“ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.”
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)
მხილების შესახებ “ამბიონს” წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, მამა მალხაზ ყიფიანი ესაუბრა:
“მხილების თემა მრავლისმეტყველია და თავისთავად ჯანსაღ მიდგომას საჭიროებს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში მხილება ჩვენი არასარწმუნოებრივი ცხოვრების გამო ეფუძნება არა სიყვარულის გრძნობას, მოწოდებულს თვით პიროვნების გამოსასწორებლად, არამედ პირად ამბიციებსა და განწყობილებებს.
თავდაპირველად ადამიანმა, სანამ ვინმეს ამხილებდეს, უნდა ჩაიხედოს გულში, ხომ არ ბუდობს იქ რაიმე ვნება და მამხილებელმა უნდა შეამოწმოს საკუთარი სული – ხომ არ მოუცავს იგი ისეთსავე მანკიერებებს, რომელთა მხილებაც გადაუწყვეტავს.
წმიდა მამები კრძალავენ მხილებას მრისხანების ჟამს და გვირჩევენ, მაშინვე კი არ ვამხილოთ ადამიანი, როდესაც ცოდვიან საქციელს ჩადის, არამედ დავიცადოთ, ვიდრე ემოცია ჩაწყნარდება და მხოლოდ ამის შემდეგ მშვიდად ითქვას სათქმელი.
მხილება – ეს არის პედაგოგიკის ერთ-ერთი მეთოდი, რომელსაც იყენებს პასუხისმგებელი პირი სამსახურში თავისი ქვეშევრდომის მიმართ, ან მშობელი – შვილის მიმართ, ან კიდევ სასულიერო პირი – მრევლის გამოსაფხიზლებლად და შესაგონებლად. შეიძლება ვისაუბროთ მხილების კიდევ სხვა ფორმაზე, მეგობრულსა თუ და-ძმურზე, რაც შესაძლებელია ემყარებოდეს როგორც მოვალეობის გრძნობას, ასევე სინდისისმიერ შინაგან მოთხოვნილებას. როგორც წესი, მამხილებელი დარწმუნებულია, რომ ის არის სწორედ სიმართლისა და სიკეთის ერთადერთი მატარებელი, ხოლო მხილებული მიიჩნევს, რომ მასზე უსამართლოდ ძალმომრეობენ, რაც მასში იწვევს შინაგან პროტესტს. უხეში და ავი სიტყვა, ან თუნდაც გარეგნულად სამართლიანი შეგონება, მაგრამ სიმკაცრითა და ბოროტებით ნათქვამი, ერთგვარი უარყოფითი ენერგიითაა დამუხტული და ამ შემთხვევაში იგი მხილებულის მიმართ შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუ გადავხედავთ ჩვენი ბავშვობის პერიოდს, ყველას გაგვახსენდება, რომ ჩვენთვის მიუღებელი გახლდათ ყოველივე ის, რასაც ყვირილით, ჩხუბითა და გაღიზიანებული ტონით გვაკეთებინებდნენ. ყოველივე ეს გასათვალისწინებელი და ანგარიშგასაწევია ყველა კატეგორიისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის პიროვნებისათვის.
მორწმუნე ადამიანმა კი, ვიდრე სხვას ამხილებდეს, უნდა სთხოვოს უფალს, მიანიჭოს ცოდვაში მყოფის მიმართ სიყვარული და ამ უკანასკნელმა გულის კარი გაუღოს მას მამხილებელი და შემაგონებელი სიტყვების მოსასმენად.”
თეონა ნოზაძე

madloba,zustad vfiqrobdi da gamomadgeba es rcheva
adamianebma albat kvelaze didi kuradgeba sakutari shinagani xmisagan mxilebas unda davutmot.