13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობამიმრქმელების (ნათლიების) რაოდენობაზე

მიმრქმელების (ნათლიების) რაოდენობაზე

როგორც ცნობილია, 2023 წლის 2 ნოემბერს, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, მიმრქმელების (ნათლიების) რაოდენობაზე მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: – ,,ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით, მიმრქმელი (ნათლია) უნდა იყოს ერთი; ხოლო ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციით, დასაშვებია, იყოს ორიც (მამაკაცი და ქალი; ასევე კანონიკუ რი ტრადიციითვე, ზრდასრული ადამიანის ნათლობისას ნათლია უნდა იყოს იმავე სქესის). საქართველოში გამონაკლისის სახით ნათლიების რიცხვის სამამდე გაზრდა ნებადართულია მიმრქმელად (ნათლიად) კათოლიკოს-პატრიარქის დადგომის შემთხვევაში“ (https://sazu.ge/posts/post/1076).

წმიდა სინოდის აღნიშნულმა განჩინებამ, ნათლიების რაოდენობაზე და ზოგადად ამ ინსტიტუტზე, გარკვეული კითხვები წარმოშვა მორწმუნე საზოგადოებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით, შევეცდებით მოკლე მიმოხილვა წარმოვადგინოთ ჩვენი მკითხველის წინაშე.

ისტორიული ცნობები და კანონიკური განსაზღვრებები მიმრქმელობის შესახებ

მიმრქმელის (αναδοχος (ძვ. ბერძ.), susceptor, fidejussor, sponsor (ლათ.), восприемник (რუს.) და ა. შ.) შესახებ ყველაზე ადრეული ცნობები, შემდეგი ძეგლებიდან მოგვეპოვება: 1) ,,მოციქულთა დადგენილებები“; 2) დიონისე არეოპაგელის – ,,საეკლესიო იერარქიის შესახებ“ (2,7); 3) ტრულის კრების 53-ე კანონი და ა.შ. ცხადია, ეს არასრული ჩამონათვალია).

ისტორიული ცნობებით, მიმრქმელის ინსტიტუტს საფუძველი ეყრება ქრისტიანობის პირველივე სამ საუკუნეში. თავიდან ისინი იყვნენ ერთგვარი შუამავლები მოსანათლსა და ეკლესიაშ შორის, ანუ ე.წ. – sponsores.

პირველი სამი საუკუნის მანძილძე, როცა უმეტესად ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ, მიმრქმელი ანუ ე.წ. შუამავლი ადამიანი, უნდა ყოფილიყო იმავე სქესის, რა სქესისაც იყო, თავად მოსანათლი პირი. აღნიშნული განპირობებული იყო იმით, რომ ძველი წესის მიხევით, ზრდასრული მოსანათლი პირები ინათლებოდნენ თითქმის შიშველ მდგომარეობაში, შესაბამისად, ბუნებრივი უხერხულობის გამო, მიმრქმელი, ანუ პირი, ვისაც მოსანათლი ჩაყავდა ემბაზში და ნათლობის შემდეგ, ამოყავდა ემბაზიდან, იყო იმავე სქესის, რა სქესისაც იყო მოსანათლი პირი. მამაკაცებს ეხმარებოდა დიაკვანი (მამაკაცი), ხოლო ქალებს ე.წ. დიაკონისა (ქალი. იხ. ,,მოციქულთა დადგენილებები“ 3.16.4). ხოლო მე-4-5 საუკუნიდან, როდესაც ეკლესიის პრაქტიკაში მასიურად ფეხს იკიდებს ბავშვების ნათლობა, მიმრქმელის სქესს აღარ ენიჭებოდა მნიშვნელობა. აღნიშნულ ცნობას ადასტურებს, მე-19 საუკუნის, ცნობილი რუსი კანონისტი, ა. პავლოვიც. ტრულის კრების 53-ე კანონიდანაც ჩანს, რომ მიმრქმელი შეიძლება საპირისპირო სქესის ყოფილიყო თავის ნათლულთან, რის გამოც, მათ შორის, ამ კანონით, იკრძალება ქორწინებითი კავშირი.

ამაზე, როგორც ცნობილია, ბიზანტიაში, ვიდრე მე-9 საუკუნემდე, კანონით იყო განსაზღბრული, რომ მიმრქმელი ყველა შემთხვევაში მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ეს გამომდინარეობდა შემდეგი მიზეზიდან; – იმ დროს სახემწიფო კანონით შვილად აყვანის უფლება, მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, ქალებს არა. ხოლო სამოქალაქო კანონებით მიმრქმელისა და ნათლულის სტატუსიც გაიგივდა მშობლისა და შვილის სტატუსთან. ამიტომ, იმავე კანონებით, მიმრქმელი, რომელიც იყო თავისი ნათლულის სულიერი მშობელი, თუ მის ნათლულს ბიოლოგიური მშობელი გარდაეცვლებოდა, უპირობოდ, თავად ეს მიმრქმელი (მამაკაცი) ხდებოდა მისი მშობლის შემცვლელი (adoption; მეურვე).

530 წელს, იმპერატორმა იუსტინიანემაც გამოსცა კანონი, რომლის მიხედვით, მიმრქმელს აეკრძალა ქორწინება თავის ნათლულთან. გამომდინარე იქიდან, რომ მიმრქმელი, სახელმწიფო კანონითაც, გაიგივდა სულიერ მშობელთან, ანუ მიმრქმელი და ნათლული აღქმული იქნა, როგორც მამა და შვილი, შესაბამისად, დაუშვებელი გახდა, რომ მამა შვილობის სტატუსი შეცვლილიყო ცოლ-ქმრობის სტატუსით. მოგვიანებით კი, ტრირის კრებამ, თავისი 53-ე კანონით, აღნიშნული ნათესაური ხაზი გაავრცელა ნათლულის დედაზეც და განისაზღვრა, რომ მიმრქმელს ეკლრძალება ქორწინება როგორც თავის ნათლულთან, ისე ნათლულის დედაზე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, რადგან თავიდან ზრდასრული ადამიანები ინათლებოდნენ და მიმრქმელიც იმავე სქესის უნდა ყოფილიყო, ბუნებრივია მიმრქმელსა და ნათლულს შორის ქორწინების აკრძალვაზე მანამდე, საუბარი ვერც იქნებოდა.

მოგვიანებით, იმპერატორ ლეონ VI (ფილოსოსფოსის) ბრძანებით, შვილად აყვანის უფლება მიეცა ქალებსაც (მე-9 საუკუნე). აღნიშნულიდან გამომდინარე, ქალებს მიმრქმელად დაგომის უფლებაც მიეცა. როგორც ზემოთ ითქვა, გამომდინარე იქიდან, რომ მიმრქმელი გაიგივდა მშობელთან და ზოგადად მიმრქმელობა შვილად აყვანის პროცედურასთან, რის საფუძველზეც მიმრქმელსა და ნათლულს შორის წარმოიშვა სულიერი ნათესაობა, როგორც მამა – შვილის. ეს ნათესაური ხაზი, განავრცო ჯერ ტრულის კრებამ 53-ე კანონით და მიმრქმელს აეკრძალა ქორწინება ასევე ნათლულის დედასთანაც, ხოლო მოგვიანებით, მათ შორის ნათესაური ხაზი კიდევ უფრო განივრცო სხვადასხვა სახელმწიფო კანონით (ლეონ ისავრიელის – ეკლოგები; ბასილი მაკედონელის – პროხერონი და ლეონ ფილოსოსფოსის – ბასილიკები).

მე-12 საუკუნეში, კონსტანტინეპოლის პატრიარქ ნიკოლოზ გრამატიკოსის დროს (1084-1111) გამართულ ერთ-ერთ საეკლესიო კრებაზე, განისაზღვრა, რომ ნათლობით დანათესავებულ პირებს შორის და მათ შთამომავლობაში, ქორწინება აკრძალულიყო მე-5 ხარისხის ჩათვლით. ეს განსაზღვრება შეუსაბამეს, იმ დროს მოქმედ სახელმწიფო კანონით დადგენილ განსაზღვრებას, რომელიც ეხებოდა ხორციელი ნათესავების ხარისხებს. თუმცაღა, ისიც დადგინდა, რომ იკონომიით, დასაშვები იყო, ემოქმედათ მხოლოდ იმ წესით, როგორც ეს იყო განსაზღვრული ტრულის 53-ე კანონით.

მიმრქმელების რაოდენობაზე

აღსანიშნავია, რომ ისტორიულად, კანონიკური ტრადიციით და წესით, მიმრქმელად დგებოდა მხოლოდ ერთი პირი. ეკლესია, მხოლოდ ამას აღიარებდა ლეგიტიმურად. მოგვიანებით, პრაქტიკაში მიმრქმელების რაოდენობამაც იმატა და ტრადიციულად დასაშვები გახდა ორი მიმრქმელი – კაცი და ქალი. ორი მიმრქმელის ტრადიცია, უფრო გავრცელდა დასავლეთის (რომის) ეკლესიაში მე-8 საუკუნიდან. ჯერ კიდევ, ბევრად ადრე, ორი მიმრქმელის დაშვების წინააღმდეგი იყო პაპი ლეონ დიდი (440-461), მოგვიანებით კი 813 წელს ე.წ. მაინცის კრებაზე უარყვეს, ორ მიმრქმელობის პრაქტიკა. თუმცაღა, აღნიშნულმა პრაქტიკა მაინც გავრცელდა და ფართოდ მოიკიდა ფეხი. აღსანიშნავია, რომ ორი მიმრქმელის დაშვება გაიგივდა ხორციელ მშობლებთან- დედასთან და მამასთან და შესაბამისად, ორი მიმრქმელის დადგომისას, აუცილებლად უნდა ყოფილიყო მამაკაცი და ქალი, როგორც სულიერი მამა და დედა. მოგვიანებით, ორი მიმრქმელის წესი, გავრცელდა აღმოსავლეთშიც (ბიზანტიაში), თუმცაღა ასეთ შემთხვევაშიც, ლეგიტიმურად მხოლოდ ერთი პირი ითვლებოდა. რუსეთში მე-13 საუკუნიდან ვრცელდება ეს წესი. იქაც ამ წესს, თავიდან წინააღმდეგობას უწევდნენ მიტროპოლიტები: კვიპრიანე და ფოტიოსი (მე-14-15 საუკუნე). თუმცაღა, ამ პრაქტიკამ (ორი მიმრქმელის – მამაკაცი და ქალი, დაშვება) მაინც მოიკიდა ფეხი და აღარც წინაამღდეგობა შეხვედრია შემდეგში. აღსანიშნავია, რომ დასავლეთის ეკლესიაში მოგვიანებით სამი და უფრო მეტი მიმრქმელის დადგომის შემთხვევებმა იმატა. ასეთი პრაქტიკის წინააღმდეგ, მე-16 საუკუნეში, ე.წ. ტრიდენტის კრებამ გამოსცა განჩინება და აკრძალა მიმრქმელების ამგვარი სიმრავლე და განსაზღვრა, რომ მიმრქმელი უნდა იყოს ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი (მამაკაცი და ქალი).

აღსანიშნავია, რომ, როგორც ბიზანტიის, ისე რუსეთის ეკლესიაშიც, მრავალი მიმრქმელის დასწრებას ან დაუსწრებლად ვინმეს მოხსენიებას, ეკლესია კანონიერად არ ცნობდა.

ცნობილია, რომ 1666-67 წლის ე.წ. ,,მოსკოვის დიდ საეკლესიო კრებაზე“, რომელშიც ბერძენი სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ, ერთ-ერთ საკითხად განიხილეს ზოგადად ნათლობისა და მათ შორის მიმრქმელის რაოდენობის საკითხები. აღნიშნულზე, კვლავ, მიიღეს შემდეგი დადგენილება, რომ მიმრქმელი უნდა იყოს ერთი პირი ან დასაშვებია ორი – კაცი და ქალი.

ამასთან, რუსეთის ეკლესიის სინოდმა, 1810 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებით, ძალაში შეიყვანა ტრულის კრების 53-ე კანონის განსაზღვრება და შესაბამისად, განსხვავებით ბიზანტიური ტრადიციისა, ქორწინებები აკრძალა მხოლოდ მიმრქმელსა და ნათლულს შორის და მიმრქმელსა და ნათლულის დედას შორის. ამასთან დაუშვა, ორი მიმრქმელის ყოლის შემთხვევაში, მიმრქმელებს შორის ქორწინებაც.

აღსანიშნავია, რომ 1810 წლამდე, რუსეთის ეკლესიაში, მიმრქმელებს შორის ქორწინება აკრძალული იყო. ასეთი აკრძალვის საფუძველს წარმოადგენდა, დაახ. მე-14 საუკუნეში სლავურ ენაზე ბერძნულიდან თარგმნილი კრებული – ე.წ. ,,ნომოკანონი დიდ კრთხევანში“; სადაც 211-ე სტატიის მიხედვით, მიმრქმელებს შორის ქორწინება აკრძალული იყო. თუმცაღა, შემდეგში რუსეთის საეკლესიო კრებებზე მასში აღმოაჩინეს ბევრი აპოკრიფული მითითება, მათ შორის აღმოჩნდა, ზემოთ ნახსენები 211-ე სტატია, რის გამოც შეცვალეს ეს აკრძალვა და დასაშვები გახადეს მიმრქმელებს შორის ქორწინება. იგივე განსაზღვრება გაიზიარა და დაამტკიცა 1837 წლის რუსეთის საეკლესიო კრებამაც. ამას მხარს უჭერდა ცნობილი კანონისტი – ნ.ს. სუვოროვიც (Н.С. Суворов). სწორედ ეს გადაწყვეტილებაა ძალაში, დღევანდელ დღესაც რუსეთის ეკლესიაში. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას; – 1920, 1928 და 1945 წლის დებულებების მიხედვით სულიერ ნათესავებს შორის ქორწინება მე-4 ხარისხის ჩათვლითაა აკრძალული. რაც შეეხება ნათლიების რაოდენობის საკითხს, თანამედროვე ადგილობრივი ეკლესიების უმეტესობის პრაქტიკაშიც, დასაშვებია არა უმეტეს ორი ნათლიისა.

მოამზადა თბილისის სასულიერო აკადემიის კანონიკური სამართლის კათედრის გამგემ, დეკანოზმა ლონგინოზ სუარიშვილმა.

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები