13 ივლისი 2024, შაბათი
მთავარიქრისტიანობა"მშობლის წყევლას დიდი ძალა აქვს"

“მშობლის წყევლას დიდი ძალა აქვს”

მამა პაისი მთაწმინდელი

იცით, რომ მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერად მოქმედებს. მაშინაც კი, როცა მშობლები კი არ წყევლიან, მხოლოდ აღშფოთდებიან და წყრებიან შვილებზე, შემდეგ ამ უკანასკნელთ ერთი ნათელი დღე აღარ აქვთ ხოლმე: მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა. შვილის წყევლა შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან. რა თქმა უნდა, იმ ქვეყნად მათ უადვილდებათ, რადგან ამქვეყნიური ტანჯვით ბევრ ცოდვას გამოისყიდიან. ხდება ის, რასაც წმ. ისაკი ამბობს: “იგემებს თავის ჯოჯოხეთს” ანუ აქ, ამქვეყნად ტანჯვით ადამიანი ამცირებს თავის ჯოჯოხეთურ ტანჯვას, რადგანაც ამქვეყნიური ტანჯვა ჯოჯოხეთური სატანჯველის განცდას ნიშნავს. ანუ მაშინ, როდესაც სულიერი კანონების სფეროში შედის, ადამიანი რამდენადმე თავისუფლდება გენიის, ტანჯვისაგან.

მაგრამ ის მშობლები, რომლებიც შვილებს სიტყვით ისტუმრებენ “ეშმაკთან”, მათ ბოროტს სწირავენ. ამის შემდეგ ეშმაკი უფლებას იძენს მათზე. იგი ამბობს: “შენ ჩემთან გამოგზავნე ისინი”. ფარასაში (ერთ-ერთი მთავარი ბერძნული დასახლება კაბადოკიის კესარიაში. არსენი კაბადოკიელის და მამა პაისის სამშობლო) ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, ბავშვი მეტად მტირალა ჰყავდათ და მამა ხშირად ეუბნებოდა მას: “ეშმაკმა წაგიღოს!” და რა ხდება?! მამა ამას ამბობს და ბავშვი აკვნიდან გაუჩინარდა! საცოდავმა დედამ ხაჯეფენდის (ასე უწოდებდნენ ღირს არსენი კაბადოკიელს ფარასის მცხოვრებნი) მიმართა: “გვაკურთხე, ხაჯეფენდი! ჩემი შვილი ეშმაკებმა მოიტაცეს”. ხაჯეფენდი მივიდა მათ სახლში, აკვანთან ილოცა და ყრმა დაბრუნდა. ასე გრძელდებოდა და გრძელდებოდა დაუსრულებლად. “ხაჯეფენდი, გვაკურთხე”. – კვლავ და კვლავ იმეორებდა საწყალი ქალი. ერთხელ მან ჰკითხა: “რით დასრულდება ეს ყველაფერი?” – “მე თქვენთან სიარული არ მიჭირს – უპასუხა წმიდანმა, შენ გიჭირს მოსვლა და ჩემი დაძახება? ესე იგი ეს ოდესმე მობეზრდება ეშმაკს და შენს შვილს დაეხსნება”. ამ დღიდან ბავშვი აღარ გაუჩინარებულა, მაგრამ როდესაც გაიზარდა, მას “ეშმაკის ნაშიერი” უწოდეს.

ის აფორიაქებდა მთელ სოფელს, მოსვენებას არავის აძლევდა. როგორ იტანჯებოდა ამის გამო მამაჩემი(ბერი პაისის მამა სოფლის მამასახლისი იყო)! ეს ყმაწვილი ჯერ ერთთან მივიდოდა და ეტყოდა – იმან შენზე ესა და ეს თქვა, მერე იმ მეორესთან და იმასაც იგივეს გაუმეორებდა. ხალხი ერთმანეთში ჩხუბობდა, საქმე ცემა-ტყეპამდეც კი მიდიოდა. შემდეგ, როცა გაიგეს, რომ ყველა მათგანს ცილს სწამებდა, მოილაპარაკეს, რომ შეეპყრათ ცილისმწამებელი და გასწორებოდნენ. მაგრამ ის ისე ეშმაკურად მოიქცა, რომ ბოლოს ორივემ ბოდიში მოუხადა მას! რა წარმატებას მიაღწია მან ცბიერებაში! ნამდვილი “ეშმაკის ნაშიერი” იყო! ღმერთმა ეს იმისთვის დაუშვა, რომ როდესაც ადამიანები ბავშვის გაქრობის ისტორიის გაგრძელებას ნახავდნენ, გონს მოსულიყვნენ, თავი შეეკავებინათ და ყურადღებით ყოფილიყვნენ. იმის შესახებ, თუ როგორ განსჯის ამ ადამიანს ღმერთი, ეხლა არაფერს ვამბობთ. გასაგებია, რომ დანაშაულის შემამსუბუქებელი მიზეზი მას აქვს.

უდიდესი საუნჯე, რაც ერში მცხოვრებ ადამიანს გააჩნია, მშობლის კურთხევაა. იმის მსგავსად, როგორც მონასტერში მყოფისთვის უდიდესი კურთხევა ის არის, რომელსაც სულიერი მამა მისცემს. ამიტომ ამბობენ: “ნუ გაუშვებ მშობლების კურთხევას”. მახსოვს ერთ ქალს ოთხი შვილი ჰყავდა. არც ერთი მათგანი არ დაქორწინებულა და არც გათხოვილა. დედა მოსთქვამდა: “დარდისგან მოვკვდები, არც ერთი ჩემი შვილი დაოჯახებული არ არის, ილოცე ჩემთვის”. იგი ქვრივი იყო, შვილები – ობლები. მე შემეცოდნენ ისინი. ვლოცულობდი და ვლოცულობდი, მაგრმ – უშედეგოდ. “აქ რაღაც ისე არ არის”. – ვიფიქრე მე. “ჩვენ გათვალულები ვართ”. – ამბობდნენ შვილები. “არა – ვეუბნები – გათვალვა მაშინათვე გამოჩნდებოდა, ეს გათვალვა არ არის… ან იქნებ დედათქვენმა დაგწყევლათ?” – “დიახ, მამაო, – მპასუხობენ – ბავშვობაში ძალიან ვცელქობღით და იგი გამუდმებით, დილიდან საღამომდე გვეუბნებოდა: “კუნძებად იქეცით თქვენ”. მაშინ ვუთხარი: “წადით და თქვენი მოუწყობელი ცხოვრების ნამდვილი მიზეზი შეატყობინეთ მას, რათა გონს მოვიდეს. უთხარით, რომ მოინანიოს, აღსარება თქვას და დღეიდანვე გაუჩერებლად გაკურთხევდეთ თქვენ”. და ნახევარი წლის შემდეგ ოთხივემ ოჯახები შექმნა! სრულიად აშკარაა, რომ ამ საცოდავს ის არ ყოფნიდა, ქვრივი რომ იყო და ამის გარდა ხშირად მრისხანებაში და სასოწარკვეთილებაში ვარდებოდა, მოზარდებს მოთმინებიდან გამოჰყავდათ იგი და ისიც წყევლიდა შვილებს.

– თუ მშობლები დაწყევლიან შვილებს და ამის შედეგად გარდაიცვლებიან ისინი, მაშინ როგორღა შეძლებენ შვილები, რომ მშობლის წყევლისგან გათავისუფლდნენ?

– როდესაც დააკვირდებიან საკუთარ თავს, ისინი აუცილებლად მიხვდებიან, აღიარებენ, რომ გამუდმებით აწამებდნენ და აუბედურებდნენ მშობლებს და ამიტომ დაიწყევლნენ. თუ ისინი თავის დანაშაულს გააცნობიერებენ, გულწრფელად მოინანიებენ და ცოდვებს აღიარებენ, მაშინ ყველაფერი მოგვარდება. სულიერი წარმატებებით ისინი გარდაცვლილ მშობლებსაც შეეწევიან.

– როცა მონასტერში მოვდიოდი, წმიდაო მამაო, მეც დამწყევლეს მშობლებმა.

– ეგ ერთადერთი წყევლაა, რომელიც კურთხევად გარდაიქმნება.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები