მთავარიკულტურამხატვარ-მულტიპლიკატორი ნინო ნემსვერიძე

მხატვარ-მულტიპლიკატორი ნინო ნემსვერიძე

“დღეს უმეტესად ძალადობის ამსახველი სცენებია მომრავლებული ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის ანიმაციაშიც, ამიტომ აუცილებელიც კი არის სიკეთის მქადაგებელი ანიმაციების არსებობა”

მხატვარ-მულტიპლიკატორი ნინო ნემსვერიძე ანიმაციებით სკოლის ასაკიდან დაინტერესდა. სამხატვრო სკოლაში არ უვლია, ჩანახატებსაც თავისით აკეთებდა. ნინო ნემსვერიძე „ერთხელაც, მე-6 კლასში ვიყავი, მომინდა საშინაო დავალების რვეულის ფურცლების ბოლოებში ჩიტის ფრენა გამეკეთებინა და გამომივიდა კიდეც, სხვა დავალების რვეულზე ბაყაყის ხტუნვა გავაკეთე, შემდეგ ადამიანის სიარული და ვეღარ გავჩერდი,“ – აღნიშნა „ამბიონთან“ საუბრისას ნინო ნემსვერიძემ, რომელიც მართლმადიდებლური მულტფილმების შექმნაშიც მონაწილეობს.

ნინო ნემსვერიძე: „საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ ჩემი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ანიმაციაზე მუშაობა გაიოლდა კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით. თუ საბჭოთა პერიოდში ფურცლებზე სათითაოდ იხატებოდა და შემდეგ იგივე ამოძრავებულ ფიგურებს ცალკე ცელულიტზე აფერადებდნენ, ბოლოს კი ორივე ფენას სათითაოდ კინოფირზე იღებდნენ რომ შეექმნათ მულტიპლიკაციის საბოლოო სახე, უკვე 90-იანი წლების ბოლოს, 2000 წლიდან შესაძებელი გახდა კონტურში დახატული მოძრაობების სათითაოდ დასკანერება, პროგრამაში შეყვანა, პროგრამაშივე დაფერვა და ვიდეოს სახით პროგრამიდან ამოღება. ბოლო წლებში კი კიდევ უფრო მეტად გაიოლდა, ფურცელზე ხატვაც აღარ არის აუცილებელი, რადგან სახატავი სენსორული დაფა არსებობს, დასკანერებაც აღარ არის საჭირო. ასე რომ ტექნიკურად განსხვავება მართლაც ძალიან დიდია და ბედნიერი ვარ რომ ამ საუკუნეში ვცხოვრობ, რადგან ასეთი ტექნიკური სირთულეები უკვე დაძლეულია.“

რამდენი ანიმაცია გაქვთ ამ დრომდე შექმნილი?

ვერ ვიტყვი, რომ ბევრი ანიმაცია მაქვს შექმნილი. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე შვიდი წელი, ქართული ხელის ჩრდილების თეატრში, დილიდან საღამომდე რომ არ მემუშავა, ბევრად მეტ და საინტერესო ანიმაციებს შევქმნიდი, ნინო ნემსვერიძე თუმცა მაინც მოვახერხე და შევქმენი საკუთარი რეჟისორობით რელიგიურ თემაზე პატარა ანიმაცია სახელწოდებით “შობა”, ორწუთიანი ანიმაცია “გილოცავთ ახალ წელს” და ერთიც ფილოსოფიური ხასიათის სამწუთიანი ანიმაცია “დრო”, რომელიც ჯერ კიდევ დასახვეწია. ამ ანიმაციებზე ყოველგვარი დაფინანსების გარეშე, მარტომ ვიმუშავე. მაქვს ასევე რამდენიმე, საზღვარგარეთიდან დაკვეთით შესრულებული პატარ-პატარა ანიმაციები.

რა დროს უთმობთ ანიმაციების შექმნას და რას ნიშნავს თქვენთვის ამ სფეროში მუშაობა?

ანიმაციაზე მუშაობა ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნებაა, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აღვნიშნავ, შემიძლია მთელი დღე თავაუღებლად ვიმუშაო. ერთია, როდესაც ხატავ, მაგრამ სულ სხვა სიამოვნებაა როდესაც საკუთარ დახატულ ფიგურას სულს ჩაბერავ, აამოძრავებ, ხასიათის, განწყობის გადმოცემას შეძლებ. ხშირად თავად ფიგურა მკარნახობს სად როგორ იმოძრაოს და ეს უდიდესი სიამოვნებაა როცა როგორც ცოცხალთან, ისე ურთიერთობ მასთან. სხვა სამყაროა, რომელიც მაშორებს ყოველდღიურ ყოფასთან.

ნინო, როგორ ქმნით ანიმაციას?

ანიმაციური ფილმის შექმნა მაშინ არის ადვილი ჩემთვის, როდესაც სანამ დავიწყებ მუშაობას, ფრაგმენტებს “დავინახავ”, წარმოვისახავ. ამომწურავად თუ არა, მიახლოებით მაინც. უნდა ვიგრძნო, ჯერ ჩემს სულს უნდა შეეხოს ის თემა, რაც უნდა გადმოვცე, შემდეგ კი ერთი სული მაქვს მუშაობა დავიწყო. სხვაგვარად გულწრფელი ვერ იქნები ამ სფეროში, ისევე როგორც ნებისმიერი ხელოვნების სხვა სფეროში, შესაბამისად ფერებიც, განწყობაც ბუნებრივად მოდის მუშაობისას. აუცილებელია ასევე ობიექტური შეფასება საკუთარი ნამუშევრის, ასე ვთქვათ სხვისი თვალით შეხედვა. ქვეცნობიერს უნდა ენდო, მაგრამ ფიქრი და გააზრებაც აუცილებელია.

რამდენადაა განვითარებული ჩვენს ქვეყანაში ეს მიმართულება და რამდენად აქვთ ხელშეწყობა ანიმატორებს?

საბჭოთა პერიოდის შემდეგ ძნელად, მაგრამ თანდათან ფეხს იდგამს ისევ ანიმაცია. ჯერჯერობით ცალკეული პატარ-პატარა კერძო ანიმაციური სტუდიები არსებობს, რომლებიც ასე თუ ისე ახერხებენ კულტურის სამინისტროდან დაფინანსებას, ორწუთიანი თუ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნას. თუმცა ეს არ არის საკმარისი. ნინო ნემსვერიძე ბევრი საინტერესო იდეა არსებობს სრულმეტრაჟიანი ანიმაციისთვის, მეც მაქვს ორი საინტერესო სცენარი, მაგრამ ფინანსური მხარდაჭერა საამისოდ არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ჯერჯერობით. მაღალი ხარისხის სრულმეტრაჟიანი ქართული ანიმაციის შექმნა სასურველია, რომ საზღვარგარეთ, დიდ კონკურსებზე, ფესტივალებზე გამოვჩნდეთ. არის კიდევ ერთი ქართული პრობლემა; სამწუხაროდ, დღემდე ვერ ხერხდება ამ პატარა ქვეყანაში ამდენი უნიჭიერესი მულტიპლიკატორის შეკრება, ერთი დიდი ანიმაციური სტუდიის შექმნა, პატარა სტუდიების გაერთიანება, რომლებიც უცხოეთიდან ცალკეული დაკვეთებით არსებობენ, კომპიუტერული თამაშების შექმნით არიან დაინტერესებული. ამასობაში კი გვერდზე რჩება ეროვნული სრულმეტრაჟიანი მულტიპლიკაციის შექმნის იდეა. მერე რა რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ამდენი ფინანსები. მაინც შეგვიძლია გავერთიანდეთ და რაღაც ღირებული შევქმნათ ერთად. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. მით უმეტეს, ასე გაადვილდა ტექნიკურად ანიმაციის შექნა. ნინო ნემსვერიძე კომუნიზმის, დევნის პერიოდში ლადო მუჯირმა ეს შეძლო, ახლა რა გვემართება არ ვიცი.

თქვენ მონაწილეობთ ქართული მართლმადიდებლური მულტფილმების შექმნაში, გვესაუბრეთ ამ ნამუშევრების მნიშვნელობაზე…

მეორე წელია მართლმადიდებლური ანიმაციის შექმნაში ვარ ჩართული და ძალიან მიხარია. წმინდანთა ცხოვრების უამრავი რეალური ფაქტებია ჩვენამდე მოღწეული, სადაც აღწერილია უდიდესი რწმენით გამოწვეული სასწაული, სიკეთის ძალა. გვსურს ეს ფაქტები მაქსიმალური სიზუსტით გადმოვცეთ ანიმაციით ისე, რომ საინტერესო სანახავი იყოს როგორც პატარებისთვის, ისე -უფროსებისთვისაც. დღეს უმეტესად ძალადობის ამსახველი სცენებია მომრავლებული ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში, მათ შორის ანიმაციაშიც, ამიტომ აუცილებელიც კი არის სიკეთის მქადაგებელი ანიმაციების არსებობა.

რა არის საჭირო იმისათვის, რომ ვისწავლოთ ანიმაციის შექმნა?

დღეს თითქმის ყველა ოჯახში არსებობს კომპიუტერი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააინსტალიროს ანიმაციის პროგრამა და საინეტერსო, პატარ-პატარა მარტივი ანიმაციები შექმნას. ინტერნეტში ანიმაციის უამრავი სასწავლო მასალაა განთავსებული, ფიგურების, ნივთების ამოძრავების წესები. ასე რომ, მოყვარულებს შეუძლიათ მოიძიონ. ქართველები ნიჭიერი ერი ვართ, თუმცა ნიჭთან ერთად უდიდესი სიყვარული, ძალიან დიდი ნებისყოფაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ხელოვნების ერთგული დარჩე.

თეონა ნოზაძე

2 COMMENTS

  1. წარმატებებს გისურვებთ… ღმერთმა გვიმრავლოს ასეთი შვილები.

  2. საქართველოოში მართლაც რომ არაა განვითარებული ეს სფერო,არც ხელის შეწყობაა..აბიტურიენტი ვარ,მინდა ის ვაკეთო რისი გაკეთებაც მსიამოვნებს-დიდი სურვილი მაქვს დავეუფლო ამ სპეციალობას და სამწუხაროდ არ ვიცი ვის მივმართო დახმარებისთვის რომ გავერკვიო რა და როგორ.ისიც არ ვიცი საქართველოში სად ისწავლება..ქალბატონ ნინო ნემსვერიძეს ელ.ფოსტა ხომ არ შეგიძლიათ დამიწეროთ,რამდენიმე შეკითხვას დავუსვამდი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები