19 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, დიდ აიაზმაში წყალი აკურთხა. უწმინდესმა წყლის კურთხევის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.
პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაული მიულოცა ყველას. უწმინდესმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ “დღეს არის წმინდა სამების დღესასწაული, ისმის მამისა ხმა: “ესე არს ძე ჩემი საყვარელი”. ძე ღვთისა შედის იორდანეში და იოანესაგან ღებულობს ნათლისღებას და სულიწმინდა სახითა მტრედისათა მოევლინა უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფლის წყალობა იცავს საქართველოს, ჩვენ ვმადლობთ უფალს იმ დიდი წყალობისათვის, რომელსაც გვაძლევს უფალი. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენი”.
დღევანდელ ქადაგებაში ყურადღება გაამახვილა ნაკურთხი წყლის მნიშვნელობაზე, აღნიშნა, რომ ნაკურთხი წყალი ყველას ოჯახში უნდა იყოს:
„დღეს ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა წყალი. ყოველ ოჯახს, ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლში ეს დიდი აიაზმა, ეს არის უდიდესი სიწმინდე. თქვენ უნდა ასხუროთ თქვენს შვილებს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი ღვთისა მუდამ იქნება თქვენთან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და მსოფლიოს მფარველი”.
