მთავარი » ქრისტიანობა

მთავარანგელოზ მიქაელის ერთი ხატი სვანეთიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.11.2015 | 5,678 ნახვა

ქრისტიანობის გავრცელებასთნ ერთად წმინდა სახეების გამოსახვა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ღმრთისმსახურებაში. სიმბოლურად დატვირთული სახეები რელიგიური მნიშვნელობისაა და მორწმუნეებს უფალთან შუამდგომლობს. მთავარანგელოზ მიქაელის ერთი ხატი სვანეთიდან მთავარანგელოზთა თაყვანისცემას მთელს ქრისტიანომაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

დიონისე არეოპაგელი თავის ნაშრომში „ზეციური იერარქიის შესახებ“ გვამცნობს, რომ არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმინდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (გამოისახება ცეცხლოვანით). სერაბიმთა შემდგომ დგანან ქერუბიმნი. ქერუბიმი ნიშნავს სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი. ისინი ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

იერარქიის მეორე საფეხურს შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ და ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან. ძალნი ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველმოქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი კი ადამიანებს ეშმაკის საცდურისაგან განარიდებენ.
იერარქიის მესამე საფეხურს შეადგენენ: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი. საწყისნი მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანების შესასრულებლად. საწყისებს დავალებული ქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. მთავარანგელოზნი უფლის ნებას გვაუწყებენ, გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს. ანგელოზნი ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილა მთავარანგელოზი მიქაელი. მისი სახელი ებრაულად ნიშნავს „რომელი ვითარცა ღმერთი“. სწორედ მთავარანგელოზ მიქაელს მოეცა ღვთისაგან განსაკუთრებული ძალა ბოროტი სულის – ეშმაკის დათრგუნვისა.

მთავარანგელოზთა კულტის დამკვიდრების ზუსტი თარიღი უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროს წმ. მიქაელის სადიდებლად ტაძრები იგებოდა. მიქაელი ბიზანტიის მფარველადაც კი მიიჩნეოდა.

ანგელოზთა კულტი განსაკუთრებით გამოკვეთილი იკო ლაკონიაში, ფრიგიასა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე (სამხ. დასავლეთი მცირე აზია). აქვე, კოლასეში იყო წმ. მიქაელ მთავარანგელოზის მთავარი საკულტი ცენტრი. წმ. მთავარანგელოზ მიქაელს აქ თაყვანს სცემდნენ როგორც სასწაულმოქმედ მკურნალს და არა როგორც ზეციურ ძალთა მხედართ-მთავარს.

მთავარანგელოზი მიქაელი, XI-XII სს დათარიღებული ხატზე (სვანეთი, უშგული) წარმოდგენილია რუხ ფონზე, თითქმის ფრონტალურად, ოდნავ თავდახრილი, მსუბუქად თავმიბრუნებული. მუქი წაბლისფერი თმით მოვარაყებული სახე სილამაზით გამოირჩევა. შესამჩნევია მისი დიადემა. მას მოსავს მოლურჯო ქიტონი და თეთრი მოსახამი. თმას წითელთვლიანი დიადემა უმშვენებს. მთავარანგელოზს მარცხენა ხელში სამყურით დაბოლოებული გრძელი კვერთხი უპყრია, ხოლო მარჯვენა ხელი მითითებისა და ვედრების ნიშნად გულმკერდის წინ აქვს აღმართული. ზედა, მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში ბერძნული წარწერებია. წარწერაში იკითხება „წმინდა“. მის სახეს სევდიანი გამომეტყველება და დაბლა დახრილი ნუშისებრი თვალები ამშვენებს. ხატის ჩარჩოს ჭედური გეომეტრიული ფიგურები და წმინდანთა გამოსახულებები ამკობს. ხატი მსუბუქადაა დაზიანებული და მისი ამოკითხვა შესაძლებელია. ხატს ვერცხლის ჭედური არშია ამშვენებს.

საქართველოში მთავარანგელოზთა კულტს ოდითგანვე თაყანს სცემდნენ. ამას მოწმობს მათი გამოსახვა ეკლესია-მონასტრების კედლებზე. მის სადიდებლად წერდნენ ხატებს და შესთხოვდნენ ბოროტი ძალისგან დაცვას.

მოამზადა ლია სერგიამ

წყარო:

1. საქართველოს სიძველენი, ტ. 12, 2008 წელი, 152-165გვ.
2. სტატია ჟურნალ “კარიბჭედან”, (ნახვის დრო 24.11.2014წ)
3. შუა საუკუნეების ქართული ხატწერა, ნინო ჭიჭინაძე, 2011წ.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი