მთავარი » კულტურა

ნინო ფერაძის მხატვრობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.07.2013 | 6,244 ნახვა

ნინო ფერაძე განსხვავებული პალიტრის მხატვარია.მას მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ნინო ფერაძე ის ასევე ავტორია ოცამდე პერსონალური გამოფენისა, მინიჭებული აქვს რამდენიმე პრიზი და პრემია.

ხატავს ბავშვობიდან, მუშაობს გრაფიკასა და ფერწერაზე. მისი ნამუშევრები გამოირჩევა განსხვავებული ინდივიდუალური სტილით.

ნინო ფერაძე (მხატვარი): „რაც დავიბადე, სულ ვხატავ, საბავშვო ბაღის ნახატებიც კი მაქვს შენახული.

რაც შეეხება პროფესიულ მხატვრობას, სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანის წინაშე დავდექი: ან არქეოლოგი უნდა გამოვსულიყავი, ან მხატვარი. ორივე პროფესია ძალიან მომწონდა, მაგრამ მაინც მხატვრობა ავირჩიე.

ჩავაბარე ეკადემიაში. ჯერ ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინზე, მერე გადავედი გრაფიკაზე, დაზგური გრაფიკის ფაკულტეტი დავამთავრე. ჩემი პედაგოგი და ხელმძღვანელი იყო ლადო ქუთათელაძე. პარალელურად დავიწყე მუშაობა კინოსტუდიაში“ქართულიფილმი“ ანიმაციის დამდგმელ მხატვრად. თავიდან ჩემთვის ეს სამუშაო იყო უცხო, უცნობი, მაგრამ ძალიან საინტერესო, რამაც ძალიან გამიტაცა და 10 წელზე მეტი ამ სფეროში ვმუშაობდი.საკმაოდ ბევრი ფილმი მაქვს გაკეთებული. ჩემი პირველი ფილმი იყო „პორტრეტი.“ ეს გახლდათ ლადო სულაქველიძის სადიპლომო ფილმი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, იმიტომ რომ, არასდროს არ გამიკეთებია ანიმაცია და ეს გახლდათ ჩემი პირველი ნამუშევარი ამ დარგში.“

მისი ნამუშევრებიდან ძირითადად პოზიტივი გამოსჭვივის. ამბობს, რომ ნამუშევრების გაჩუქება და გაყიდვა არ ენანება, მაგრამ არასდროს არ გაატანს სხვას ისეთ ნახატს, რომელშიც უარყოფითი ენერგია დევს.

თქვენი ნამუშევრებიდან რომელს გამოარჩევდით ყველაზე მეტად?

ასე ვერ გამოვარჩევ. ყველა ნახატი მიყვარს, თუმცა არასდროს არ ვფიქრობ, რომ ეს ნამუშევარი მარტო ჩემი უნდა იყოს, ბროწეული თუ ვინმეს მოსწონს და უყვარს,არც გაყიდვა და არც გაჩუქება არ მიჭირს.

როდესაც შევედით მხატვრის სახლში, ჩვენი ყურადღება მიიქცია დიდი ზომის ტილომ, რომელზეც ბროწეული იყო გამოსახული. ეს ნახატი სხვებისგან გამოირჩეოდა თავისი მასშტაბებითა და ფერებით.

„ბროწეულის ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია მაქვს დახატული, თუმცა ეს ერთ-ერთი გამორჩეულია. მინდოდა, რომ ეს ბროწეული ყოფილიყო ჩემი შეგრძნებებიდან გამომდინარე და არა უბრალოდ ნატურმორტი.

ზოგადად, ძალიან მიყვარს მცენარეები. კონკრეტულად ვერ დაგისახელებთ მცენარეს, ყველა ყვავილი და მცენარე მომწონს, რადგან ყველას აქვს რაღაც საინტერესო თავისებური სილამაზე.“

როგორც ვიცით, მუშაობთ წიგნის ილუსტრაციებზეც. რომელი წიგნები გაქვთ დასურათებული?

დიახ, ვმუშაობდი წიგნის ილუსტრაციებზეც. დავასურათე რამდენიმე სკოლის სახელმძღვანელო, მაგრამ ჩემი ყველაზე სერიოზული და საყვარელი ნამუშევარია ვაჟა-ფშაველა, ვაჟა ფშაველას ილუსტრაცია რომელიც გამოიცა 1994 წელს მცირე ტირაჟით. მეც ერთი ეგზემპლარი მაქვს და ძალიან მიყვარს.

თქვენი რამდენიმე ნახატი რელიგიურ თემაზეა. ზოგადად, რა დამოკიდებულება გაქვთ რელიგიასთან და რამდენად ეკლესიურად ცხოვრობთ?

ვარ ქრისტიანი, მართლმადიდებელი, მაგრამ ეკლესიურად არ ვცხოვრობ. კანონიკური ხატები არასდროს დამიხატავს, თუმცა მაქვს რამდენიმე ნახატი რელიგიურ თემაზე. მაგალითად, მიყვარს საშობაო თემატიკა. ჩემი წინა გამოფენაც ამ თემაზე გავაკეთე და ასევე – სააღდგომო თემატიკა, მაგალითად, ხარება. იმის გარდა, რა რეალური დატვირთვა აქვს მას, იგი ვაზუალურადაც ძალიან ლამაზია.

ამჟამად რაზე მუშაობთ?

ამჟამად ვმუშაობ პროექტ „ვერონაზე“, იტალიურ-აზერბაიჯანულ პროექტზე. იგი კეთდება სტუდია „ტორში,“ რომელიც არის ვერონაში და სტუდია „ნარიმან ფილმში,“ რომელიც მდებარეობს აზერბაიჯანში. ეს ორი სტუდია ახორციელებს ამ ერთობლივ პროექტს. სწორედ ამ ორი სტუდიის შემოქმედების ნაყოფი იქნება ეს ფილმი,რომელზეც მე ვმუშაობ დამდგმელ მხატვრად. ფილმში მოქმედება ხდება ვერონასა და ბაქოში.

ფილმი არის ძალიან საინტერესო. მასში მოთხრობილია პატარა რომანტიკული ისტორია სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთობაზე. იგი წარმოადგენს რეალისტურ რომანტიკულ სურათს.

როგორ აფასებთ დღევანდელ ქართულ მხატვრობას?

ვფიქრობ, რომ მხატვრობა შეიცვალა. ეს აღარ არის ის მხატვრობა, რომელიც იყო 100 წლის წინ.
ხელოვნების თანამედროვე განშტოებები ნახატს აღარ შეიცავს, მაგრამ ეს სხვა გზაა და არა მხატვრობა კლასიკური გაგებით. ის, რასაც ქვია კლასიკური ნახატი, ცალკე დარგია და როგორც არ უნდა შეიცვალოს დრო, ის სხვა მიმდინარეობაა და ეს – სხვა. ამ მხრივ, ვფიქრობ, რომ საქართველოში არიან ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვრები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ ასპარეზი არ აქვთ.

ნინო ფერაძე – ირმები

გაჭირვება ჩვენ დროსაც იყო, მაგრამ მაინც მეტი საშუალება გვქონდა. არსებობდა შემოქმედებითი სახლები და თუ რამის გაკეთება შეგეძლო, გზის გაკვალვას მოახერხებდი.

თან ძალიან საინტერესო იყო შემოქმედებით სახელოსნოებთან თანამშრომლობა, რადგან იქ ჩამოდიოდნენ მხატვრები სხვადასხვა ქვეყნიდან და ერთმანეთს უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, შთაბეჭდილებებს.

ვინ არის თქვენი საყვარელი მხატვარი?

მე უფრო კლასიკური სკოლის მიმდევარი ვარ. ბევრი რაღაც მომწონს, მაგრამ ძალიან მიყვარს ლეონარდო და ვინჩი, იმპრესიონისტები, მაგრამ, ამავედროს, მიყვარს ისეთი რაღაცები, რასაც აკეთებდა რაუშენბერგი.

თუ გაქვთ რაიმე ჰობი, გატაცება?

ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ფოტოგადაღება. ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი შემოქმედია, აუცილებლად უნდა იმოგზაუროს, არ აქვს მნიშვნელობა, სად… თუნდაც საქართველოში. მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები, ემოციები, ურთიერთობები ძალიან ავსებს ადამიანს შემოქმედებითად და უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდის მის შემოქმედებას.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი