ნეტარი ანდრია სლავი იყო. სიყმაწვილეშივე ტყვედ ჩავარდნილი ჭაბუკი მდიდარმა კონსტანტინოპოლელმა, თეოგნისტემ შეისყიდა და ბერძნულ ენასა და მეცნიერებაში განსწავლა.
ნეტარი თავმდაბლობითა და მორჩილებით გამოირჩეოდა. წმინდანთა ცხოვრებებს გულმოდგინედ კითხულობდა და ბოლოს მათი ღვაწლის მიბაძვის სურვილით აენთო.
ერთხელ სიზმარში მამა ანდრიას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა: “შეუდექი ღვთივსათნო ღვაწლს, იტვირთე სალოსობა ქრისტეს სახელისათვის და ფრიადი ნიჭი მიგეგება სასუფეველში”. იმ დღიდან ნეტარმა ქალაქის ქუჩებში ძონძებით სიარული დაიწყო. ღამე ლოცულობდა და უფალს ავედრებდა თავის შეურაცხმყოფლებსა და მთელ საქრისტიანოს. ღმერთმა დაუცხრომელი ღვაწლისათვის წმინდა ანდრიას წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი უბოძა. ქრისტესთვის სალოსმა პირუთვნელი მხილებით მრავალი გზასამცდარი და ცოდვასდამონებული დაღუპვისაგან იხსნა. მათ შორის იყო ერთი ღვთისმოსავი და ასკეტი ბერი, რომელიც ვერცხლისმოყვარეობამ შეიპყრო, მამა ანდრიას წყალობით კი კვლავ წმინდა ცხოვრებას დაუბრუნდა.
ვლაქერნის ტაძარში ლოცვისას ანდრია სალოსი ღვთისმშობლის ხილვის ღირსი გახდა. იქ შეკრებილ მლოცველებს წმინდა ქალწულმა თავისი თავსაბური გადააფარა. უფლის რჩეული 936 წელს აღესრულა.
