მთავარი » სხვადასხვა

ოპიზას მიმართულებით ტურისტებისთვის გადაადგილება შეზღუდულია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.05.2013 | 2,690 ნახვა

ტაო–კლარჯეთში მდებარე უძველეს სავანე– ოპიზასკენ მიკროავტობუსით მოძრაობა რამდენიმე დღეა შეფერხებულია. ვიზოტორებს ამ მიმართულებით მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილით, ოპიზა-ხანძთის გადასასხვევი ისიც რთულად გასავლელი გზით შეეძლებათ გააადგილება. მიზეზი ამ ტერიტორიის მახლობლად წყალსაცავის მშენებლობაა.

„ხანძთისკენ მიმავალ გადასახვევ საავტომობილო გზასთან დერინერის წყალსაცავი შევსებულია. ეს ტერიტორია მთლიანად დატბორილია. იმ ადგილზე სადაც ოპიზას წყალი უერთდება მდინარე ბერთას მარჯვენა მხარეს, მიმდინარეობს ახალი კაშხლის მშენებლობის ფართომასშტაბიანი სამუშაოები. გზა, რომელიც დღეს ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის, ძალიან რთულად გასავლელია. შემოვლით გზაზე კი, სადაც სოფელ ბერთას მიმართულებით ახალი ხიდის საშუალებით ხდებოდა გავლა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. კლდეც ჩამოშლილია და მსუბუქი ტრანსპორტით მიმოსვლას ადგილზე მომუშავე უსაფრთხოების სამსახური კრძალავს,“ – აღნიშნავს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი და წუხს, რომ ოპიზაში მისვლა ტურისტებისთვის შეუძლებელი გახდა.

გიორგი დვალაშვილი: „ტურისტული ორგანიზაციების მარშრუტში ოპიზა ყოველთვის მოსანახულებელ ძეგლთა ნუსხაში იყო შეტანილი, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს ობიექტი, ხშირად ვიზიტორთა მხრიდან უყურადღებოდ გახლდათ დატოვებული. მართალია აქ გზა ვიწრო და რთულად გადასაადგილებელი იყო, ადგილობრივებიც მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე ტურისტთა მცირე ჯგუფები მაინც ხვდებოდნენ. დღეს კი ესეც შეუძლებელი გახდა.

ოპიზასა და ხანძთაში მისასვლელი საავტომობილო გზები აუცილებლდ იარსებებს, მაგრამ ამას დასჭირდება გარკვეული დრო. პროექტის მიხედვით, ახალი გზები გაცილებით ხარისხიანი და ფართო იქნება, მაგრამ რამდენიმე წლით უნიკალური ძეგლების მონახულება შეჩერდება. სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ქართული ძეგლების ფრაგმენტები, დიდებული ჩუქურთმები, რელიეფური მონუმენტები ზიანდება და ხშირ შემთხვევაში იკარგება. ხდება ადგილებიდან მათი გატანა და სად ან ვის მიერ, ამის კონტროლი და აღრიცხვა შეუძლებელია.

ოპიზას ნანგრევები

მართალია მდინარე ჭოროხის, ბერთას, შავშეთისწყლის ხეობა წყალსაცავების ფუნციონირების შემდეგ წყლით იქნება დატბორილი, მაგრამ არც ერთი ჩვენი დიდი ტაძარი წყლის ქვეშ არ მოექცევა. ძეგლები საკმაოდ მოშორებით რჩება წყალსაცავიდან და უფრო ახლოს გაივლის ის საავტომობილო გზები, რომელიც წყლსაცავებში მშენებლობის დროს გადიოდა მდინარის ხეობაში. წყალსაცავის დაგუბების გამო იძულებულნი გახდნენ, გზები მაღლა აეტანათ. მდინარის დონიდან ამ გზების სიმაღლე 100 –200 მეტრზე აღწევს და ფაქტობრივად, ახალი გზების მშენებლობა უტოლდება იმ ნიშნულებს, სადაც გადის ის ძველი გზა, რომელიც გრიგოლ ხანძთელის, მის მოწაფეების დროსაა გაჭრილი. ძველი საბჯენები ჯერ კიდევ შემორჩენილია, ახალი გზებიც მათ ახლოს გაკეთდება და ფართომასშტაბიანი, როგორც დაგეგმილია.

დღეს რა მდგომარეობაა უშუალოდ ოპიზაში?

ოპიზა სავალალო დღეშია. თუ კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტი მაინც იყო შემორჩენილი, დღეს ისიც აღარ გვხვდება. ტაძარი უზარმაზარი მცენარეული საფარითაა მოცული. ოპიზას ტაძრის შიდა ინტერიერში, სადაც 1960 წამდე ტაძარი იყო, ოპიზას მეჩეთთან საავტომობილო სადგომია და ამ ტერიტორიაზე ოპიზას ტაძრის ფრაგმენტების მცირე ნაწილიღა თუ იკითხება.

1960 წელს ოპიზიც ტაძრის აფეთქებამ, რომელიც გზის გაყვანის მიზნით მოხდა, დიდი ქვებისა და რელიეფური ქანების გადაადგილება გამოიწვია. მის საფუძველზე 1964 წელს აშენდა მეჩეთი. მეჩეთის კედელზე ქართულად იკითხება თურქული ასოებით მოწოდება ყურანიდან, რომ გადაადგილდნენ მეჩეთის მიმართულებით. როგორც ჩანს, ეს იქ ჯერ კიდევ შემორჩენილი ქართველი მოსახლებისთვისაა განკუთვნილი.

სამწუხაროა, რომ ოპიზას უდიდესი კომპლექსი რესტავრაციასა და მის დეტალურ კვლევას ჯერჯერობით არ ექვემდებარება. კომპლექსის სიდიადე ჯერ კიდევ იკითხება, რომელიც დღითი დღე ქრება.

შეგახსენებთ, რომ ოპიზა უძველესი სავანეა არა მარტო ტაო-კლარჯეთში, არამედ საერთოდ საქართველოში. ოპიზაში ინახებოდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიწმინდე, ქვედა ყბა წმ. იოანე ნათლისმცემლისა. ოპიზას სავანეს მნიშვნელოვანი როლი ეკუთვნის ქართული განათლების, მწიგნობრობისა და, განსაკუთრებით, ხელოვნების განვითარებაში. მის სახელს უკავშირდება ბექა და ბეშქენ ოპიზრების (XII ს.) შემოქმედება.

ოპიზას საკურთხეველი

სამონასტრო კომპლექსი შედგება წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე აშენებული ეკლესიისაგან, სამრეკლოს, სატრაპეზოსა და სხვა სამონასტრო ნაგებობებისაგან. ეკლესია აგებულია IX საუკუნეში და განახლებული – 945-954 წლებში, აშოტ IV კურაპალატის მეფობის დროს. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცულია რელიეფი ოპიზიდან აშოტ კურაპალატის პორტრეტით (IX ს., ქვა).

დღეს ოპიზას ტაძრის შუაში გადის გზა, მის აქეთ-იქით კი კედლების ნანგრევებია…

თეონა ნოზაძე

სტატიაში გამოქვეყნებული ფოტომასალა ეკუთვნის გიორგი დვალაშვილს


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი