20 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიკულტურა"მხატვარი ფიქრის დროსაც მუშაობს"

“მხატვარი ფიქრის დროსაც მუშაობს”

მხატვრობით ბავშვობიდან დაინტერესდა. ბევრს ხატავდა. 14 წლის ასაკში ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. სწავლა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში განაგრძო.
როცა არ ხატავს, მაშინაც კი მისი გონება შემოქმედებით პროცესშია. შემდეგ ნაფიქრი ტილოზე გადააქვს და ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდება.

რუსუდან გობეჯიშვილიმხატვარ რუსუდან გობეჯიშვილს “ამბიონი” საკუთარი შემოქმედებისა და თანამედროვე მხატვრობის ტენდენციების შესახებ ესაუბრა.

რუსუდან გობეჯიშვილი: “თავისუფალი დროის ფასი ვისწავლე და ვცდილობ, ყოველი წუთი გამოვიყენო, ვხატავ ყოველდღე. მიკვირს იმ ხელოვანი ხალხის, ვინც „მუზის მოსვლას“ ელოდება. განწყობას ყოველთვის თავად ვიქმნი. ჩემი ფერწერის პედაგოგი ბეჟან შველიძე ამბობდა: ფერწერას ადამიანს ვერ ასწავლი, თუ ის სულიერად არ არის ფერწმერი. ფერი, საერთოდ, პრეტენზიულია. როცა ამ მიმართულებით ვმუშაობ, ვამჯობინებ, კარგ ხასიათზე ვიყო.

შეიძლება ერთი და იგივე წითელი ფერი სხვადასხვა დროს გამოიყენო და აბსოლუტურად განსხვავებულად მეტყველებდეს. არის პერიოდები, გარკვეული ფერის გამაში ვმუშაობ, ზოგჯერ უპირატესობას თბილ ფერებს ვანიჭებ. ბოლო დროს ნაცრისფერზე ვამახვილებ ყურადღებას. ხატვისას სხვა სამყაროში აღებ კარს და სიფრთხილეა საჭირო.”

თქვენს ნამუშევრებს რომელ მიმართულებას მიაკუთვნებთ?

ალბათ, უფრო პოსტექსპრესიონისტ-აბსტრაქციონისტი ვარ. ექსპრესიონიზმი, როგორც ხელოვნების მიმართულება, XX საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა. ის მხატვრობის დარგშიც განვითარდა. ექსპრესიონიზმი აგრესიულობითა და გარკვეული მისტიციზმით გამოირჩევა და ახასიათებს ძლიერი ფერები, მკვეთრი ხაზები. ჩემს ნამუშევრებშიც, ნაწილობრივ, ასეა. აბსტრაქციონისტი კი – იმიტომ, რომ ფიგურებზეც ვმუშაობ რაც უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე რეალისტური. ამ ყველაფერს, ალბათ, დრო უნდა, რომ სრული სახელი დაერქვას.

ზოგჯერ ტილო თავისით იხატება. ძირითადად ზეთსა და შერეულ ტექნიკაში ვმუშაობ. მიყვარს ადამიანების ხატვა, უფრო სწორედ, რაღაც პერსონაჟების… ბოლო დროს თითქოს ერთსა და იმავე ადამიანს სხვადასხვა მდგომარეობაში ვხატავ. ეს პერსონაჟი ქალია და ალბათ, ჩემი შინაგანი სამყაროა გადმოცემული. რელიგიური თემა ძალიან ფაქიზია და ამ ეტაპზე არ ვარ მზად. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და მომავალში არ გამოვრიცხავ, სრული კანონიკის დაცვით, ამ მიმართულებით მუშაობა შევძლო.

როგორ აფასებთ დღევანდელ მხატვრობას?

რუსუდან გობეჯიშვილიძალიან დიდი სხვაობაა ქართველ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ სხვა მხატვრებს შორის. ქართული მხატვრობა განსხავავებულია. ხშირად დავდივარ გამოფენებზე, ვეცნობი სხვადასხვა მხატვართა ნამუშევრებს და ვხვდები, რომ მსოფლიოში ხელოვნების მიმართ მიდგომები შეიცვალა. ვფიქრობ, მსოფლიო ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების მიღმა ჩვენ, ქართველი ხელოვანები, ჩვენს განსხვავებულობას შევინარჩუნებთ.

ვაფასებ ირაკლი ფარჯიანის შემოქმედებას. მან ახალი ეპოქა შექმნა, თანამედროვე ქართულ მხატვრობას დიდი სამსახური გაუწია.

დღეს საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო მხატვარია, მაგრამ ეკონომიური მდგომარეობის გამო ხალხი ხელოვნებას ყურადღებას ვეღარ უთმობს და თუ ახალგაზრდა მხატვარი გარკვეულ ჯგუფებთან დაახლოებული არ ხარ, რთულია თავი ამ სფეროში დაიმკვიდრო.

თუმცა გამოფენები აქტიურად ეწყობა…

სტუდენტობის პერიოდიდან მეც აქტიურად ვიღებდი ჯგუფურ გამოფენებში მონაწილეობას. პერსონალურ გამოფენას კი უახლოეს პერიოდში სხვა ქვეყანაში ვგეგმავ. ჩვენთან 3-4 კარგი გალერეაა. აქ მოსულმა დამთვალიერებელმა შეიძლება შენი ნახატი შეიძინოს მხოლოდ იმიტომ, რომ ამას გალერეა ურჩევს. მაგრამ გაცილებით იაფად მოაწყობ გამოფენას ტურინში, პარიზში, მოსკოვში, ნებისმიერი ევროპის ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში. ჩემი ნამუშევრები შეუძენიათ ამერიკიდან, ინგლისიდან, პორტუგალიიდან, გერმანიიდან და ვუკვირდები, ყოველთვის 2-3 ნახატს ყიდულობენ. სამწუხაროა, ჩვენთან კულტურული ცხოვრება სათანადო დონეზე არ არის განვითარებული.

ბევრ თანამედროვე ნიჭიერ მხატვარს არ იცნობს საზოგადოება. ასპარეზზე ახალი სახეებიც უნდა გამოჩნდნენ. ხშირად უნდა მოეწყოს მათი გამოფენები.

ამ გარემოებების მიუხედავად, როგორ ახერხებთ აქტიურად ხატვას?

ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია თუნდაც იმ პედაგოგების აზრი, ვის წინაშეც გავიზარდე …

ერთ-ერთ გამოფენაზე შენიშვნა მივიღე, რომ ჩემს ნახატებს თითქოს დასრულება აკლდა. ქართველებს განსაკუთრებულად გვიჭირს კრიტიკის მოსმენა, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ პედაგოგი სწორი იყო. საკუთარი ნახატით აღტაცებული არ უნდა იყო.

არასდროს მქონია განსაკუთრებული სამუშაო პირობები და არც არავინ მიქმნიდა მას. შეიძლება ამიტომაც გამომიმუშავდა ჩვევად ყოველდღიური შრომა… ვფიქრობ, რომ არა მხატვარი, ყველა შემთხვევაში შემოქმედი ადამიანი ვიქნებოდი. მხატვარი განუწყვეტლივ უნდა ხატავდეს და გულწრფელიც უნდა იყო.

ხშირად მსმენია: ნიჭიერი მხატვარია, მაგრამ ზარმაცია. მათ პატივს ნაკლებად ვცემ. საკუთარ თავზე უნდა იმუშავო, მითუმეტეს, როცა ღმერთი გაძლევს ხატვის ნიჭს. ეს კი ერთეულების ხვედრია და აუცილებლად უნდა დააფასო.

თეონა ნოზაძე

“ამბიონის” მკითხველს მხატვარ რუსუდან გობეჯიშვილის ნამუშევრებიდან მცირე ნაწილს გთავაზობთ.

მსგავსი სტატიები

3 COMMENTS

  1. წარმატებებს გისურვებ,მეც მხატვარი ვარ და ვიცი რა ძნელია იმუშაო როცა სათანადო პირობები არ გაქვს(სახელოსნო,საკმარისი დრო….)გისურვებ რომ დაგიფასდეს შრომა!

  2. კიდევაც დაიზრდებიან : [ქართული ხალხური] ზღაპრების კრებულის მხატვარი ლია წიქარიშვილი თუ დამიკავშირდება ამ ელ-ფოსტაზე, წინასწარ მადლობას ვუხდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები