25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიკულტურანანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

ნანა ყაულაშვილის ხელნაკეთი თოჯინები

ნანა ყაულაშვილი “თოჯინების გარეშე ჩემი ცხოვრება უფერული და მოსაწყენი იქნებოდა”

“მეთოჯინეობა, ესაა განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა, როდესაც არაფრისგან ქმნი ნამუშევარს. ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება და უდიდესი სიხარული მოაქვს”, – ამბობს მეთოჯინე ნანა ყაულაშვილი, რომელმაც პირველი თოჯინა 24 წლის წინ გააკეთა და მას შემდეგ ამ ხელსაქმეს დიდი სიყვარულით ემსახურება.

ნანა ყაულაშვილი: – პროფესიით ექიმი-ოფთალმოლოგი ვარ. ვმუშაობ კლინიკაში. პირველი თოჯინა ჩემი შვილისთვის გავაკეთე, ძალიან მომეწონა ეს პროცესი და გავაგრძელე გაკეთება. მაშინდელი თოჯინები მთლიანად ტექსტილის იყო. დაახლოებით 6 წლის წინ ინტერნეტში გადავაწყდი საავტორო-საკოლექციო თოჯინებს, მომეწონა და გადავწყვიტე მეც მეცადა. მოვიძიე მასალები და შევუდექი მუშაობას. პირველი თოჯინა კარგი გამომივიდა და აქედან დაიწყო ჩემი საკოლექციო თოჯინებით გატაცება.

საავტორო-საკოლექციო თოჯინებს უკვე 6 წელია ვამზადებ. ეს არ არის სათამაშო, ეს უფრო არტ-ობიექტია. ნანა ყაულაშვილი თოჯინის დამზადებას ორი კვირიდან ერთ თვემდე ვანდომებ, ზომიდან და სირთულიდან გამომდინარე. თვითონ ვუკეთებ ყველა აქსესუარს, სკამებს, სადგამებს. მასალა იაპონური თვითგამყარებადი თიხაა, რომლიდანაც იძერწება თავი და კიდურები, ტანი მეტალის კარკასით იწყობა.

როგორ შეაფასებთ თქვენს პირველ და დღევანდელ ნამუშევრებს?

– რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უფრო გამიადვილდა თოჯინების გაკეთება, ბევრი აღმოჩენა გავაკეთე ჩემთვის, თუ რა, როგორ უნდა გავაკეთო, რომ უფრო ლამაზი და დახვეწილი გამოვიდეს თოჯინა. იმისათვის რომ ისწავლო ეს საქმე, საჭიროა მონდომება და ცოტა ნიჭი.

რამდენად არიან ახალგაზრდები დაინტერესებულები ამ ხელსაქმის შესწავლით?

– უფრო ზრდასრული ადამიანები ინტერესდებიან, ბავშვებსაც აინტერესებთ, მაგრამ მათ ვურჩევ, ცოტა მოითმინონ, გაიზარდონ და მერე მოკიდონ ხელი ამ საქმეს, რადგან ბავშვისთვის ეს საქმე საკმაოდ რთულია.

ვინ ყიდულობს ძირითადად თქვენს ნამუშევრებს და რამდენად ადვილად “თმობთ” მათ?

– მაქვს თოჯინები, რომლებსაც ვერასდროს შეველევი. ჩემს თოჯინებს ძირითადად უცხოელები ყიდულობენ ან ორგანიზაციები, ან კერძო პირები საჩუქრად. ამ ახალ წელს ერთმა ძალიან კარგმა ახალგაზრდა ვაჟმა საყვარელი გოგონასათვის შეიძინა, რამაც ძალიან გამახარა.

გვიამბეთ გამოფენებში მონაწილეობის შესახებ…

ნანა ყაულაშვილი– თბილისში თითქმის ყველა გამოფენაში ვიღებ მონაწილეობას. 2015 წელს მქონდა პირველი პერსონალური გამოფენა “არტავენიუში”. ბოლო ორი წლის განმავლობაში მონაწილეობა მივიღე მიუნსტერის, პრაღისა და ბაქოს საერთაშორისო გამოფენებში, სადაც საპატიო სიგელები მოვიპოვე. დეკემბერში თბილისის პირველ საერთაშორისო თოჯინების გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. ამჟამად ჩემი თოჯინები გამოფენილია ხელოვნების სასახლეში, საშობაო გამოფენაზე, რომელიც 14 იანვრამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, მყავს შეგირდები, რომლებიც სიამოვნებით სწავლობენ თოჯინების გაკეთებას. მათთან ურთიერთობა კიდევ უფრო ავსებს და ახალისებს ჩემს ცხოვრებას. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს საქმე შემაძლებინა. თოჯინების გარეშე ჩემი ცხოვრება უფერული და მოსაწყენი იქნებოდა.

თეონა ნოზაძე

მსგავსი სტატიები

1 COMMENT

  1. გამარჯობათ. შეკვეთით თუ ამზადებთ თოჯინებს? და თუ არ შეწუხდებით მიახლოვებითი ფასები მომწერეთ. გმადლობთ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები