13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიხატები და ფრესკებინუგეში ანუ მანუგეშებელი - ვატოპედის ღვთისმშობელი

ნუგეში ანუ მანუგეშებელი – ვატოპედის ღვთისმშობელი

ხატი, რომელსაც ნუგეში ანუ მანუგეშებელი ეწოდება იმყოფება ათონზე, ვატოპედის მონასტრის ხარების ეკლესიაში. ამ მონასტრის ახლოს, 395 წელს, ძლიერი ქარიშხლის დროს გემიდან ზღვაში გადავარდა უფლისწული არკადი- თეოდოს დიდის ძე. ტალღამ იგი ზღვაში გაიტაცა, ყველა საშინელებას ელოდა და მალევე ჩათვალეს რომ უფლისწული დაიღუპა. გემმა დიდი გაჭირვებით მიაღწია იმ ადგილს, სადაც ახლა ვატოპების მონასტერია აღმართული. ხანგრძლივი ძებნისგან დაუძლურებული არკადის თანამგზავრები ერთ სანაპირო ბუჩქნარს მიადგნენ, სადაც ჩრდილში ერთიანად სველი მაგრამ მშვიდად მძინარე უფლისწული დაინახეს. გამოღვიძების შემდეგ მან თვითონ მოჰყვა სასწაულებრივი გადარჩენის ამბავი. აქედან წარმოსდგა სახელწოდება ვატოპედი – „ყმაწვილის ბუჩქი“. იმპერატორმა თეოდოსმა სახსოვრად განავრცო და დაასაჩუქრა მონასტერი. მთავარი ტაძრის საკურთხეველი იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლისწული იპოვეს.

ნუგეში ანუ მანუგეშებელი - ვატოპედის ღვთისმშობელი

ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ნუგეში ანუ მანუგეშებელი მარჯვენა კლიროსთან, კედლის ნიშშია. ღვთისმშობლის სახე გამოხატავს თანაგრძნობას და სიყვარულს, მისი მზერა კი სავსეა სიმკაცრით. ამ ხატზე შემოგვრჩა გადმოცემა:

807 წლის 21 იანვარს ყაჩაღების ჯგუფმა მიაღწია ათონის მთას, მათ განზრახული ჰქონდათ, გამთენიისას, როგორც კი ვატოპედის მონასტრის კარი გაიღებოდა, შიგ შეცვენილიყვნენ, ბერები ეცემათ და მონასტრის სიმდიდრე გაეტაცათ. ყაჩაღები ნაპირზე საღამოს გადმოვიდნენ და გათენებამდე მონასტრის მიმდებარე ბუჩქნარში დაიმალნენ.

მეორე დღეს, როცა ძმები დროებითი მოსვენებისთვის თავიანთ სენაკებში დაბრუნდნენ, წინამძღვარი თავის მორჩილებას აღასრულებდა, უცებ მას ღვთისმშობლის ხატიდან ხმა შემოესმა: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“. შემკრთალმა იღუმენმა სასწაული იხილა: ღვთისმშობლის სახე, ისევე როგორც მის მკლავდებში მყოფი ყრმისა, გაცოცხლდა. ყრმამ ხელი ღვთაებრივი დედის სახეს ააფარა, სახე მისკენ მიაბრუნა და უთხრა: „არა, დედაო ჩემო,ნუ ეუბნები მათ ამას: დაე, დაისაჯონ“. მაგრამ ღვთისმშობელმა სახე მარჯვნივ შეაბრუნა და კვლავ წარმოსთქვა სიტყვები: „დღეს სავანის კარს ნუ გააღებთ, არამედ მონასტრის გალავანზე ადით და ყაჩაღები გააძევეთ“.

ამ ხილვით გულგანგმირულმა იღუმენმა შეკრიბა საძმო და უამბო მომხდარი, ყველამ განცვიფრებით შენიშნა რომ ყოვლადწმინდისა და უფლის სახე და მთლიანად ხატის დაწერილობა შეცვლილი იყო. მათ განადიდეს ღვთისშობლის მფარველობა, ისწრაფეს მონასტრის გალავნისკენ და აიცდინეს ყაჩაღების თავდასხმა.

სწორედ ამ ამბის შემდეგ ეწოდება ვატოპედის ღვთისმშობლის ხატს ნუგეში ანუ მანუგეშებელი. ღვთისმშობლისა და მაცხოვრის გამომეტყველება დარჩა იმ მდგომარეობაში, როგორიც მან მიიღო გამოცხადების შემდეგ; ღვთაებრივი დედა მარჯვენა მხარეს არიდებს თავს წინასამარადისო ყრმის გაწვდილ ხელს, ცდილობს ააცილოს იგი თავის ბაგეს, რათა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ თავისუფლად გააფრთხილოს თვისი რჩეული.

ამის შემდეგ ხატის წინ ანთია უქრობი კანდელი და კელაპტარი.

წყარო: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება და
მისი სასწაულთმოქმედი ხატების ისტორია”, თბილისი, 2001 წ.

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები