“სადიდებელი ლოცვა საკუთარ თავში სრულ უანგარობას შეიცავს”…
“არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყვი. ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერება ველთაჲ ჩემ თანა არს.
შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსება მისი. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთა, ანუ სისხლი ვაცთა ვსუაა? შეწირე ღმრთისა მსხუერპლი ქებისაჲ და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუამნი შენნი. და მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიხსნა შენ და შენ მადიდო მე” (ფსალმ. 49; 9-15).
ლოცვის, როგორც ღმერთთან პიროვნული ურთიერთობის სამი ტიპი არსებობს: სავედრებელი, სამადლობელი და სადიდებელი. თუ რა განმარტება აქვს აღნიშნულ ლოცვებს და რატომაა “სხუერპლი ქებისაჲ,” ანუ სადიდებელი ყველაზე უმაღლესი მსხვერპლი, როგორც შესაწირავი? ამ თემის შესახებ “ამბიონს” ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე ესაუბრა:
“ლოცვის სხვადასხვა დაყოფა არსებობს: სავედრებელი, სამადლობელი, რომელიც უფრო აღმატებულია, ვიდრე სავედრებელი და მესამე ტიპის ლოცვა სადიდებელი, ანუ ქების მსხვერპლი. რას ნიშნავს ამ გრადაციით პირველი საფეხური, ანუ სავედრებელი? რას ვევედრებით უფალს? მრავალ რამეს ვევედრებით, მათ შორის – პური არსობისას, ანუ ამქვეყნიურ საჭიროებას, ახლობლების ჯანმრთელობას, სამშობლოს კეთილდღეობას, პური არსობისაში ყველაფერი მოიაზრება. მიწიერსა და ყოფიერზე უმაღლესია სულიერი სავედრებელი. უპირველესად სულის ცხონება, შეწყალება უნდა ვევედროთ უფალს ჩვენთვის, ახლობლებისთვის. თუ ჩვენ არ ვითხოვთ რაიმე ისეთს, რაც ცოდვას უკავშირდება, მაშინ ეს ლოცვა ღვთის მიერ შეწყნარებულია და ჩვეულებრივ, ქრისტიანის ცხოვრების თანამდევია. ჩვენ ვევედრებით მუდმივად უფალს, რომ წყალობა მოგვცეს, შეგვიწყალოს, შეგვინდოს, განკურნოს ჩვენი ხორციელი და სულიერი უძლურებანი და პური არსობისა მოგვანიჭოს.
მეორე ტიპის ლოცვა – სამადლობელი მასზე აღმატებული იმიტომაა, რომ ეს ლოცვა საკუთარ თავში მადლიერების განცდას ატარებს. ჩვენ ვიცით, რომ რაც არ უნდა კარგად ვიყოთ და მეტი წყალობა მოგვცეს უფალმა, ადამიანი ყოველთვის ნაკლულია თავისი არსებობით, იმიტომ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. ადამიანი სრულყოფილად ბედნიერი მიწიერ ცხოვრებაში ვერ არის. ამ სოფელში მას აქვს სიკეთეც და განსაცდელიც, მაგრამ ქრისტიანი ადამიანისათვის, რომელიც სულიერად ყველა მოვლენას ხედავს, ცხადზე უცხადესია, რომ როგორც სიკეთე, ისე განსაცდელი უფლისგანაა მოვლინებული და ღმერთის მიერ მოცემულს თავის დანიშნულება გააჩნია.
ჩვენ მადლიერება უნდა ვისწავლოთ. ყველაფრისათვის უნდა ვმადლობდეთ უფალს -სიკეთისთვისაც და განსაცდელისთვისაც. ღმერთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება.
რატომაა სამადლობელი ლოცვა უფრო აღმატებული, ვიდრე სავედრებელი? ორი მიზეზის გამო. პირველი იმიტომ, რომ მადლიერება გამაჩნია და მეორე – მადლიერება ყველაფრისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა იმისთვის, რა სიკეთეც მაქვს, რასაც ვხედავ, რომ ღმერთი აკეთებს ჩემი ხელით და მე მადლობას ვეუბნები უფალს, რომ ამ სიკეთის თანაზიარი გამხადა და მეორე, რაც მთავარია, –
განსაცდელებისთვისაც, რითაც მე შვილებრივ მორჩილებას, ნდობასა და სიყვარულს გამოვხატავ. ანუ სამადლობელი ლოცვა თავის თავში კიდევ ერთ სათნოებას ატარებს, რომელსაც ღვთისადმი ნდობა ჰქვია. მე ვენდობი ღმერთს და რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, ვიცი, რომ მისი მამობრივი მზრუნველობითაა ეს გამოწვეული და აქედან გამომდინარე, მადლიერნი ვართ.
მესამე ტიპის ლოცვა – მსხვერპლი ქებისა, რომელსაც, ასევე, სადიდებელი შეიძლება ვუწოდოთ. ყველაზე აღმატებული იმიტომაა, რომ მე არც არაფერს ვითხოვ მიწიერს თუ სულიერს. შეიძლება ვითხოვდე კიდეც, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემთვის უპირატესი და მთავარი.
ლოცვა ჩემი სულის მდგომარეობასაც გამოხატავს, მზრდის, მწვრთნის და მასწავლის, როგორი უნდა ვიყო. როცა ქების მსხვერპლს ვწირავ, როცა ჩემი ლოცვა ღვთის სადიდებელია და ღმერთი იდიდება ჩემი ლოცვით, როგორია ამ დროს ჩემი მდგომარეობა? იმ მომენტში, იმ წამს მე ღმერთის დიდების სურვილი მაქვს, თითქოს ყველაფერი მავიწყდება: საზრუნავიც, სათხოვარიც, მიწიერი გინდა, ხორციელი, თუ სულიერი. უბრალოდ ვხარობ და ბედნიერი ვარ იმით, რომ არის ღმერთი და ვარ მე. ეს ყველაფერი შეიძლება შევადაროთ იმ გრძნობას, როდესაც ერთი თვის განმავლობაში წვიმს, მზეს არ გამოუნათებია, ცივა, სინესტეა და ერთ დილას ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს და ვხედავ ლურჯი ფერის ცას, მზე ამოსულია, ბდღვიალებს, ათბობს და მიხარია მზის არსებობა. აქ არანაირი ანგარება არაა. უბრალოდ გიხარია მზის არსებობა და რა თქმა უნდა, გიხარია, რომ შენ ცოცხალი ხარ და ამ სიდიადეს, როგორიც მზეა, აღიქვამ. ასეა, როდესაც ადამიანს უხარია, რომ არის ღმერთი და თვითონაც არსებობს და შესაძლებლობა აქვს, ის, ვისი არსებობაც უხარია და ვინც უყვარს, მას ესაუბროს და ურთიერთობა ჰქონდეს.
საერთოდ, მზე ქრისტეს სიმბოლო და სახეა. ანუ ის ხილული მზეა და ქრისტე – უხილავი. ასეთი შედარებაა სიმბოლური მეტაფორა, რომელიც ქრისტიანობაში არსებობს.
რადგან ღმერთი ცოცხალი პიროვნებაა და ლოცვა – მასთან ურთიერთობაა, ამიტომ სამივე ტიპის ლოცვა: სავედრებელი, სამადლობელი და სადიდებელი მასთან პიროვნული ურთიერთობის სხვადასხვა ფორმაა, რომელთაგან მესამე ყველაზე აღმატებულია, რადგან საკუთარ თავში სრულ უანგარობას შეიცავს.
ერთი ნიუანსია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ლოცვაზე: სადიდებელი ლოცვები მრავლადაა ჩვენს კერძო თუ საეკლესიო მსახურებაში, უაღრესად სამწუხაროა, რომ თუნდაც პირად მსახურებაში, როდესაც ვლოცულობთ, სადიდებელ ლოცვებს მივაფუჩეჩებთხოლმე და ყურადღებას არ ვაქცევთ, მაგალითად: “დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა”, ან ფსალმუნები რომ მთავრდება: “ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაი შენდა ღმერთო” და ა. შ.
ეკლესიაში, რომელიც ლოცვის სკოლა უნდა იყოს, ხშირად ვაწყდებით, რომ უფრო მეტი გულმოდგინებით სხვა ლოცვებს, სავედრებელს ვკითხულობთ და როდესაც საქმე მიდგება სადიდებელზე – დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა – ჩვენს წარმოთქმაშიც ჩანს, რომ ღმერთი არ გვიყვარს და მისი არსებობა არ გვიხარია, მივაფუჩეჩებთხოლმე, რომ მერე “ძირითადი” ლოცვები წავიკითხოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ყურადღება მიექცეს, ანუ ჩვენი დამოკიდებულება ამაში გამჟღავნდეს და გამოვლინდეს”.
ქეთი ჭელიძე
