიერ სიმაღლეს მიღწეული ადამიანის მიერ დაწერილი ლოცვაა, სადაც ნათქვამია: მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით მოვიღო ყველაფერი, რაც კი მოხდება, რადგან თუ კი შენს ნებას ვენდობი, შენი ნება იქნება აბსოლუტურად იმაზე კარგი, ვიდრე მე მომეწონებოდა. შეიძლება რაღაც არ მომეწონოს, მაგრამ მეცოდინება, რომ ეს უკეთესი იქნება ჩემთვის, ვიდრე ის, რაც მე მინდა.

მომეც მე ძალი, რაითა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა… ანუ თავად ეს მინდობა, დაჯერება, რწმენა ძალიან რთული რამ არის და ამასაც ითხოვენ მამები. ერთი, რომ ძალა მომეცი ამ გზაზე ვიარო, დავიჯერო შენი, ღირსეულად მივიღო ყველაფერი, რაც კი შენი ნებით მოხდება, მაგრამ იმის ძალაც მინდა, რომ აქამდე მივიდე. აქამდე მისვლაში კი სულიერი ეტაპები გვაქვს გასავლელი. ცოდვასაც ახასიათებს ეტაპები: ჯერ ფიქრში შევცოდავთ, მერე შეხედვით, შეხებით, შემდეგ ნამდვილად შევჭამთ, მარხვასაც დავარღვევთ და ამას შეიძლება უფრო უხეში ცოდვებიც დავურთოთ. ასევე, სულიერი სიმაღლეც ერთ დღეში არ მოიპოვება, რადგან ყოველ ჩვენგანს მრავალი დღე გვაქვს ღმერთისგან განშორებისთვის დათმობილი და ერთ დღეში ამ ყველაფრის წარხოცვა შეუძლებელია. ამიტომ ითხოვენ ოპტელი მამები ლოცვაში, რომ მისცეს მათ ღმერთმა ძალა, ღირსეულად მიიღონ მისი ნება, ფაქტობრივად, იმეორებენ საუფლო ლოცვის სიტყვებს.

ყოვლითურთ მიწინამძღურე და შემეწიე მე თითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა ჰამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისითა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს… მამები ითხოვენ, ყველაფერში უწინამძღვროს მათ უფალმა, რომ არ დარჩეს არც ერთი მხარე მათი ცხოვრებისა, სადაც მაცხოვარი არ იქნება წარმმართველი, ხელისამპყრობელი: არ მინდა არც ერთი გზა, რომელზეც უფალი არ მიმიძღვის მე, არც ერთი ნაბიჯი, რომელიც უფლისაკენ არ იქნება გადადგმული. არ მსურს წუთი, როდესაც შენ ჩემთან არ ხარ, რადგან როგორც კი შენ დამტოვებ, სრულიად უძლური შევიქნები, ათი იმდენით განგეშორები, ვიდრე აქამდე ვიყავი განშორებული და მე ეს არ მინდა, რადგან იმდენი ცოდნა კი მომეცა, რომ ასე თავს დავიღუპავ.

მახსენდება ერტი პატერიკი: ერთ მონაზონს მწვალებელი ეუბნებოდა, რომ შენ ხარ ქურდი, ყაჩაღი, მრუში, მკვლელი, ცილისმწამებელი. მონაზონმა არც ერთი ცილისწამება უარყო, მაგრამ როცა უღმერთობა დასწამა, არაფრით დაეთანხმა. – როგორ, თუ ამდენი ცოდვის ჩამდენი ხარ, ეს უღმერთობა რაღააო?! – გაუკვირდა მწვალებელს. მაშინ მონაზონმა უპასუხა: ყველა ცოდვაში მაქვს წილი, ფიქრით იქნება ეს თუ რეალურად, აბსოლუტურად უღირსი ვარ, ღვთის შვილად ვიწოდებოდე, მაგრამ უეჭველად მჯერა იმის, რომ ჭეშმარიტია ღმერთი, რომელიც მე მწამს. მხოლოდ მასში მაქვს სასოება და თუ ეს ცოდვები გამაჩნია, მხოლოდ იმ ძალით ვიტან ამას, იმ ძალით ვინანიებ ამ ყველაფერს, რომ ჭეშმარიტი ღმერთის მიმდევარი ვარ და ვიმედოვნებ, რომ მომეტევება მისი შემწეობითა და დახმარებითო.

ასე რომ, უღმერთობაზე მეტი არაფერი არსებობს. რეალურად ყოველი ცოდვა – ეს არის ღვთისაგან განშორება. ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა უღმერთოდ ყოფნა, არ არის აუცილებელი, რამეს აშავებდე. თუ უფალი არ გახსოვს, უკვე არ ხარ სიკეთეში და განშორებული ხარ მისგან. აქედან გამომდინარე, მამები ითხოვენ: ნუ იქნება ნურც ერთი ჟამი, როდესაც უღმერთოდ ვიქნები. თუ რამეს კარგს ვაკეთებ ამ ჩემს ერთჯერად სიცოცხლეში, არ უნდა გადავდო ხვალისთვის. ერთხელ მომეცა ეს სიცოცხლე და მისი უქმად გატარება არასწორი იქნებაო, რადგან რაღაც დონეზე მფლანგველი და ქურდი ერთი და იგივეა და არ უნდა გავფლანგოთ ეს ცხოვრება, დრო, რასაც უკან ვერავინ მოაბრუნებს. უნდა გვახსოვდეს ერთი რამ: აწმყოს სანამ ვიტყვით, უკვე აღარ არსებობს, წარსული წარსულია და იქ ვერაფერს შევცვლით და მომავალში კი რა მოხდება, მხოლოდ ღმერთმა უწყის. ასე რომ, კარგად უნდა გავაცნობიეროთ ადამიანებმა, რამდენად სტუმრები ვართ ამ წუთისოფლის, როგორ უნდა ვემზადებოდეთ უფალთან შესახვედრად და რომ ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტი მიზანი ყოველი ჩვენგანისა. ამიტომ მამებიც ითხოვენ ყოველ საქმეში დალოცვას უფლისაგან და წინამძღოლობას.

– განმსწავლე იმაში, რომ სულიერი სიმშვიდით, ღირსებითა და მართებულად მივიღო შენი ნება, – ევედრებიან მაცხოვარს. მართლმადიდებლობა არ არის მხოლოდ სიმართლის დიდება. ეს არი სიმართლის მართლად, ანუ სწორად დიდება რწმენითა მტკიცითა, რადგან რწმენაში თუ შევირყიეთ, შეიძლება ნებისმიერმა სათნოებამ ჩვენს სულიერებაში დაამთავროს არსებობა და აქვეა აღიარებული, რომ ღვთის ნება არის წმიდა.

შენ ექმენ მარადის წინამძღუარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმისა მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს… ჩემს ყოველ აზრს უწინამძღვრეო, ითხოვენ ოპტელი ბერები. მაგ.: გავიხსენოთ მაცხოვრის სიტყვები, რომლითაც იგი მოწაფეებს მიმართავს და ეუბნება, რომ თუკი ვინმე გულისთქმით შეხედავს ქალს, ის უკვე იმრუშებს საკუთარ გულში. ბუნებრივია, ფიქრით იმრუშებ თუ მოქმედებით, ამაში დიდი განსხვავებაა, მაგრამ მაცხოვარი უმაღლესისკენ მოუწოდებს, რადგან ყველაფერი იწყება პატარა მარცვლიდან. იმ პატარა მარცვალში მთელი ხე იგულისხმება, ის ათასი ნაყოფი, რაც ამ ხის ტოტებზე იქნება თავის დროზე გამობმული. აქედან გამომდინარე, ფიქრში უკვე იგულისხმება ცოდვის ფრთების გაშლა და გათამამება ჩვენს პიროვნებაში. ამიტომ პირველ რიგში, სწორედ იმ თესლს უნდა ვებრძოლოთ, რაც ხდება ხოლმე სხვა ყველაფრის მიზეზი. ფიქრითა და რეალურად ჩადენილ ცოდვას შორის ხარისხობრივი განსხვავება, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ შინაარსი ერთია. ეს ფიქრი ხდება ხოლმე საფუძველი იმისა, რასაც შემდგომში ჩვენ განვავითარებთ ხოლმე ჩვენი სისუსტით. ამიტომ ღაღადებენ მამები: ყველაფერში იყოს შენი ნება, რათა ჩემი ნებით არ ჩავვარდე უგუნურებაში. შენ იყავი ჩემი აზრების, გრძნობების წინამძღვარი ყოველ წამს, როცა კი რაღაცას ვამბობ, ვშრომობ და მაშინაც, როცა რაღაც უცაბედი მოხდება.

ისევ სახარებაში შეგვიძლია ამოვიკითხოთ იმის საფუძველი, რის გამოც მამები ფრთხილობენ. უფალი ამბობს: ბევრი რამ მოულოდნელი ხდება თქვენს თავს და თქვენ ნუღარ უმატებთ საკუთარ თავს ახალ ცოდვასა და განსაცდელსო.

ასევე, ითხოვენ ძალას, რომ ყოველგვარ მოულოდნელობას ღირსეულად შეხვდნენ და გაუმკლავდნენ. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, ღვთის სადიდებლად უნდა ვიქმოდეთ. ეს ერთდროულად რთულიცაა და მარტივიც, რადგან თუ ყველაფერს ღვთის შეწევნითა და დახმარებით დავიწყებთ და არა ამპარტავნებით, რომ ამას მე გავაკეთებ და ეს ჩემი სახელი, დიდება იქნება, როგორც ბაბილონის გოდოლის მაშენებლებმა ქმნეს თავის დროზე, უცილებლად ყველა საქმე იქნება მსუბუქი და ადვილი განსახორციელებელი კვლავაც მაცხოვრის სიტყვებიდან გამომდინარე: ტვირთი ჩემი ტკბილ და სუბუქ არს. ევედრებიან უფალს, რომ შინაგანად მომზადებულები შეახვედროს ისინი ყოველგვარ მოულოდნელობასა თუ განსაცდელს, რათა სწორად განიცადონ, გადაიტანონ და უფლის სახელის ხსენება და დიდება არასდროს დაკარგონ.

ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს… აქ ორი აზრი შეიძლება ჩაიდოს. ერთი, რომ ნურც ნურაფერს დამავიწყებ, რაც არ უნდა დამავიწყდეს და ნურც მე დამივიწყებ, რადგან ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. რაკიღა მომავლინე, ისედაც კი არ მივიწყებ, მაგრამ უფრო მეტად მომხედე. ამ მოხედვაში იგულისხმება შემდეგი: მე უფრო გახსნილი მყავ შენ წინაშე, რათა უფრო მეტად შეიძლებოდეს ჩვენი ერთობა.

გავიხსენოთ კვლავაც მაცხოვრის სიტყვები, როცა ის ლოცულობს: ღმერთო, რათა ყოველნივე ერთ იყვნენ, როგორც მე და შენ ერთ ვართ. ანუ ეკლესიას რომ ერთი მეთაური ჰყავს და ერთი აზრითა და სულით ცოცხლობს, ის არ დამავიწყო. ნუ დამივიწყებ და ნუ დამავიწყებ იმას, თუ რისთვის ვარ მოვლინებულიო.

მასწავენ მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხორებაი ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყენებად და არცა აღშფოთებად ვინმესა… ისინი კარგად ჭვრეტენ იმ ადამიანებს, ვინც მომავალში ამ ლოცვით ისარგებლებს და საკუთარ სულიერ ბაღს მორწყავს. ყოველთვის გულწრფელნი უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს, რომ შეიძლება თავი მოვიტყუოთ, მაგრამ ღმერთს ვერ მოვატყუებთ. ასე რომ, ბერები მიმართავენ უფალს: მასწავლე კეთილგონიერად ცხოვრება მთელი ჩემი სახლობის ყოველ წევრთან ერთად, რათა არავისთან მქონდეს უღირსი დამოკიდებულება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი გამამთლიანებელი ღმერთია. ნეტარებებში წერია: ნეტარ იყვნენ მშვიდნი და მშვიდობისმყოფელნი ძედ ღვთისად იწოდნენ. დავით მეფსალმუნე ამბობს: რა არის უფლისათვის იმაზე მეტად სათნო, ვიდრე ძმების დამკვიდრება ერთადო. ასე რომ, ჩვენ თუ ერთად ღირსეულად და მშვიდად ვატარებთ დღეებს, ეს არის ჩვენი ღირსეული შესაწირი უფლისადმი. მსხვერპლი ღმრთისა არის გული შემუსრვილი და სული შემუსრვილი. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში თავის უღირსებას აცნობირებს, სხვისი გამქილიკებელიც უფრო ნაკლებადაა. ამით პიროვნება განკითხვისაგან, უგულისხმოებისა და სისასტიკისგან არის დაზღვეული და ეს გახლავთ ძალიან დიდი საწინდარი ადამიანის ღირსეული და მშვიდი ცხოვრებისა, რომ ვინმეს დაბრკოლების, აღშფოთებისა და არევდარევის მიზეზი არ გავხდეთ და ღმერთმა ყოველი დაიფაროს ამ საშინელებისაგან, რომ ვინმე დავაბრკოლოთ, რადგან ვინც ერთი მცირეთაგანი დააბრკოლოს ჩემდა მომართ, – ამბობს მაცხოვარი, – ურჩევნია, რომ წისქვილის დოლაბი მოიბას და წყალში გადაიგდოს თავიო.

უფალო, მომეც მე ძალი, რაითა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხუევისაი განმავლობასა შინა მისსა…

– რაც კი რამ საშრომი მომიწევს ამ დღეს, ღვთის ნებით გავაკეთო, – ითხოვენ მამები. წუწუნი, შინაგანი ტრაბახი არ უნდა გვახასიათებდეს, სიხარულით უნდა ვცხოვრობდეთ, რადგან მორწმუნე ყოველივეში გახარებულია, რაც ღვთის წიაღში ხდება და თუ მე ღმერთმა ძალა მომცა, რომ რაღაც გამეკეთებინა, სიხარულის მეტი არაფერი უნდა გამაჩნდეს მიუხედავად პასუხისმგებლობისა. თუ სწორედ ჩვენ გვიწევს რაღაცის კეთება, ღმერთს მადლობას უნდა ვწირავდეთ.

ექმენ წინამძღუარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყუარული, მოთმინებაი და მიტევებაი. ამინ!… ვეძიებდეთ ნებას ღვთისას, რაც ერთადერთი ჭეშმარიტებაა, რითაც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დაიწყოს თავისი სულიერი ცხოვრება, გააგრძელოს და დაასრულოს. – არა ნებასა ღვთისასა, არამედ ნებასა კაცთასა ჰყოფთ, _ ნათქვამია წმიდა წერილში ფარისეველთა მიმართ. რატომ გვგონია, რომ ჩვენი სულიერი განწყობით დაშორებულნი ვართ ამ ძველი აღთქმის ადამიანებს, რომელთაც არ უნდოდათ შეგნებულად, ღმერთი დაენახათ?! ამიტომ მამები სთოვენ უფალს, რომ მათი ნების წინამძღვარი იყოს. აქ ადამიანის ნების გაუქმებაზე არაა საუბარი. პირიქით, ის ჭეშმარიტ დანიშნულებამდეა აყვანილი, რომ მე ვხვდები ჩემი ცოდვებისა და უღირსების გამო როგორ მაქვს გონება დაბნელებული და გთხოვ შეწევნას.

თითქოს ლოცვა დასრულდა, მაგრამ მამები კვლავაც ითხოვენ, უფალმა მათ ლოცვა ასწავლოს, შეაძლებინოს, ისე ილოცონ, როგორც საჭიროა, იმედით გაუვსოს გული. უიმედოდ ლოცვა წარმოუდგენელია და იმედს მოჰყვება სწორედ რწმენა, ანუ სულის უმაღლესი მდგომარეობა, სიყვარული… ეს საღვთისმეტყველო უდიდესი სათნოებებია ჩამოთვლილი… რადგან უსიყვარულოდ ლოცვა არაფერია. გავიხსენოთ პავლე მოციქულის ეპისტოლე კორინთელთა მიმართ: მთები რომ გადავანაცვლო, თუ სიყვარული არ მაქვს, არაფერი ვარო, თავად ღმერთია სიყვარული… მოთმინება და მიტევება – თუკი ვიღაც მიყვარს, სიყვარული არ უნდა იყოს მკვდარი. სინელი მამები ამბობენ, რომ სიყვარული და სამართლიანობა ვერ თავსდება ერთადო. გიყვარს? სიყვარულს მიზეზი არ სჭირდება. გიყვარს და მორჩა! და თუ მე ვიღაც მიყვარს, მიყვარს იმიტომ, რომ ვაპატიო, რაღაც მოვუთმინო. მიყვარს და არაფერს ვუკეთებ, არ ვზრუნავ მასზე, საკუთარ თავს არ ვუფრთხილდები და ამით მას ცხოვრებას ვუმწარებ. მაშინ სადღაა სიყვარული?! ეს უკვე ფარისევლობა, პირფერობა და მართლა სიგიჟე, თავის მოტყუებაა.

ამინ! ჭეშმარიტად ასე იყოს ეს ყველაფერი და ღმერთმა ყველას განგვინათლოს და განგვიწმიდოს გული, გონება და სული.”

თათია ნავროზაშვილი

მსგავსი სტატიები

11 COMMENTS

  1. dzalian diiidi madlobaa.. !! arachveulebrivi interviua!!didii madloba mama ARCHILS…
    p.s. tatii magarii xaaaar!!!

  2. მადლობა თათიას სტატიისათვის და რაღათქმაუნდა მამა არჩილს ამ ყოველდღიური
    ” ოპტელი მამების ლოცვის” განმარტებისათვის, ეს მართლაც უნიკალურია.
    აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მამა არჩილს ტაძრის დღესასწაული, ნინოობა მთელი გულით მივულოცო.

  3. ვგიჟდები ამ ლოცვაზე,ხშირად ვამბობ

  4. ოპტელი მამების ლოცვის” განმარტებისათვის, დიდი მადლობა

  5. ;ოპტელი მამების ლოცვის” განმარტებისათვის დიდი მადლობა ძალიან ბევრი გავიგე.

  6. მადლობა. რომ ლოცვა განგვიმარტეთ.გაიხარეთ.

  7. გილოცავთ ახალ წელს, ამ სტატიისათვის დიდი მადლობა

  8. სულში ჩაიღვარა სინათლე და სიკეთე,იმედი და სასოება…სულისთვის მეტად
    სარგებელი სტატია იყო ძალიან,რისთვისაც დიდად გმადლობთ.გაიხარეთ უფლის წყალობით!

  9. ძალიან მიყვარს ეს ლოცვა, გმადლობთ განმარტებისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები