“ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მუდმივისი სიხარულის მდგომარეობაში ყოფნაა…”
“მინდა გავიხსენო ერთი აღმოსავლური სიბრძნე: “ჰოი, მწუხარებავ, დასაბამი ხარ სიხარულისა, ჰოი, სიხარულო, დასაბამი ხარ მწუხარებისა!”…
მწუხარება და სიხარული, როგორც ტყუპი ძმები, სულ ერთად არიან. მთავრდება სიხარული, იწყება მწუხარება, მთავრდება მწუხარება და იწყება სიხარული.
არ უნდა შეგვეშინდეს, როცა უფალი ჩვენზე მწუხარებას უშვებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ჩვენი გადარჩენისათვის ხდება. მაგრამ არც განცხრომას უნდა მივეცეთ, როცა სიხარული მოდის. გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება მუდმივი ამაღლებისა და დაცემისაგან შედგება,” – უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
სხვადასხვა ცხოვრებისეულ განცდათა შორის მწუხარებასა და სიხარულს, რომლებიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, მონაცველეობითი ხასიათი აქვს. მათი მონაცვლეობა ღვთისკენ სწრაფვისკენ ეხმარება ადამიანს. რატომ მოსდევს სიხარულს მწუხარება და მწუხარებას – სიხარული და როგორ მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სიხარული? ამის შესახებ “ამბიონს” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრა:
“გამოცდილი საეკლესიო მოღვაწე იოსებ ათონელი ამბობს: თუ შენ სიხარული გეწვია, განსაკუთრებით ღვთისმსახურებისას და საერთოდ, ღვთის მადლიდან გამომდინარე, გვაფრთხილებს მოვემზადოთ, რადგან ბოროტი ჩასაფრებულია და ბრძოლა დაიწყება, რადგან ღმერთმა გაგაძლიერა. რა თქმა უნდა, ურთიერთკავშირშია სიხარული და მწუხარება და მონაცვლეობაშია ერთმანეთთან.
საერთოდ, ჩვენი ამქვეყნიური ცხოვრება აღმართ-დაღმართია. სულ რომ სიხარული იყოს, ადამიანს დაუჩლუნგდებოდა ის გრძნობა, რითაც მუდამ ღმერთს ეძებს. ხოლო თუ სულ მწუხარება იქნება, ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდება და ვერ გაუძლებს, ანუ მათი მონაცვლეობა საღვთო განგებულება ხდება თითოეული ადამიანისთვის, რომ მწუხარებაცა და სიხარულიც ღვთის ძიებაში იყოს ყოველთვის და პერიოდულად ნუგეშიც ჰქონდეს.
თუ მადლი, სიხარული ღვთისგან მოდის, ბოროტი ამას ვერ გუობს და უბრალოდ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთისაგან მოცემული მადლი ეშმაკის გაბოროტებას ნიშნავს. ღმერთს, რა თქმა უნდა, შეუძლია ხელი შეუშალოს ბოროტს და ვერ მოვიდეს შენამდე, მაგრამ ის გარკვეული დოზირებით არ უშლის, რადგან როცა მადლს იღებ, ეს ნიშნავს, რომ უნდა ისწავლო ამ მადლის ფონზე უფლისადმი ერთგულება. როცა მადლი მოდის, ბრძოლაც იწყება, რომელსაც უნდა აჯობო.
ნამდვილი სიყვარული ხომ უანგარობაა? როგორ შეიძლება ღმერთი გიყვარდეს მაშინ, როცა გეფერება და როცა განსაცდელია – აღარ გიყვარდეს. ადამიანმა უნდა ისწავლოს სიტყვების თქმა: მადლობა, ღმერთო, ყოველი წამისათვის ჩემს ცხოვრებაში. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იყო ის წამები…
ვერავის ვერ განვიკითხავთ, როდესაც მიწიერის გამო ზედმეტადაა დამწუხრებული. იობიც დამწუხრებული იყო, მან დაკარგა ქონება, შვილები, მაგრამ განსაცდელის შემდეგ ღმერთის მჭვრეტელი გახდა. მასში ღმერთის უარყოფა არ მოხდა, არ გატყდა, აქედან გამომდინარე, იობი უფრო ამაღლდა, გაძლიერდა, გვირგვინი დაიდგა, საოცარი ერთგულება გამოავლინა.
როდესაც სიხარული გვეწვევა, ზომიერად უნდა შევხვდეთ. არსებობს მიწიერი სიხარული, რომელიც, რა თქმა უნდა, კარგია და მიწიერი სიხარულის დროს უნდა ვისწავლოთ, უფალს მადლობა ვუთხრათ: მადლობა, უფალო, არა ვარ ამის ღირსი…როცა სიხარული გაქვს და ხვდები, რომ ამის ღირსი არა ხარ და უფალი გჩუქნის, ეს ღირსებაა ადამინისა. მაგრამ არსებობს სულიერი სიხარული, რომელიც უშუალოდ ღმერთისგან მოდის, ამასაც გრძნობს ადამიანი. ჭეშმარიტი სიხარული არამიწიერია.
ვთქვათ, მე შენ რაღაცა გაჩუქე და გაგიხარდა, ეს მიწიერი სიხარულია, მაგრამ თუ სიბრძნე გეყოფა, ამასაც ღმერთს დაუკავშირებ და ამითაც ნაბიჯს გადადგამ ღმერთისაკენ. მაგრამ არის სიხარული, რომელიც არაფერ მიწიერს არ უკავშირდება. უბრალოდ, გიხარია, რომ ღმერთი არის და მეტი არაფერი.
სულს როდესაც უხარია, უფრო ბუნებრივ მდგომარეობაშია, ვიდრე როცა წუხს. ადამიანი სიხარულისათვისაა დაბადებული, მეტსაც ვიტყვი, ერთ-ერთი ნიშანი ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა მუდმივისი სიხარულის მდგომარეობაში ყოფნაა. პავლე მოციქული ამბობს: მარადის გიხაროდენ…ეს, რა თქმა უნდა, ადვილი არაა, თვითონ პავლე მოციქულს მრავალი ტკივილი აქვს გადატანილი. მაგრამ მარადიული სიხარული ნიშნავს, რომ ადამიანი მარად ღმერთთანაა. თუ მუდამ სიხარულის წყაროსთან ხარ, თავისთავად ცხადია, რომ სიხარულიც მუდამ არის.
არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ მუდმივ სიხარულს ვერ მივაღწევთ.
როგორც კი უარს იტყვი სრულყოფილებასა და განვითარებაზე, იმ წუთას შეჩერდება სწრაფვა სიხარულისკენ. გაჩერება არ შეიძლება. შეუჩერებლობის სურვილი ღმერთის განცდის ნიშანია, ღმერთი თუ განიცადე, ვეღარაფერი გაგაჩერებს…
ქეთი ჭელიძე

jalian kargadaa axsnili….qeti sheni statiebi.uzadod srulkofilebiskenaa mimartuli….sulierad kargad ikitxeba ,visac goni aqvs dafiqrebis,gansjis sashualeba ejleva, gmertma daglocos da gagajlieros mokvaso…
მინდა დავითს დავეთანხმო, სტატია ნათელი და ლაკონურია. ქეთი, ღმერთმა გაძლიეროს ღვთივსათნო საქმეში.
gmadlobt qeti,mivige is rac dzalian chirdeboda chems suls,aseti statiebi dzalian daexmareba,chemsavit ucxoetshi mkof qartvelebs,romlebic moklebuli vart cheshmarit qristianul cxovrebas.ugrmesi madloba!!!
მადლობას გიხდით ყველას. უფალი გფარავდეთ!