მთავარიქრისტიანობანანა დედოფლის განკურნება წმ. ნინოს მიერ

ნანა დედოფლის განკურნება წმ. ნინოს მიერ

მცხეთაში მოსვლიდან მეექვსე წელს (322 წ.) წმ. ნინომ სასწაულებრივად განკურნა ნანა დედოფალი უკურნებელი სენისგან. ნანა დედოფლის სასწაულებრივი განკურნებისა და ქრისტეს რჯულზე მოქცევის შესახებ „მოქცევაჲ ქართლისაჲ“–ში ძალიან მოკლედ არის ნახსენები, რაც იმას უნდა გულისხმობდეს, რომ ამ ამბის ვრცელი თხრობა დაკარგულია: „დედოფლისა ნანაჲს ზედა აჩუენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა, განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლისა ჴელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნებაჲ მისი“.

სამაგირეოდ, იბერიის დედოფლის განკურნებისა და მოქცევის ისტორია გაცილებით ვრცლად არის მოთხრობილი IV-V საუკუნეების ბერძნულ და ლათინურენოვან ავტორებთან: გელასი კესარიელთან (შემონახული აქვს გელასი კვიზიკელს), რუფინუსთან, სოკრატე სქოლასტიკოსთან, ერმია სოზომენესთან და თეოდორიტე კვირელთან. ამ ავტორთა თანახმად, მძიმე სენით შეპყრობილი დედოფალი თავისთან დაიბარებს მკურნალობით სახელგანთქმულ ტყვე–ქალს (ე. ი. წმ. ნინოს), რომელიც უარს იტყვის სასახლეში მისვლაზე, რის გამოც, დედოფალი თვითონ მივა მასთან (სხვა ვარიანტით მას სარეცლით მიიყვანენ). ტყვე–ქალი თავის ღარიბულ სამოსში გაახვევს თუ მასზე დააწვენს დედოფალს, მოუხმობს ქრისტეს და ილოცებს, რის შემდეგაც გამოჯანმრთელებული დედოფალი მხნედ ფეხზე წამოდგება.

იბერთა დედოფლის განკურნების ბერძნულ–რომაული ვერსიის ქართული ვარიანტი გვაქვს “მეფეთა ცხოვრებაში“. “მეფეთა ცხოვრების“ თანახმად, ნანა დედოფალს დიდი და მწარე სენი შეჰყრია, რომლის განკურნებაც ვერანაირი წამლით ვერცერთმა მკურნალმა შეძლო. ამ დროს ვიღაცამ უცნობებია დედოფლისთვის, რომ რომაელ ტყვე–ქალს, სახელად ნინოს, თავისი ლოცვით მრავალი სნეული განუკურნებია.

მაშინ დედოფალმა უბრძანა თავის მსახურებს, რომ მასთან მოეყვანათ ნინო. მივიდნენ მსახურები და ნახეს მაყვლოვანში მლოცველი წმ. ნინო, რომელსაც დედოფლის ბრძანება აუწყეს. წმინდანმა უარი თქვა სასახლეში წასვლაზე და დააბარა მსახურებს, რომ თუ მოვიდოდა დედოფალი მის სამყოფელში, მაშინ ის მას განკურნავდა ქრისტეს ძალით.

მსახურებმა ეს ამბავი მიუტანეს დედოფალს და მანაც ბრძანა საკაცით წაეყვანათ. მართლაც დედოფალი წაიყვანეს ნინოსთან მსახურებმა, რომელთაც მისი ძე, რევი და მრავალი ხალხი გაჰყვა უკან.

როდესაც მიიყვანეს დედოფალი მაყვლოვანში, დააწვინეს წმინდანის კილიკზე (უხეში ბეწვისგან დამზადებული სამოსი, რომელიც ასკეტებს ემოსათ) და დაიწყო ნინომ ლოცვა და ვედრება ღვთის მიმართ, აიღო თავისი ჯვარი, შეახო სნეულს თავზე, ფეხებზე, მხრებზე, ჯვრის სახედ და მაშინათვე განიკურნა დედოფალი და ფეხზე წამოდგა.

განკურნებულმა ნანამ ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესი, რომელსაც ეს ტყვე–ქალი ქადაგებს“.

იმ დღიდან გახდა დედოფალი წმ. ნინოს ახლო მეგობარი და მუდამდღე გამოჰკითხავდა ქრისტეს რჯულს და ასწავლიდნენ მას ნინო, აბიათარი და მისი ასული სიდონია. ასე გახდა დედოფალი მორწმუნე და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები