19 ივლისი 2024, პარასკევი
მთავარიქრისტიანობაილია მეორე: "მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა"

ილია მეორე: “მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა”

სრულიდ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე 2014 წლის საშობაო ეპისტოლეში მრავალშვილიანობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ შვილთა სიმრავლე ბავშვის სწორად აღზრდის ერთ–ერთი გარანტიაა.

“…ვითვალისწინებთ რა იმ მართლმადიდებელი ადამიანების დამსახურებას, რომელთაც ბოლო 20 წლის მანძილზე, ბავშვები ეკონომიურად მძიმე მდგომარეობის მიუხედვად, ჩვენს სამწყსოს 4 და მეტი შვილი შესძინეს, მივიღეთ გადაწყვეტილება, ასეთი მშობლები და შვილები განსაკუთრებულად შევავედროთ უფალს და პატრიარქის სიგელით დავაჯილდოვოთ.

მრავალშვილიანობა უდიდესი სიკეთეა.

რომელი წარმავალი სიმდიდრე შეედრება დედმამიშვილების გვერდზე დგომასა და სიყვარულს, რაც ასე სჭირდება ადამიანს ჩვენს მეტად რთულ დროში. თვითონ მშობლებიც უდიდეს ენერგიას იღებენ მათგან, რადგან თითოეული შვილი ცალკე აღებული საოცარი სამყაროა.

მრავალშვილიანობა იმითაც არის ფრიად სასურველი, რომ ბავშვი პატარაობიდანვე სწავლობს ეგოიზმის დაძლევას, სხვაზე მზრუნველობას და მშობლებისგან მომდინარე სიყვარულის სხვისთვის განაწილებას.

ვისაც სამი და მეტი ბავშვი ჰყავს, კარგად იცის, ხშირად როგორ უჭირს პირველ შვილს ახლად დაბადებულ მეორე ჩვილთან შეგუება და სულ ეძებს დროს, რაიმეთი ავნოს მას; მესამე პატარის შემატებას პირველი უფრო ადვილად იტანს, მეორე კი უფრო მეტად განიცდის, მაგრამ ისე არა, როგორც პირველ შვილს უმძიმდა თავიდან, მეოთხე ბავშვის დაბადება უკვე აწონასწორებს ყველაფერს და ა.შ.

ანუ შვილთა სიმრავლე მათი სწორად აღზრდის ერთ-ერთი გარანტიაა, რადგან ასეთ გარემოში “მე”-ზე ორიენტირებული სულისკვეთება სიყვარულის გამრავლებითა და გაცემით იცვლება და თუ ამას სწორი აღზრდაც დაემატა, მივიღებთ იმ მდგომარეობას, რაზეც ბიბლია ბრძანებს: ქალი შვილთა სიმრავლით ცხონდებაო (I ტიმ. 2,15),” -ბრძანებს უწმიდესი.

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები