25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარისაზოგადოებანინო ვარდოსანიძე ეკლესიასთან სიახლოვეს ცდილობს

ნინო ვარდოსანიძე ეკლესიასთან სიახლოვეს ცდილობს

ნინო ვარდოსანიძეტელეკომპანია “იმედის” ტელესახე, ნინო ვარდოსანიძე, საინფორმაციო გამოშვება “ქრონიკის” ეთერით, ყოველ საღამოს მოსახლეობას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ აუწყებს. თუ როგორ ხდებოდა მომხიბვლელი და ნიჭიერი ჟურნალისტის კარიერული წინსვლა, რამ განაპირობა მისი წარმატება და როგორია მისი ეკრანს მიღმა ცხოვრება, “ამბიონის” კითხვებს თავად ნინო ვარდოსანიძემ უპასუხა.

ნინო ვარდოსანიძე: “როდესაც გადავწყვიტე, რომ ჟურნალისტი გავმხდარიყავი, უკვე ვიცოდი, რომ აუცილებლად მივაღწევდი მიზანს. ზუსტად ვიცოდი, რომ ბევრი ეტაპის გავლა მომიწევდა, თანაც მარტო, იმიტომ რომ ამ სფეროში მე არ მყავდა ადამიანი, რომელიც რამეში დამეხმარებოდა და ხელს შემიწყობდა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მქონდა რწმენა და ეს ბევრ რამეში დამეხმარა. ვიმუშავე გაზეთებში, ვისწავლე აკაკი გოგიჩაიშვილის საგამოძიებო ჟურნალისტიკის სკოლაში და თუკი სადმე რამე ტრეინინგი ტარდებოდა, ყველგან დავდიოდი. ტელევიზიაში კი მოვხვდი 2003 წელს, “მზეში”. მაშინ “მზე” ახალი გახსნილი იყო და ბევრი გამოცდილი და ნიჭიერი ჟურნალისტი მუშაობდა. იქ ბევრი რამ ვისწავლე. წარმატებას მივაღწიე იმიტომ, რომ ეს ძალიან მინდოდა და ბევრიც ვიშრომე, ამაში უდიდესი წვლილი, რა თქმა უნდა, იმ ადამიანებს მიუძღვით, რომლებმაც ჩემში ეს სურვილი და შესაძლებლობა დაინახეს.

დღეს ხართ ტელეკომპანია “იმედის” ტელესახე, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, ყოველდღე ქვეყნის უმთავრეს ინფორმაციას აწვდიდეთ მოსახლეობას?

ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მაყურებელი იმდენად მომთხოვნია, რომ ალბათ შეუძლებელია ყველასათვის მისაღები იყო. თუმცა, მე ვცდილობ, რომ ინფორმაცია გასაგებად, მარტივად მივაწოდო, შევინარჩუნო ობიექტურობა და ხალხს დადებითი ენერგია გადავცე მაშინაც კი, როცა საკმაოდ რთულ თემებზე მიწევს საუბარი. საინფორმაციო გამოშვების წამყვანს შეცდომა ნაკლებად ეპატიება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი როლი აკისრია მედიას ადამიანების ცხოვრებაში და რამდენად აკმაყოფილებენ დღევანდელი მედია საშუალებები ჟურნალისტიკის უმთავრეს პრინციპებსა და ფუნქციებს?

ერთ დიდ ადამიანს უთქვამს, ჟურნალისტები დროის ბებიაქალები და მესაფლავეები არიანო. ეს მართლა ასეა. ტელევიზია ჩვენი ცხოვრების ანარეკლია. არ მინდა ვინმე განვსაჯო, უბრალოდ ვიტყვი, რომ ყველა პრინციპის დაცვა რთულია. დღეს მედია საშუალებები ცდილობენ, რომ დაკისრებული ფუნქცია შეასრულონ, რამდენად გამოსდით ეს, ალბათ მაყურებელი შეაფასებს.

პროფესიული საქმიანობის შესრულებისას გქონიათ თუ არა შემთხვევა, გაგეცხადებინათ ისეთი არაეთიკური ინფორმაცია, რასაც შეიძლება მოსახლეობისთვის მეტ-ნაკლებად ზიანი მიეყენებინა?

მე პირადად არ მქონია ასეთი შემთხვევა და იმედი მაქვს არც მომავალში მექნება.

რა არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რაც დამწყებ ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ და რაზე უნდა გააკეთონ მათ ორიენტირი?

მე მაქვს დამწყებ ჟურნალისტებთან ურთიერთობა და მათ ორ ნაწილად დავყოფდი. ერთ ნაწილს უნდა ტელევიზიაში მუშაობა, თუმცა, ბოლომდე არ აქვს გათავისებული, რამდენი შრომაა საჭირო წარმატების მისაღწევად. მათი მთავარი მიზანი ეკრანზე გამოჩენაა. მეორე ნაწილი ენთუზიაზმით და ენერგიით არის სავსე, ასეთებს ხელის შეწყობა სჭირდებათ. მე ვფიქრობ, რომ დამწყებ ჟურნალისტს კარგად უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული რა უნდა და ყველანაირი საქმისთვის და დაბრკოლებისთვის მზად უნდა იყოს. ჟურნალისტს განათლება და ადამიანებთან ურთიერთობის ცოდნა სჭირდება.

როგორია ნინო ვარდოსანიძის კადრს მიღმა ცხოვრება?

ეკრანზე ძალიან სერიოზული ვჩანვარ. ბევრი მეუბნება, ხშირად რატომ არ იღიმებიო. საინფორმაცი გადაცემის წაყვანისას რთულია სულ იღიმებოდე, ალბათ დამეთანხმებით. ცხოვრებაში სხვანაირი ვარ, მიყვარს გართობა, დიდ დროს ვატარებ მეგობრებთან. ჟურნალისტიკის გარდა ინტერესის სხვა სფეროებიც მაქვს, ამჟამად ფსიქოლოგიური ლიტერატურით ვარ დაინტრესებული, ვვარჯიშობ და ხშირად დავდივარ ქალაქგარეთ. ვცხოვრობ მშობლებთან და დასთან ერთად.

რამდენად ცხოვრობთ ქრისტიანული წესების დაცვით?

ათი წელია, ქაშუეთის ეკლესიის მრევლი ვარ. ჩემი მოძღვარი მამა ელიზბარია. რამდენიმე წლის განმავლობაში, რთული გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებდი წირვა-ლოცვაზე დასწრებას, ახლა ეს პრობლემა აღარ მაქვს. ვცდილობ, ეკლესიასთან ახლოს ვიყო.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები