ყოველწლიურად, ოქტომბრის მეორე ხუთშაბათს (2011 წელი-13 ოქტომბერი) მთელ პლანეტაზე მხედველობის მსოფლიო დღე აღინიშნება, მხედველობის დაქვეითების თავიდან აცილებისა და მისი აღდგენის ინიციატივის მიზნით.
ასაკის მატებასთან ერთად მხედველობა მკვეთრად უარესდება. ბოლო დროს კი მხედველობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ბავშვებშიც საგრძნობლად იმატა. ადრეულ ასაკში გამოვლენილი თვალის დაავადებები შესაძლოა ტექნიკურ პროგრესთანაც იყოს დაკავშირებული.
აღნიშნული მსოფლიო დღე წარმოადგენს სიბრმავის პროფილაქტიკის გლობალური ძალისხმევის – “ხედვა 2020: მხედველობის უფლება”, ძირითად პროპაგანდისტულ ღონისძიებას. ხედვა 2020-ის კოორდინატორები არიან ჯანმო, სიბრმავის პროფილაქტიკის საერთაშორისო სააგენტო, ასევე, პარტნიორები, სახელმწიფო და კერძო სექტორიდან.
ჯანმოს მონაცემებით, მთელ მსოფლიოში დაახლოებით 37 მლნ ბრმა და 124 მლნ მხედველობადაქვეითებული ადამიანია. სიბრმავის შემთხვევათა სამი მეოთხედი განკურნებადია ან შეიძლება ყოფილიყო თავიდან აცილებული. შესაბამისი ჩარევის გარეშე ბრმა ადამიანების რიცხვმა 2020 წლისთვის შეიძლება 75 მლნ-ს მიაღწიოს. ჯანმო წევრ ქვეყნებთან ერთად მუშაობს ოფთალმოლოგიური დახმარების ნაციონალური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ეს დღე წარმოადგენს პლატფორმას სიბრმავის პროფილაქტიკისთვის უფრო მეტი ძალისხმევის მობილიზაციისთვის.
მხედველობის მსოფლიო დღეს პლანეტის ყოველი მოსახლე უნდა დაფიქრდეს საკუთარი თვალების ჯანმრთელობაზე და ახსოვდეს, რომ ადრეული ასაკიდან თვალის ჰიგიენის წესების დაცვა და პროფილაქტიკური მიზნით ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაიცავს ჩვენს მხედველობას მრავალი წლის მანძილზე.
გახსოვდეთ, მხედველობის თუნდაც უმნიშვნელოდ გაუარესებისთანავე დროულად უნდა მიმართოთ ექიმს, მნიშვნელოვანია სრულფასოვანი საკვები პროდუქტის მიღება, რათა შევაჩეროთ პროცესი და თავიდან ავიცილოთ ნაადრები პრობლემები…
