12 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარისხვადასხვა"national geographic საქართველო"-ს შეთავაზება ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს

“national geographic საქართველო”-ს შეთავაზება ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს

national geographic საქართველო ჟურნალ “national geographic საქართველოს” მიწვევით “რედისონ ბლუ ივერიაში” ფოტოგრაფებსა და ბეჭვდითი მედიის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა 2012 წლის 29 ნოემბერს გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილებოდა ჟურნალ “national geographic საქართველოსა” და პროფესიონალ ჟურნალისტებს/ფოტოგრაფებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა შესაძლებლობა.
დაინტერესებულ პირებს ჟურნალი “national geographic საქართველო”, სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანამშრომლობას სთავაზობს.

ლევან ბუთხუზი (“national geographic საქართველოს” მთავარი რედაქტორი):
“უკვე სამი თვეა, რაც ჟურნალი “national geographic საქართველო” აქტიურია საქართველოში. ჟურნალის სამი ნომერი – ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის უკვე გამოსულია.
ჟურნალი ამერიკული გახლავთ. ჩვენსა და ამერიკულ მხარეს შორის კონტრაქტს მაისში მოეწერა ხელი. ჟურნალი 37 ქვეყანაში გამოდის, ადგილობრივ ენაზე მისი მკითხველი დაახლოებით 100 მილიონს შეადგენს.

ჟურნალში წარმოდგენილი მასალის 70% ინგლისურენოვანია, ხოლო ქართული – 30%. მომავალ წელს უფრო მეტი ქართული მასალა იქნება წარმოდგენილი, სწორედ ამას ეხება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა.
ჩვენს ადგილობრივ რედაქციას ეკუთვნის იდეა, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული ამ პროცესში და მეტი ჟურნალისტი დაწერს ჩვენთან სტატიებს, ფოტოგრაფი გამოგვიგზავნის ფოტოებს, მით უფრო კარგი პიარი იქნება ქართველი პროფესიონალებისა და ჩვენი ჟურნალის გამდიდრების თვალსაზრისით.

გვინდა, რომ ყველას მივცეთ საშუალება, იმონაწილეონ კონკურსებში ან უბრალოდ მოგვმართონ, შევაფასებთ, შევარჩევთ, მათთან ერთად ვიმუშავებთ. თუ მასალა იძლევა საშუალებას, დააკმაყოფილოს “national geographic”-ის სტანდარტები, ამ შემთხვევაში ჟურნალში გამოქვეყნდება მასალა.

მოთხოვნები საკმაოდ პრეტენზიულია, ფაქტები, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან სტატიებში, უნდა იყოს აბსოლუტურად უტყუარი, ნებისმიერ საინტერესო თემაზე პოლიტიკის გარდა, რაც იქნება უცხო და სიახლე, ან სხვა კუთხით მოწოდებული. რაც შეეხება ფოტოგრაფებს, მათ უმაღლესი კლასი მოეთხოვებათ, ვინაიდან “national geographic” ერთ-ერთი ნომერ პირველი ჟურნალია ფოტოგრაფიის თვალსაზრისით, რომელსაც თავისი სტანდარტები გააჩნია და ფოტოგრაფებისთვის კიდევ უფრო რთულია თანამშრომლობა.

ჟურნალთან თანამშრომლობის ანაზღაურება ინდივიდუალური მოლაპარაკების საგანია, საქართველოს ბაზარზე არსებული ფასებისგან დიდი სხვაობა არ იქნება.

ჟურნალი “national geographic” 125 წლისაა. რამდენიმე ქველმოქმედმა ადამიანმა ის XIX საუკუნის ბოლოს ჩამოაყალიბა. საზოგადოება, რომელიც ამ ჟურნალს უშვებს, თავდაპირველად მხოლოდ გეოგრაფიაზე აკეთებდა აქცენტს, შემდეგ განავრცეს და სხვადასხვა სფეროში გადავიდნენ.
125 წლის განმავლობაში ჟურნალის დამფუძნებელი ორგანიზაცია არა მარტო ჟურნალს უშვებდა, არამედ მეცენატიც გახლდათ როგორც გრანტის გამცემი, ახალი იდეების, აღმოჩენების დაფინანსების თავლსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა. “national geographic”-ის სატელევიზიო არხები და უამრავი პროდუქტი არსებობს, მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი წარმომადგენელია ელექტრონული მედიისა. საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ჟურნალზეა საუბარი. შემდეგ უკვე ვნახავთ, დამატებითი პროდუქტებიც თუ იქნება სამომავლოდ”.

“national geographic” მსოფიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. ისტორია, გეოგრაფია, ანთროპოლოგია, არქიტექტურა – ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომელსაც ჟურნალი აშუქებს.

ქეთი ჭელიძე

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები