19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობანათლობის საიდუმლო

ნათლობის საიდუმლო

თეოდორე გიგნაძე“ადამიანის მაცხონებელი, გადამრჩენელი, ემბაზიდან ახლადაღმომშობელი არის არა მღვდელი, არამედ ღმერთი”

ნათლობა ღვთის საიდუმლოთაგან ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა, რომლის დროსაც ხდება ადამიანის ცოდვათაგან განწმენდა და განახლებული სულის ჭეშმარიტებასთან ზიარება. ნათლობის დროს ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი, რათა სწორად წარიმართოს ქრისტიანი ადამიანის შემდგომი სულიერი ცხოვრება.
ნათლობის საიდუმლოსა და არასწორი მონათვლის შესახებ გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, მამა თეოდორე გიგნაძე.

მამა თეოდორე, ნათლობა ადამიანის სულიერი ცხოვრების განახლების ერთ-ერთი წინაპირობაა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ამ მსახურებას არაკანონიკური მღვდელი ატარებს, ასეთ შემთხვევაში ადამიანი ჩაითვლება თუ არა მონათლულად და საჭიროა თუ არა მისი ხელმეორედ მონათვლა?

– ვინ ნათლავს ადამიანს – მოძღვარი თუ ღმერთი? რასაკვირველია, ღმერთი. ეს კი ყველაფერს ძირეულად ცვლის. რატომ? იმიტომ რომ, ღმერთი არის ცოცხალი პიროვნული არსება, რომელსაც ვერ აიძულებ, ადამიანი თავიდან შვას, ესე იგი საქმე ეხება არა მარტო კანონიკის დარღვევას, არამედ იმას, რომ შეიძლება კანონიკა სწორი იყოს, მაგრამ მისი არსი დაირღვეს. ასევე შესაძლებელია არსთან ერთად დარღვეული იყოს კანონიკაც. რატომ არ შეიძლება კანონიკის დარღვევა და რატომ ხდება ასეთი ნათლობა, უკეთეს შემთხვევაში, საეჭვო?

ფაქტობრივად, ვიცით, რომ ადამიანი მონათლული არ არის, როდესაც კანონიკა ირღვევა. რატომ? იმიტომ რომ, ღვთის დადგენილების წინააღმდეგ მივდივართ. გარეგნულად შეიძლება ყველაფერი ზუსტად ჩაატარო.
ადამიანი, რომელსაც გადავაცვამთ ანაფორას, არ არის მღვდელი და თუ ის ჩაატარებს ნათლობას, ამ რიტუალს შესრულებულად და ადამიანს მონათლულად ვერ მივიჩნევთ, რადგან მან საღვთო განგებულება, საღვთო მცნებანი, ღვთისაგან მოცემული კანონიკა დაარღვია. კერძოდ ის, რომ მღვდლობის საიდუმლოების გვერდის ავლით მოინდომა საიდუმლოების აღსრულება.

რას ნიშნავს ნათლობის საიდუმლო?

– ნათლობის საიდუმლო ნიშნავს იმას, რომ მართალია, გარეგნულად მღვდელი მოქმედებს, მაგრამ არსობრივად საქმეს ღმერთი აკეთებს. ღმერთს კი ადამიანისგან განსხვავებით ვერ მოისყიდი, ვერ მოატყუებ, ვერ აიძულებ და ვერ დაითანხმებ უსამართლობაზე. ამიტომ, როდესაც საქმე კანონიკის აშკარა დარღვევასთან გვაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანი მონათლულად არ მიიჩნევა. ამის უამრავი მაგალითი არსებობს საქართველოს უახლესი წარსულიდან. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სადაც ასეთი ფაქტებია დაფიქსირებული, იქ ადამიანებს თავიდან ნათლავენ. მაგრამ მოდით, ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ. ვთქვათ, კანონიკა დაცულია, მაგრამ ღვთის მცნებებსა და განგებულებებს სწორად ვასრულებთ კი?

რას გულისხმობთ?

– ვთქვათ, კანონიერ მღვდელთან მიდის ადამიანი მოსანათლად, მაგრამ მას არ სურს ქრისტიანული ცხოვრება, ცოდვების მონანიება და პრაგმატული მოსაზრებებით ცხოვრობს. მაგალითად, მეუღლის მოყვანის დროს ეუბნებიან, რომ ჯვარს არ დაგწერთ, თუ არ მოინათლეო, ან ვიღაც გარდაეცვლება და გაუგია, რომ როცა სახლში მიცვალებულია, უნდა მოინათლოს, ან შეიძლება სუფრაზე ბახუსის მიღების დროს მოუვათ ნათლობის იდეა და ასეთ დროს მონათვლის გადაწყვეტილება არის კი ჭეშმარიტად გაქრისტიანების სურვილი. საიდუმოება სულ სხვა რამ არის. საიდუმლოება ნიშნავს, რომ ღმერთი უხილავად მოქმედებს, ის არსობრივად უხილავი კი არ არის, ჩვენთვის უხილავია ის მადლი. ჩვენ არ ვართ ის სიწმინდე, რომ ღმერთი თავის ღვთაებრივ ენერგიაში ვიხილოთ. როგორც ზოგიერთი წმინდანი ხედავდა. ე. ი. ადამიანს არ სურს ქრისტიანული ცხოვრება, უბრალოდ თავისი დაცემული ნებიდან გამომდინარე, პრაგმატული მოსაზრებით გადაწყვეტს, რომ ამ საიდუმლოებაში მხოლოდ გარეგნული მონაწილეობა მიიღოს ისე, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს. მას დახვდება სასულიერო პირი, რომელიც ასევე უპასუხისმგებლოდ მოეკიდება საღვთო მადლს, იმ საოცარ სიდიადეს, რომელსაც ღმერთი გვანიჭებს ამ საიდუმლოებაში.

ანუ, გამოდის, რომ ასეთი ადამიანის ნათლობის დროს სასულიერო პირიც უპასუხისმგებლოდ ეკიდება საღვთო მადლს?

– ერთი მხრივ, არის ერისკაცი, რომლის ნება ღვთის ნების საწინააღმდეგოა, რადგან მას არ სურს სინანული, ქრისტიანული ცხოვრება, ღვთის ძიება, უბრალოდ, ტრადიციულად მოქმედებს და მეორე მხრივ, არის მოძღვარი, რომლის ნებაც ასევე არ არის თანხმობაში საღვთო ნებასთან, რადგან უფალმა გვასწავლა: “წარვედით, მიმოიწაფენით და შემდგომში ეცით მას ნათელი”. ასევე წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ვასწავლოთ, ვუქადაგოთ და ვინც მიიღებს და შეინანებს, ის მოვნათლოთ, ხოლო ვინც არ შეინანებს, ის დაისჯება. მე ეს, როგორც მოძღვარმა, ვიცი 2000-წლოვანი მართმადიდებლური გამოცდილებიდან, რომ ჯერ ადამიანებს ამზადებდნენ, კატეხიზაციას უტარებდნენ, არკვევდნენ, ქრისტიანობა სურდა, თუ მხოლოდ გარეგნულ მსახურებაში მონაწილეობის მიღება. ამ ყველაფერს უგულებელყოფს მღვდელი. არ ვიცი, ამას რა მოსაზრებით აკეთებს, მაგრამ ერთი მოსაზრება ალბათ, მისი უცოდინარობაა. არსებობს კიდევ სხვა მოსაზრება. აქედან გამომდინარე, მისი ნება არ არის საღვთო ნების თანმხვედრი. კანონიერი მღვდლისა და ერისკაცის ნება წინააღმდეგობაში მოდის საღვთო ნებასთან. ატარებენ მსახურებას, “აიძულებენ” ღმერთს, იმ ადამიანის გულში შევიდეს, რომელსაც ეს ღმერთი არ სურს და ის თავიდან დაბადოს, ანუ “იძალადოს” მის სულზე. ღმერთი კი არავის სულზე არ ძალადობს. უფალი ამბობს: “ყოველი ადამიანის გულთან ვდგავარ და ვრეკ, ეგების ვიღაცამ ისმინოს”.

როცა ადამიანი ინათლება, მხოლოდ გარეგნულ მხარეს კი არ უნდა მიექცეს ყურადღება, არამედ შინაგანსაც. ეს მღვდლებმა უნდა გავითვალისწინოთ. გარეგნული კანონიკის დაცვა საკმარისი არ არის, საჭიროა შინაგანი არსი. ღვთის ხელშია ადამიანის მონათვლა, ცხონებაც და ყოველივე. ჩვენი ჩვენი საქმე სწორად უნდა წარვმართოთ. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ მე თითქოს მიმაჩნია, რომ ადამიანი თუ არასწორედ მოინათლა, ის მონათლული არ არის. მე ამას არ ვგულისხმობ. ადამიანი მონათლულია, მაგრამ მე არ მაქვს საზომი ხელსაწყო, რომ გავზომო მის გულში ახლადაბადებული ადამიანის მადლი მკვიდრობს თუ არა. ვის აქვს ასეთი ხელსაწყო? მე ვიცი, რომ დარღვეულია წესი, რადგან ადამიანი არ ნანობს, არ სურს ქრისტიანული ცხოვრების დაწყება, არ იცის, ვინ არის ქრისტე და ვისი მოწაფე უნდა გახდეს, რა პასუხისმგებლობის წინაშე უნდა დადგეს. ნათლობის წინ ადამიანი დებს აღთქმას, რომ შეუდგება ქრისტეს, მაგრამ არც აპირებს და არც იცის, ეს რას ნიშნავს. მე, როგორც მოძღვარმა ვიცი, რომ ყველაფერი უნდა შევასრულო სწორად, როგორც ეს ღმერთმა დამავალა. ადამიანის მაცხონებელი, გადამრჩენელი, მეორედ მშობელი, ანუ ემბაზიდან ახლადაღმომშობელი არის არა მღვდელი, არამედ ღმერთი. მღვდელი მსახურია ღვთისა, რომელმაც ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოს.

განსაკუთრებით კომუნისტების დროს ხდებოდა ნათლობის დროს ხშირი დარღვევები, იყო სახლში მონათვლის შემთხვევებიც. ამის შესახებ რას გვეტყვით?

– სახლში ნათლობა გარეგნული დარღვევაა, მაგრამ ეს ის დარღვევა არ არის, რომელიც მადლს შეაფერხებს. მით უმეტეს, როცა საქმე საბჭოთა პერიოდს ეხება. კომუნისტური, ანუ ათეისტური პერიოდი განსაკუთრებული შემთხვევა იყო და ასეთ დროს ღმერთი მოქმედებს იკონომიის პრინციპით. ანუ, ეს ნიშნავს, შემამსუბუქებელ მოქმედებას, ამ დროს საღვთო განგებულება არ არის მკაცრი და გათვალისწინებულია ის რეალობა, რაც არსებობს. მაგრამ დღეს ჩვენ შეიძლება გარკვეულად აკრედიის მეთოდითაც ვიმოქმედოთ. ანუ, ვეცადოთ, გავამკაცროთ სიტუაცია, რადგან დღეს სასაულიერო პირს ყველა პირობა აქვს იმისათვის, რომ ადამიანს ასწავლოს რა არის ქრისტიანული ცხოვრება და შემდეგ უკვე ნათლობა უნდა იყოს პიროვნების თავისუფალი არჩევანის რეალიზება. ნათლობა უნდა იყოს ერთ-ერთი საფეხური ქრისტიანული ცხოვრების დასაწყებად, ჯერ უნდა შეინანო, ეცადო, მიხვიდე ქრისტესთან, სინანული ნიშნავს მეტამორფოზას და უნდა დაიწყოს ეს მეტამორფოზა შენში. ხოლო თუ მე ადამიანს ამას არ ვასწავლი, ე. ი. მას ვატყუებ. მოდით, მე ჩემს თავსზე ვიტყვი, სხვამ თავისი თქვას, რამდენი ადამიანი მოგვინათლავს და ამ მონათლულთაგან რამდენი დარჩენილა მართლმადიდებელ ქრისტიანად?

იმ შემთხვევაში, როცა ადამიანს დედა-ეკლესიისგან განდგომილი მღვდელი ნათლავს, ითვლება ის სწორად მონათლულად?

– ასეთი ადამიანი მონათლულად არ ითვლება და ამიტომ პატრიარქის კურთხევით ის კვლავ უნდა მოინათლოს.

ვერიკო ბაჯელიძე

მსგავსი სტატიები

8 COMMENTS

  1. გასაგებია, რომ ადამიანი შეგნებით, შინაგანი რწმენით უნდა მივიდეს ღმერთამდე და მოინათლოს. როდესაც პატარა ბავშვებს ნათლავენ, შეუძლებელია განსაზღვრო, რამდენად არის ის ამისთვის მზად შინაგანად. ხომ არ არის ამ შემთხვევაში მისი სურვილის უგულვებელყოფა?

    • ადამიანი ბუნებითად არის ცხოვნების მოსურნე, რადგან ღვთის ხატად და მსგავსადაა კაცი გაჩენილი.
      ამიტომაა, რომ ჩვილებზე ძალადობად არ ითვლება მათი მონათვლა, რადგან იგი, ვიდრე საკუთარ პიროვნულ არჩევანს გამოამჟღავნებს, ცხონების მოსურნეა ბუნებითად; და ნათლობას, როგორც მაცხოვნებელ საიდუმლოს, საჭიროებს იგი. ამიტომ, თუკი მშობლები არიან ქრისტიანები და შეუძლიათ ბავშვი ქრისტიანულად აღზარდონ, უკეთესია ბავშვი ყრმობაშივე მოინათლონ.

  2. ზუსტად იგივე კითხვა მაქვს რაც მიშამ დასვა ,მაშინ რატომ ნათლავენ ბავშვებს თუ ნათლობა ეს შეგნებული გადაწყვეტილებაა,მე მყაVშ 8 თვის ბავშვი და მან როგორ უნდა მიიღოს ცოდვების მონანიება და რწმენით მივიდეს ღმერთთან ,?რას მირჩევთ ? თუ გაქვთ პასუხი დაწერეთ თუ არ გაქვთ ისიც დაწერეთ რომ უბრალოდ ტრადიციაა ასეთი და იმიტომ ნათლავენ ჩვილებს

    • აუცილებელია თუ არა ნათლობისას მრწამსის წაკითხვა და თუ აუცილებელია და მოძღვარმა მრწამსი არ წაიკითხა როგორ მოვიქცეთ

    • ვაიმე ეს რა საშინელი ახსნაა ეს არცერთ დედას არ წააკითხოთ ,ეგ არც ჩემს ბავშვს და არცერთ სხვას არ შეეხება ….და კიდევ თუ ბავშვს არ ესმის რა რიტუალი სრულდება რა მნიშვნელობა აქვს მისთვის მოინათლა თუ არა.მოკლედ მაინც მადლობა რომ მიპასუხე

      • რას ნიშნავს ეს სექტანტური შეკითხვები: თუ არ ესმის, თუ ვერ იგებს… ეგრე, ბევრი რამე არ ესმის ბავშვს: ჩაცმა, დაბანა, საჩუქრები და დავანებოთ მაშინ თავი… და საერთოდ, ღმერთი ყოველგვარ „ესმის“-ს და ადამიანურ გონებაზე მაღლა დგას. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი რამ არ გვესმის ამ სამყაროსი, მაგრამ მაინც ყველაფერი ემორჩილება ცვენგან უხილავ კანონებს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები