მთავარი » კულტურა

“ნუ განსჯით ჩემსა პოეზიასა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.02.2011 | 5,778 ნახვა

,,გიორგი ანგელოზის ხარისხში ადიოდა და ეშმაკმა ეს ვერ მოითმინა. ამიტომ მოხდა ეს ყველაფერი,” – მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

,,გიორგი რომ ადამიანმა გაიცნოს, ყველა მისი ლექსი უნდა წაიკითხოს, რადგან ეს არის ლოცვები, სკოლა, სწავლა… მის გარშემო რაც ხდებოდა და მოხდა, ღვთის ნება და განგება იყო და შეკითხვის დასმა, – რატომ, რისთვის? – იგივეა, რომ მეორე განსაცდელი მოუვლინო საკუთარ თავს,” – ნათელა გავაშელი (გიორგი მახარაძის დედა).

giorgi maxaradzeქ-ნ ნათელა გავაშელი: ,,გიორგი 1969 წლის 23 ნოემბერს, გიორგობას დაიბადა და ეს ჩვენთვის რამოდენა სიხარული იქნებოდა, ყველას მოეხსენება. ნაძალადევში ვცხოვრობთ. დაამთავრა 14-ე საშუალო სკოლა. იმ წელსვე მოეწყო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამთო მანქანებისა და კომპლექსების სპეციალობაზე. ნიჭიერი იყო და მისთვის ყველა სფერო მისაწვდომი გახლდათ. შეეძლო ერთდროულად კარგად ესწავლა ლიტერატურა, მათემატიკა… ერთი ასეთი ჩვევა ჰქონდა: არასდროს საკუთარ თავს არსად წარმოაჩენდა. მორიდებული, ზრდილი ახალგაზრდა ფიქრობდა, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებდა. ეს იქიდანაც ჩანს, რომ გიორგის სიცოცხლეში არაფერი ვიცოდით მისი ლექსების შესახებ.

ინსტიტუტი 1993 წელს დაამთავრა. დიპლომზე მუშაობდა, როცა ყველასათვის მოულოდნელად წავიდა ამქვეყნიდან. ეს, რა თქმა უნდა, დიდი ტრაგედია იყო ჩვენი ოჯახისათვის.

გიორგის ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მამამისის თანამშრომლებთან, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო მექანიკის ინსტიტუტის კოლექტივთან. უყვარდა თავისი არჩეული სპეციალობა, 10 გამოგონების ავტორიც გახლდათ ამ სფეროში. ადვილად ითვისებდა ენებს. კარგად თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ ახლომხედველი იყო და არ დავაცადე, რადგან ფიზიკური დატვირთვა გაუუარესებდა თვალების მდგომარეობას. ამას ყოველთვის მსაყვედურობდა:
,,ფეხბურთი – ჩემი ბავშვობის ტრფობა
და აღმაფრენა სიყმაწვილისა,
გაცრუებული იმედი ჩემი,
გულისტკივილი სიჭაბუკისა.”

მშვენივრად იცოდა როგორც ჩვენი, ისე საზღვარგარეთის ლიტერატურა. კარგად ხატავდა. განსაკუთრებით უყვარდა ილია ჭავჭავაძე. ბუნებით ძალიან კეთილშობილი, დიდსულოვანი ადამიანი გახლდათ. 23 წლის ასაკში არ შეეშლებოდა არაფერი არც ერთ სფეროში. ყოველთვის კორექტული იყო, კარგი მოსაუბრე და, რაც მთავარია, ძალიან საინტერესო პიროვნება. გიორგი არასოდეს მეორდებოდა. ყოველდღე რაღაც ახალსა და საინტერესოს აღმოაჩენდი მასში. ბოლომდე მისი შეცნობა შეუძლებელი გახლდათ. კიდევ ერთი კარგი ჩვეულება ჰქონდა: ადამიანში მხოლოდ დადებითს ხედავდა. ყოველთვის ძალიან ლამაზ დაბადების დღეს ვუხდიდით, რადგან უყვარდა 23 ნოემბერი, გიორგობა და თან მორწმუნე ოჯახი გვაქვს. ამ დღეს ყოველთვის მრავალი სტუმარი გვყავდა. ყველას ისე ექცეოდა, რომ თითოეულ მათგანს თავი პირველ სტუმრად ეგრძნო. ეს მისი დიდი ნიჭი გახლდათ.

უყვარდა ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე სიარული. ერთხელ, მახსოვს, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიიდან მოვდიოდით და გზაში დაინახა, რომ ვიღაც ბიჭები ჩხუბობდნენ. გამაჩერა. მივიდა მათთან, ხმა არ ამოუღია, მიდგა-მოდგა და დააწყნარა მოჩხუბრები. ეს როგორ გააკეთა, ნამდვილად ვერ გეტყვით.”

როგორი შვილი იყო გიორგი?

არაჩვეულებრივი შვილი იყო. ძალიან პატივისმცემელი დედისა და მამის. არასდროს გვაწყენინებდა. ასწრებდა ყველაფერს: ფეხბურთსაც ითამაშებდა, გაკვეთილებსაც ამზადებდა, მეგობრებთანაც წავიდოდა, მაგრამ ყოველთვის თავის დროზე მოვიდოდა სახლში. არ მანერვიულებდა დაგვიანებით, ყველაფერს ასწრებდა. განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბაბუებთან. მამაჩემი ძალიან დიდსულოვანი, კეთილშობილი პიროვნება გახლდათ და ბევრ საერთოს პოულობდა მასთან, ბავშვობიდან გამორჩეულად უყვარდა და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. საერთოდ, იცით როგორი იყო? უყვარდა ქართველი და საქართველო. მასთან ვერ იტყოდი, რომ ქართველი ცუდია. ხშირად უთქვამს ჩემთვის: დედა, ყველა ქართველი კარგიაო. ეს მის ლექსებშიც კარგად ჩანს. ქართველი ადამიანი თავისი ქვეყნის საგანძურად მიაჩნდა. უზომოდ პატრიოტი გახლდათ.

1992 წელს, როცა ქალაქში განუკითხაობა სუფევდა და რუსთაველი იწვოდა, მითხრა: დედა, მთაწმიდაზე უნდა წავიდე და ვილოცო, რა იცი, ჩემნაირი, ალბათ, სხვაც ბევრი იქნება იქ და ჩვენს ლოცვას აუცილებლად შეისმენს უფალიო. ძალიან კი ვინერვიულე, რადგან სახიფათო იყო გარეთ ყოფნა იმ არეულობისა და ბრძოლის დროს, მაგრამ არ დამიჯერა, მაინც წავიდა. საღამოს შედარებით დამშვიდებული დაბრუნდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით აქვს დაწერილი ლექსი ,,ფიქრები მთაწმიდაზე”…

უსაზღვროდ კეთილი და ღვთისმოსავი იყო. ოღონდ ვინმესთვის ხელი მოემართა, ოღონდაც ვინმეს დახმარებოდა. ამ მხრივ საყურადღებოა მისი ლექსი ,,ჩემი ვალია”:
,,ამ წუთისოფელს მოვლენილთათვის,
ყველა ჩვენგანსა გვაქვს ჩვენი ბედი –
– გზა ცხოვრებისა ამქვეყნიური,
ზოგს ძალზე მოკლე, ზოგს ძალზე გრძელი…
ამ წუთისოფლად მოვლენილთათვის
უპირველესი არის ვალია:
კაცთმოყვარება, მიმტევებლობა
სარწმუნოებით ჩვენ გვევალება.
კაცი თუ გიყვარს, უნდა შეგეძლოს
მისი შენდობა და მიტევება…
კეთილი სიტყვა, კეთილი საქმე,
რომ იყოს შენი ცხოვრების მრწამსი,
მუდამ ცდილობდე შენ ვინმეს არგო
და მოაშორო ბილწი, უხამსი…”
გიორგი წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში ფსალმუნებს კითხულობდა.

რამდენს წერდა და როგორ მოხდა, რომ ეს არავის შეგიმჩნევიათ?

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, არასდროს შემიმჩნევია, რომ წერდა. ხშირად იჯდა თავის ოთახში, არასდროს იყო უქმად. სულ რაღაცას აკეთებდა. ეს ნათლად ჩანს მისი ლექსიდან ,,ნუ განსჯი ჩემსა პოეზიასა”… მას არც უფიქრია და არც არასდროს ჰქონია პრეტენზია პოეტობაზე. უბრალოდ ლექსების წერაში სულის ხსნა ჰპოვა. ეს ლექსი გარდაცვალებიდან 4 თუ 5 დღით ადრე დაწერა…

ღვთისმოსავი ადამიანი ვარ და ვიცი, ამქვეყნად ყველა სტუმრები ვართ და ჩვენი მარადიული სამყოფელი ზეციური იერუსალიმია. მეუღლეც მორწმუნეა. ეს ტრაგედია თავს რომ დაგვატყდა, ვერ აღვწერ, აქ რა ხდებოდა. არავის სიცოცხლე აღარ გვინდოდა, ცხოვრებამ დაკარგა აზრი, არც სახლში მოსვლის სურვილი გვქონდა. ვხედავდი, რომ ჩემი ოჯახის საქმე ძალიან ცუდად იყო. და აი, სწორედ ამ დროს ჩვენ მივედით უწმიდესთან. პატრიარქთან ჩემი მეუღლეც წამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ამბობდა: გიორგის მე ვერავინ გამიცოცხლებსო. უნეტარესს ბევრი არ ულაპარაკია. მხოლოდ ეს გვითხრა: თქვენს ოჯახს დღეს განსაცდელი აქვს და მადლობით მიიღეთ. გიორგი იქ ძალიან კარგად იქნება და თქვენ, დედამ და მამამ, ყველაფერი უნდა იღონოთ, ბევრი ილოცოთ და იშრომოთ, რომ მასთან მიხვიდეთ. ის ხშირად იქნება თქვენთან და თქვენ გიორგის სახელზე თუნდაც ერთ პურს თუ დადებთ ყოველ შაბათს ეკლესიაში, ამით მას დიდ საქმეს გაუკეთებთო. პატრიარქთან სტუმრობის შემდეგ ორივემ სხვანაირად შევხედეთ ცხოვრებას. მისმა ამ რამდენიმე წინადადებამ დიდი ცვლილება მოახდინა ჩვენში. ჩემმა მეუღლემ ეკლესიაში სიარული დაიწყო. ხშირად ეზიარება. დილა-საღამოს ლოცვებს კითხულობს და უფალზე წინ არაფერს აყენებს. ყოველ პარასკევს განსაკუთრებულად ვემზადებით. ვაკეთებთ საკურთხს. 18 წელია უკვე, რაც ასე ვიქცევით და ვასრულებთ უწმიდესის კურთხევას.

თვით გიორგის ძალიან უყვარდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, უდიდეს პატივს სცემდა და ჰქონდა მისი დიდი იმედი. ასევე, უყვარდა უწმიდესის ქორეპისკოპოსი მეუფე კონსტანტინე. მან გიორგის ,,საღმრთო რჯული” აჩუქა და უთხრა: ისწავლე, მე შენგან დიდ კაცს გამოვიყვანო. თუმცა გიორგის არ დასცალდა…

ვინ იყო გიორგის სულიერი მოძღვარი და როდიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრება?

გიორგის სულიერი მოძღვარი თავდაპირველად მეუფე ვახტანგი – ბენიამინი იყო. ამჟამად ის ეპისკოპოსია. შემდეგ – იღუმენი ბასილი, მამა ზურაბი, რომელიც ახლა ბერადაა აღკვეცილი. ჯერ კიდევ პატარები, 4 თუ 5 წლისანი იყვნენ გიორგი და მისი და, როცა ტაძარში დამყავდა და უკვე ეზიარებოდნენ, ლოცულობდნენ. გიორგის ძალიან უყვარდა ქაშუეთი, სადაც მოინათლა… მას სწამდა ღვთის უზენაესობის, რაც ლექსში ,,ლოცვა-ვედრება” კარგად ჩანს. ეს ლექსი ყველა ახალგაზრდამ უნდა წაიკითხოს და ვფიქრობ, ის სხვანაირი შეიქმნება, სხვანაირად შეხედავს თავის ქვეყანას, ხალხს და უკეთესობისაკენ შეიცვლება სულიერად. სასწაული ლექსია ,,საქართველოს დიდება”… მასში მთლიანად საქართველოა ასახული თავისი წარსული დიდებითა და მომავლის იმედით.”

ლეონ მახარაძე (გიორგი მახარაძის მამა): ,,გიორგი თავისი ბუნებით განსაკუთრებული ადამიანი იყო. მოკლედ ძალზე ძნელია ამის გადმოცემა. მისი ყოველი ქმედება გამოირჩეოდა მაღალი ზნეობითა და კაცთმოყვარებით. იგი ღვთის მიერ დაჯილდოებული გახლდათ ადამიანისადმი მინიჭებული უმაღლესი გრძნობებით. იყო უსაზღვროდ კაცთმოყვარე, თავმდაბალი, მიმტევებელი, მოწყალე, გულთბილი, გულჩვილი, გულწრფელი და მართალი, გულმოდგინე და მშრომელი და ა.შ. განსაკუთრებით თანაუგრძნობდა უპოვრებს, ინვალიდებსა და მოხუცებს.

ღმერთის დაბადებიდანვე მწამდა, მაგრამ ახალგაზრდობაში ეკლესიური არ ვყოფილვარ, ძნელი გსაგები არ არის, თუ რატომ. ჩემი მეუღლე და ბავშვები ეკლესიურები გახლდნენ. ჯერ კიდევ სულ პატარა იყო გიორგი, როდესაც, ჩემდა გასაკვირად, ,,მამაო ჩვენო” და მოკლე ლოცვები ზეპირად მითხრა. დედას და ბებიას (დედის მხრიდან) მუდმივად დაჰყავდათ ბავშვები ეკლესიებში წირვა-ლოცვაზე. ქაშუეთი უყვარდა ძალიან, რადგან ეს ეკლესია წმიდა გიორგის სახელობისაა და გიორგიც იქ იყო მონათლული. განსაკუთრებულ პატივს სცემდა მამა ელიზბარს თავისი გულთბილობისათვის. ისე კი, ბევრ ეკლესიაში დადიოდა წირვა-ლოცვაზე.

გიორგის ლექსების წერის შესახებ სერიოზულად ჩვენთვის არაფერი უთქვამს. პირველად მაშინ გავიგე, როცა წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესიაში მამაოს ესაუბრებოდა, რომ ლექსებს ვწერო, რაც მოძღვარმა მაინცადამაინც არ მოუწონა. მე ეს საუბარი სერიოზულად არ მიმიღია და არც დიდი ყურადღება მიმიქცევია, ძალზე გულსატკენია, თუ ეს საუბარი გახდა მიზეზი გიორგის მიერ ლექსების წერის გაუმხელობისა.

ისე, ლექსების თქმა ექსპრომტად, ცალკეული სტროფების სახით მუდამ უყვარდა. ერთხელ ბაბუას დაბადების დღეზე მთელი ლექსი მიუძღვნა.

გიორგის ლექსების ჩანაწერები აღმოვაჩინეთ მაშინ, როდესაც მისმა დამ მისი საწერი მაგიდის დალაგება დაიწყო. ეს ჩვენთვის დიდი სიხარულიც იყო და უდიდესი გულისტკივილიც. მე გიორგის ლექსები ცრემლების გარეშე არასოდეს წამიკითხავს და ვერც დღეს ვკითხულობ. ეს ნამდვილად საოცრებაა, ღვთით მინიჭებული სულიწმიდის მადლი, რასაც თვით გიორგი პირდაპირ აცხადებს ლექსში ,,ძალა მადლისა სულიწმიდისა.” ასეთი ლექსები ლოცვების სახით მხოლოდ წმიდა სულის მქონე მართლმადიდებელმა შეიძლება ,,გულით ნათქვამი სიტყვების” სახით წარმოთქვას.
გადავწყვიტე გიორგის ლექსები შესაძლებლობების ფარგლებში დამებეჭდა, რათა მათი კვალი საერთოდ არ გამქრალიყო. მოგეხსენებათ, გიორგის დაღუპვის პერიოდი უსაშინლესი პერიოდი იყო. ფინანსურად ძალზე ხელმოკლენი ვიყავით. გამოსავალის ძებნა მეგობრებში, ახლობლებში, ნათესავებში დავიწყე. აქვე აღვნიშნავ, რომ თუ კი რამ გამოიცა გიორგის სახელით, ყველაფერი მათი გულისხმიერების შედეგია.

თავდაპირველად სულ მცირე მოცულობის ლექსების კრებული, რომლის სახელწოდებაა ,,გულით ნათქვამი სიტყვების კონა,” ჩემმა ქვისლმა გამოსცა, უბრალოდ, სამახსოვროდ, სრულიად უფასოდ. კრებულის დასახელება გიორგის ერთ-ერთი ლექსიდან ამონარიდია.

წლების განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში, რომელსაც გააჩნდა საკუთარი გამომცემლობა (ხელმძღვანელი დიდებული პიროვნება შოთა შენგელია) სტამბით (ხელმძღვანელი ასევე დიდებული პიროვნება რევაზ გრიგოლია). მათ კარგად ვიცნობდი და ვესაუბრე გიორგის ლექსებსა და ჩემს სურვილზე. მთხოვეს, მიმეტანა მათთან, რაც კი მასალა გამაჩნდა და შემპირდნენ, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებდნენ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მათი თხოვნა მაშინვე შევასრულე. სამწუხაროდ, სულ მალე ბატონი რევაზი გარდაიცვალა. ცოტა ხნის შემდეგ გამომცემლობა გააუქმეს, სტამბის შენობა კი გაიყიდა. ჩემ მიერ მიტანილი მასალების კვალს იმ არეულობაში ვერ მივაკვლიე. ძალზე ვინერვიულე და განვიცადე. ეს გიორგის ხელმეორედ დაღუპვას უდრიდა ჩვენთვის. მას შემდეგ მრავალმა წელმა გაიარა, ჩვენთვის ძალზე მტკივნეულმა, მაგრამ ღვთისა და კეთილი ნების ადამიანების წყალობით დაახლოებით ათი წლის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ მათ მაკულატურაში ჩასაბარებელ მასალაში აღმოაჩინეს გიორგის ლექსების კრებულები და სხვა მასალა და თუ არ წავიღებდი, ისინი ყველაფერს გადაყრიდნენ. რაღა თქმა უნდა, მაშინვე მივედი მათთან, ყველაფერი წამოვიღე და ღმერთსა და მათ დიდი მადლობა გადავუხადე. აღმოჩნდა, რომ ბატონ რევაზს თავისი დაპირება გარდაცვალებამდე შეესრულებინა.

გიორგის ორივე კრებულის წინასიტყვაობა პოეტ ამირან ასანიძეს ეკუთვნის, რომელიც ასევე ჩემი ქვისლის – ირაკლი ნატროშვილის მეგობარი იყო და გიორგისაც პირადად იცნობდა. სწორედ მან მისცა პირველი შეფასება გიორგის ლექსებს, როდესაც თქვა: ,,გიორგის ლექსები ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის პოეზიის შერწყმის შესანიშნავი ნიმუშიაო.” ამ შეფასებისა და ყველა იმ პირთა აზრის, რომლებიც გაეცნენ გიორგის ლექსებს, გათვალისწინებით გამიჩნდა სურვილი, რომ ჩვენს ხელთ არსებული ლექსები გამომეცა ,,სრული კრებულის” სახით. გადავწყვიტე, გიორგის ლექსები ჩვენი ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი პოეტის – ანა კალანდაძისათვის მიმეტანა რედაქტორობისათვის (ჩასწორებისათვის) და მეთხოვა, მისივე წინასიტყვაობით გამომეცა კრებული. გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი დამიკავშირდა და მითხრა: ,,გიორგის ლექსებს არავითარი ჩასწორება არ სჭირდება, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ჩვენ შორის აღარ არის, ხოლო წინასიტყვაობას აუცილებლად შევადგენ უახლოეს მომავალშიო.” მაშინ აბსოლუტურად მხნედ გრძნობდა თავს. მოხდა სასწაული და იგი სულ მალე გარდაიცვალა. გულისტკივილი, რაღა თქმა უნდა, უდიდესი იყო. მაინც გადავწყვიტე, ჩანაფიქრი განმეხორციელებინა. კვლავ მეგობარ-ახლობლების დახმარებით მოვახერხე გიორგის ლექსების მესამე კრებულის დაბეჭდვა სახელწოდებით ,,ნეტავი სანთლად ჩამომქნა” ძალზე მცირე ტირაჟით – სულ 100 ეგზემპლარის რაოდენობით ძალზე ახლობელი წრისათვის – გიორგის მეგობრებისა და ნათესავებისათვის. ეს წიგნი პატრიარქის ლოცვაკურთხევით გამოიცა.

ბოლო ორი კრებულის მხატვრული გაფორმება ეკუთვნის ჩემი ბავშვობის მეგობარს, დიდებულ ხელოვანს – ემირ ბურჯანაძეს.

ბოლო გამოცემის, პირობითად, გიორგის ლექსების ,,სრული კრებულის” რამდენიმე ეგზემპლარი მწერალთა კავშირს მივართვი სამახსოვროდ და არა იმ მიზნით, რომ გიორგი პოეტად გამომეცხადებინა, რისი წინააღმდეგი თვითონ იგი იყო.

კარგა ხნის შემდეგ მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ, ღვთისნიერმა და დიდებულმა ქალბატონმა მაყვალა გონაშვილმა შემატყობინა, რომ კრებულმა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოაწყონ გიორგის, როგორც ახალგაზრდა, უდროოდ გარდაცვლილი პოეტის ხსოვნის საღამოო. და ეს საღამო მწერალთა კავშირის ინიციატივით მართლაც მოეწყო გასული წლის 18 დეკემბერს ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში. საღამოს უამრავი ხალხი დაესწრო და მეტად საინტერესოდ, გულთბილ ვითარებაში ჩატარდა. ყველა დამსწრე დიდად კმაყოფილი დარჩა გარდა ჩემი და ჩემი მეუღლისა, რადგან საღამომ გამოიწვია გიორგის დაკარგვით გამოწვეული გულისტკივილის განახლება და გაძლიერება.

სწორედ ამ საღამოს შემდეგ გადავწყვიტე გიორგის ლექსები მთელი გულისყურით წამეკითხა სრულად, თუმცა ჩემთვის ეს ძალზე მტკივნეული და ძნელი საქმე გამოდგა. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ლექსების უდიდესი ნაწილი მართლაც ჭეშმარიტი ქართველი მართლმადიდებლის გულით წარმოთქმული ლოცვებია, რომელსაც რაც შეიძლება მეტი ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა უნდა გაეცნოს. გიორგის ლექსებში ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის არც ერთი მტკივნეული საკითხი არ არის გამოტოვებული. უმეტესი მათგანი ზუსტად მიესადაგება დღევანდელ ვითარებას და ძალზე ყურადსაღებია ყველასათვის…

ჩვენ მწერალთა კავშირს განვუცხადეთ და თქვენც გეუბნებით, რომ მთელს გიორგის ,,შემოქმედებას” ვუძღვნით საპატრიარქოს, რომელსაც უფლება აქვს თუგინდ თვითონ, თუგინდ ნებისმიერი სპონსორის საშუალებით, რამდენი ტირაჟითაც უნდა, დაბეჭდოს გიორგის ლექსების კრებული და რეალიზება უყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიღებული შემოსავალი კი თვითონვე განკარგოს საჭიროებისდამიხედვით.”

დაბოლოს, გთავაზობთ გიორგი მახარაძის რამდენიმე ლექსს და მოგიწოდებთ, ნუ ,,განსჯით” მის პოეზიას. გიორგის ხომ პოეტად არასოდეს ჩაუთვლია თავი?! უბრალოდ, მან თავისი გულისნადები, ტკივილი თუ მწუხარება ფურცლებზე გადმოიტანა და ამაში ,,სულის ხსნა” ჰპოვა. შევუსრულოთ თხოვნა და მივიღოთ მისი ლექსებისაგან სითბო და სიმშვიდე, რათა გიორგის სულმაც მშვიდად განისვენოს და ილოცოს თავის სამშობლოსა და მშობელ ერზე:
,,თუკი ოდესმე ჩემი ლექსები
კეთილნო ჩემნო, თქვენ წაიკითხოთ,
არ იფიქროთ, რომ პოეტად ვქმნილვარ
და მე ამდენად არ განმიკითხოთ.
ნუ განსჯით ჩემსა ,,პოეზიასაც,”
თუ ყველაფერი რიგზე არ იყოს,
მთავარია, რომ გრძნობები ჩემი
ყველა თქვენგანმა სწორად გაიგოს…
და ეს გრძნობები ლექსის სტროფებად
ჩამოვამწკრივე მხოლოდ იმიტომ,
რომ მე ამაში სულის ხსნა ვნახე
და საფასურად სხვას არას ვითხოვ…
ჩემი აზრები ლექსებად თქმული, _
გულით ნათქვამი სიტყვების კონა,
არ დაიწუნოთ და არ განსაჯოთ
ჩემი თქვენდამი იქნება თხოვნა.
და თუ ისინი ჩემსა მეგობრებს,
ან კიდევ თუნდაც მრავალსა სხვასა,
მიანიჭებენ სითბოს, სიმშვიდეს,
დიდ ბედნიერად ჩავთვლი მე თავსა.”

(,,ნუ განსჯით ჩემსა პოეზიასა”)

25.03.1993

ლოცვა-ვედრება

მამაო ჩვენო, უფალო ღმერთო,
შენ მოგვიტევე ყველა ცოდვები,
განწმინდე სული ჩვენი ბილწისგან
და შეისმინე ჩვენი ლოცვები.
დედაო ღვთისა, წმინდა მარიამ,
ევედრე ჩვენს ღმერთს და ძესა შენსა
ისმინოს ჩვენი ლოცვა-ვედრება,
მადლი მოჰფინოს შენ წილხვედრ ერსა.
წმინდა სამებავ, უზენაესო,
შენ შეიწყალე ერი ქართვლისა,
განწმინდე ყველა ბოროტისაგან
გარჩევა მიეც მტრის და მოყვრისა.
თქვენ გევედრებით ყოვლადწმინდანო,
ევედრეთ ქრისტეს ყველამ ერთხმადა,
გონება მისცეს ჩემს თანამოძმეთ
ყველა შეიკრას მუშტად ერთადა.
წმინდა გიორგი, ჩვენო მფარველო,
ევედრე შენცა ქრისტესა ღმერთსა _
სამშობლო მიხსნას განსაცდელისგან,
ლახვარი ჩასცეს მომხდურსა მტერსა.
წმინდაო ნინო, დიდო ქალწულო,
შენც შეევედრე ჩვენს ქრისტე ღმერთსა,
რომ შენი ვაზის ჯვრისა სიწმინდე
გზას უნათებდეს მუდამ ივერსა.
წმინდა ნიკოლოზ, მღვდელთა მთავარო,
შენც შეევედრე უფალსა ღმერთსა,
შენი გონების და სიტყვის ძალა
კვლავ მისცემოდეს ჩემს ცოდვილ ერსა.
ქალწულ-მოწამევ, წმინდა ბარბალე,
ევედრე ღმერთსა – ჩვენსა ქრისტესა,
მგლის მუხლი მისცეს დ შემართება,
თვალში სინათლე ყოველ ქართველსა.
წმინდა მამაო, შენ გარეჯელო
დავით, ევედრე შენებრ ქრისტესა
მიმტევებლობის, ერთიანობის
გრძნობა ჰქონოდეს ყოველ კუთხესა.
დიდო წმინდანო და მოციქულო
პეტრევ, ევედრე შენც ქრისტე ღმერთსა,
ჯაჭვი მონობის გარშემორტყმული
სულ დაემსხვრიოს ჩემს ტანჯულ ერსა.
პანტელეიმონ, მკურნალო წმინდავ,
ევედრე მუდამ ქრისტესა ღმერთსა,
რომ განიკურნოს და ძალა მისცეს
დღეს უძლურად მყოფ ქართველსა ერსა.
ნათლისმცემელო, შენ იოანევ,
კვლავ შეავედრე ქრისტეს სამშობლო,
რომ განიბანოს უღირს გრძნობათგან,
კეთილი იყოს ყველაფრის ბოლო.
ყოვლადწმინდაო, უნეტარესო,
შენც აღავლინე ლოცვა ღვთისადმი,
ევედრე რათა ყოველ ქართველსა
რწმენა ჰქონოდეს მუდამ მისადმი.
დიდო ილიავ, მირონცხებულო,
ერის სახელით შესთხოვე ღმერთსა,
რომ აღესრულოს შენი ვედრება
ლექსებად თქმული სამშობლოსადმი
და აყვავებულ შენსა ქვეყანას
სამადლობელი ეთქვას ღვთისადმი.

15.03.1993

გადარჩენის გზა მხოლოდ ერთია

ვაგლახ, ქართველო! რას დაემსგავსე,
რად დაგიკარგავს ელფერი შენი,
დავიწყებას და წარსულს ჩაბარდა
შენი ღირსება, დიდების დღენი?!
ნუთუ უმეტესთ დავიწყებიათ
შეჭირვებისგან დღევანდელ დღისა
ათი მცნება და ცხრა ნეტარება,
ადათ-წესები ქართველთ მოდგმისა?!
ნუთუ არ გვახსოვს, რომ ჭირსა შიგან
გვმართებს სიმაგრე ჩვენ, ვით ქვითკირსა,
რომ ამ განგებით ვცხოვრობდით მუდამ,
გვქონდა იმედი ხვალინდელ დღისა.
დიდ წინაპართა ამ ანდერძმა ხომ –
ჩვენი ცხოვრების სიმბოლოდ ქმნილმა,
გაუძლო მრავალ ჭირსა და ვარამს
გადაშენებას გადაგვარჩინა.
დღეს კი, როდესაც ჩვენ გვაქვს უფლება
მობრუნებისა ბედის ჩვენისა,
რამ დაგვავიწყა ბრძნული ანდერძი,
რატომ არა გვწამს დღევანდელ დღისა?!
ვგონებ ყველასთვის ცხადზე ცხადია,
ჩვენ შეგვიძლია, დღევანდელ დღესა
აღვდგეთ ჩვენ მკვდრეთით და დავიბრუნოთ,
რასაც ვნატრობდით მრავალსა წელსა.
მაგრამ დღევანდელ ყოფითა ჩვენით
ვერას დავაკლებთ ჩვენ ჩვენსა მტერსა,
ვერასა საქმეს შევიქმთ საშურსა,
ვერ დავიბრუნებთ დიდების დღესა.
მხოლოდ ზემოთა თქმული ანდერძის
შესისხლხორცება და აღთქმა სრულად
მოგვცემს ჩვენ ძალას და შემართებას,
ყველასა დავხვდეთ ვით ეკადრება –
მოყვასს მოყვრულად და მტერსა მტრულად.
დღეს კი რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში
რასაც სჩადიან მეტწილ ქართველნი,
ვერა საშველსა ვერ მისცემს ერსა
და დაგვამონებს კვლავ ჩვენსა მტერსა.
ჩვენს ხალხს, ქვეყანას მრავლად ჰქონია
მტრის შემოსევა და ტანჯვის დღენი,
მაგრამ მონებად ვერვინ გვაქცია
თუმც მაშინც გვყავდნენ ჩვენ ავის მქმნელნი.
მრავალ ურდოთგან ვერავინ შეძლო,
რომ გაეტეხა ქართული სული,
უბოროტო და კაცთა მოყვარე
უსპეტაკესი ვით ქრისტეს რჯული.
ეს იმიტომ, რომ ჩვენში მუდამ ჟამს
სჯობდა სიკეთე ბოროტს და მტრობას,
და ჭეშმარიტი ქართველი მუდამ
თაყვანსა სცემდა სიყვარულს, ძმობას.
მე კი ღრმად მინდა გულით ვირწმუნო,
განიწმინდება ქართველთა სული,
და სიყვარულით სამშობლოს, მოძმის
კვლავ აღივსება დღეს მათი გული.
ბოროტი მუდამ თავგამოდებით
მხოლოდ კეთილსა თან სდევდა მუდამ,
მას ხომ ყოველთვის საშური საქმის
დაკნინება და დაცემა სურდა.
კვლავ გულით მინდა, მე დღეს ვიწამო
ქრისტიანული ჭეშმარიტება –
ვინც კეთილია და წმინდა სულის,
ბოროტი მუდამ მას ეტანება.
მე ასეთ კეთილ და წმინდა სულის
მინდა ვიწამო ყველა ქართველი,
ვისაც სისხლში აქვს მტკიცედ გამჯდარი
წმინდა ანდერძი წინაპართ ჩვენი.
თუმცა ბოროტი დღეს ასე მძლავრად,
მიტანებია მეტ წილ ქართველთა,
მწამს, რომ ვიპოვით გადარჩენის გზას
და მალე ვიხსნით სამშობლოს ჩვენსას.
გადარჩენის გზა მხოლოდ ერთია –
თაყვანისცემა ქრისტეს რჯულისა,
მონანიება ყველა ცოდვების
განწმენდა ტანჯულ, ცოდვილ სულისა.
და მხოლოდ მაშინ მოხედავს ჩვენს ხალხს
დიდი უფალი და ღვთისმშობელი,
წმინდა ნინო და წმინდა გიორგი,
დიდნი წმინდანნი ჩვენზე მლოცველნი.
და მხოლოდ მაშინ განიდევნება
ბოროტი, ბილწი, ყოვლად უხამსი,
დღეს გზააბნეულ ჩვენთა მოძმეთგან
აღორძინდება კვლავ წმინდა სული,
რაც რომ გააჩნდა ჩვენსა წინაპრებს –
ჭეშმარიტ ქართველთ უხსოვარ დროით.
დღეს ყველა ქართველს შევთხოვ ამიტომ,
რომ განიწმინდოს ბილწისგან სული,
მიმტევებლობის, ძმობის გრძნობებით,
კაცთმოყვარებით აღივსოს გული.
გულში ჩავიკრათ ყველამ ერთურთი,
ყველამ გავიყოთ საერთო ჭირი,
როგორც ჩვევიათ ჩვენს წინაპართა,
კვლავ შევდუღაბდეთ ვითა ქვითკირი.
მაშინ ვიწამებ, რომ არ იქნება
ჩვენი მძლეველი ამქვეყნად მტერი,
უმალ მივაღწევთ ჩვენსა საწადელს,
რომ დავიბრუნოთ დიდების დღენი.

08.03.1993

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარი არ არის »

  • დავითი says:

    ყოჩაღ თათია, ძალიან გულშიჩამწვდომი სტატიაა!

    აფერუმ რა ვაჟკაცი დაგვიკარგავს. საქართველო იყო და მუდამ იქნება გმირებისა და პოეტების აკვანი!

  • ლანა says:

    არაჩვეულებრივი ლექსებია :) აღფრთოვანებული ვარ

  • ირინა says:

    თათი,ძალიან საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ შენ, საერთოდაც ბევრი საინტერესო სტატია დევს თქვენ საიტზე.

  • მარინა კურტანიძე says:

    თათია ძალიან კარგი საიტი გაქვთ.თითქმის ყველა სტატია ძალიან საინტერესო და კარგი წასაკითხია, რაც არ უნდა მძიმე იყოს.მის მშობლებს კი გულწრფელად უსამძიმრებ და ვიზიარებ მათ მწუხარებას. და კარგად ვიგებ მათ გულისტკივილს, რადგან მეც შვილმკვდარი დედა ვარ.

  • თათია says:

    ძალიან სამწუხაროა რომ ესეთ ადამიანს სიცოცხლეში ვერ გაიცნობს საზოგადოება,ძალიან თბილი და გულშიჩამწვდომი ლექსებია.უღრმესი მადლობა თქვენ რომ ამის ნახვის საშუალება მოგვეცა…

  • ლევანი says:

    არ ვიცი რა ვთქვა, შუადღიდან ამ საიტზე ვარ და მგონი უკვე თენდება.ალბათ რამდენიმე ღამე არ დავიძინებ სანამ ყველა სტატიას არ წავიკითხავ.ძალიან კარგი საიტია. გმადლობთ საიტის ავტორებს.

  • თინა says:

    ღმერთმა აცხოვნოს გიორგი (ეჭვი არ მეპარება ცხონებულია, დიდი მორწმუნე და მამულიშვილი ყოფილა, ღმერთმა გვიმრავლოს მისნაირი ქართველები, მაგრამ უფალმა გაარიდა მიწიერ ჭუჭყსა და ბალრამს. ის ამას ვერ აიტანდა ეხლა რაც ხდება და ძალიან გაუჭირდებოდა

    • ლადო says:

      თინა გეთანხმები… მადლობა უფალს მოგვეცა შესაძლებლობა ასეთი ბრწყინვალე და წრფელი პიროვნების, გიორგი მახარაძის ლექსების წაკითხვისა, ასევე მადლობა მშობლებს მის ამგვარად აღზრდისათვის, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ისინი, სულიერი სიმტკიცე და ფიზიკური მხნეობა მიჰმადლოს მათ. ——-გიორგის სახით მისმა ოჯახმა და ქართველმა ერმა დიდი პიროვნება დაკარგა ქვე-ყანაზე, მაგრამ რეალურად ზე-ყანაში შეიძინა უძვირფასესი, დიდი, მეოხი და მლოცველი სული ჩვენი ქვეყნისთვის ღვთისა წინაშე

  • დავით says:

    ვაგლახ, ქართველო! რას დაემსგავსე,
    რად დაგიკარგავს ელფერი შენი,

    აი ეს ლექსი უნდა წაიკითხოს დღეს ყველა ქართველმა!!!! თანაც სასწრაფოდ

  • დავით says:

    ეს ბიჭი ნამდვილად არ ყოფილა ჩვეულებრივი, უბრალოდ კარგი პოეტი ან ა. შ. მარტო მისი ლექსების წაკითხვა კმარა მისახვედრად. არაფრით არ გავს ასეთი ახალგაზრდა ბიჭის ნაწერს, რომელიღაც უდიდესი ბუმბერაზი პოეტის ნაწერს გავს კი არა, ნამდვილად არის!

    ამდენჯერ რომ შეფერხდა მისი ლექსების გამოქვეყნება და კინაღამ მაკულატურაში რომ დაიკარგა, იმას ნიშნავს რომ რაღაც ისეთია ყველამ აუცილებლად უნდა წავიკითხოთ! ძალიან მნიშვნელოვანი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი