სრულიდ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში ოჯახის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს,
რომ ქრისტიანულ ოჯახში თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.
“ოჯახი არის ერის, სახელმწიფოს, საზოგადოების მთავარი ქვაკუთხედი. იგი პატარა სახელმწიფოა, ქრისტიანული გაგებით კი – “მცირე ეკლესია.”
ქრისტიანობა ქორწინებას ერთ-ერთ საიდუმლოდ მიიჩნევს. ეს არის საიდუმლო არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ღვთიური სიყვარულისაც. ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას.
ბიბლია გვასწავლის, რომ ოჯახის უფალი არის ღმერთი, რომელმაც ადამისა და ევას სახით მთელი კაცობრიობა შექმნა. ამდენად, ყველა ადამიანის მამა, ამ სიტყვის ყველაზე სრული და აბსოლუტური მნიშვნელობით, არის თვით შემოქმედი.
ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახისთვის მარტო სიყვარული და ერთმანეთისაკენ სწრაფვა არ არის საკმარისი. ოჯახი მოწოდებულია იქცეს “მცირე ეკლესიად,” მარადიული სიყვარულის ცოცხალ ხატად, რომელშიც ღვთის მცნებებს იცავენ და თაობიდან თაობას გადასცემენ.
შეგახსენებთ მოსე წინასწარმეტყველის ყველაზე მთავარ მიმართვას ხალხისადმი: “ისმინე, ისრაელო! და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში, … ისმინე, ისრაელო, ერთია უფალი, უფალი, ჩვენი ღმერთი.
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულით და სულით, მთელი შენი შეძლებით.
გულში გქონდეს ეს სიტყვები, … ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე შენი სახლის წირთხლებს და კარებს” (II რჯ., 6, 3-9).
ეს დარიგება ახალ აღთქმაშიც ყველაზე მთავარ მცნებად იქნა გაცხადებული იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც დაამატა: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მთ., 19,19).
ოჯახში მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულით უნდა ემსახურონ, თუმცა იერარქია ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
ის, რომ მამაკაცი თავია ოჯახისა, არ ნიშნავს მის ბატონობას, არამედ მის მსხვერპლშეწირულ მსახურებას, მის პასუხისმგებლობას ცოლისა და შვილებისადმი. იგია მათი დამცველი, მომპოვებელი არსობის პურისა და ამასთან, ღვთისმმსახური თავისი სახლისა. მან უნდა გამოითხოვოს უფლისაგან წყალობა, სიყვარული და მადლი ოჯახის წევრებისათვის.
ქალი პასუხისმგებელია სახლზე, მისი წევრებისათვის ზრუნვაზე, შვილების აღზრდაზე. იგი ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს, რადგან ამით აღასრულებს უფლის ნებას (თუმცა ეს არ ნიშნავს ცოდვასა და არასწორ ქმედებებში მორჩილებას).
ქრისტიანულ ოჯახში, რა თქმა უნდა, თავს იჩენს არაერთი განსაცდელი, რაც ურთიერთსიყვარულით უნდა დაიძლიოს. და თუ ეს ასე არ ხდება, იქ არც არის ნამდვილი ოჯახი.
ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებელად.
როგორი ამაღლებულია ეს ყველაფერი, როგორი სათუთია და გასაფრთხილებელი! ჩვენი ახალგაზრდები კი, სამწუხაროდ, მოუმზადებელნი ხვდებიან ამ უდიდეს საიდუმლოს,”– ბრძანებს უწმიდესი.

ძალიან საინტერესო ქადაგებაა