მთავარი » ქრისტიანობა

“მოვედინ სუფევაჲ შენი” – მამაო ჩვენო

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2022 | 462 ნახვა

მეორე თხოვნა

“მოვედინ სუფევაჲ შენი”- რომელ სუფევაზე, რომელ მეფობაზეა საუბარი ამ სიტყვებში და როგორ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები? რადგანაც უფალი არის სამყაროს შემოქმედი და მისი მეუფე, ამიტომ მთელი ქმნილი სამყარო (მატერიალურიცა და სულიერიც), მის სამფლობელოს, მის სამეფოს წარმოადგენს. ქრისტეს მოძღვრების თანახმად, არსებობს ღმერთის სუფევა ამქვეყნად და ღმერთის სამეფო იმქვეყნად – ცათა სასუფეველი. ეს ორი სამეფო განსხვავდება ერთმანეთისაგან. ცათა სასუფეველი წარმოადგენს მარადიული ნეტარების სამეფოს, რომელიც მართალთ აღეთქვა მათი ღვთისსათნო ცხოვრებისათვის. ამ თხოვნაში, ჩვენ, ამქვეყნიური მებრძოლი ეკლესიის წევრები უფალს მისი მეუფების აქაც ისევე სრულად და დაუბრკოლებლად გამოვლენას ვევედრებით ჩვენი ცოდვების მიუხედავად, როგორიც ეს იმქვეყნიურ სუფევაში – ზეციურ სასუფეველში მართლებთან ურთიერთობაში ვლინდება. ანუ ვთხოვთ, რომ მისი სუფევით ეს ქვეყანაც ისეთივე უცოდველი და უფლის სავსებით მიმღები იყოს, როგორიც ის ქვეყანა, ეს სოფელი იმ სოფლის მსგავსი გახდეს.

ღმერთის ეს სამეფო წარმოადგენს იმ ადამიანთა კრებულს, გაერთიანებას, რომელნიც თავიანთი თავისუფალი ნებით გულმოდგინედ აღასრულებენ ღმერთის ნებას და ქრისტეს მცნებათა მიხედვით ცხოვრობენ. ასეთი ადამიანებისათვის ცხოვრების უმაღლესი კანონია საღვთო რჯული, მცნებად დადებული მაცხოვრის – იესო ქრისტეს მიერ. ეს ადამიანები ცხოვრობენ სიკეთის საქმნელად, ღმერთის განსადიდებლად, ისინი ჭეშმარიტ სიყვარულს გამოუვლენენ თვით მტრებსაც კი. ამგვარად, ღმერთის სუფევა წარმოადგენს სულიერ სამეფოს, რომელსაც არა აქვს საზღვრები, რომელმაც არ უწყის ეროვნული დაყოფა და რომელიც ჭეშმარიტი ქრისტიანული მსოფლმხედველობითა და ღმერთის ნების აღსრულებით აერთიანებს ადამიანებს. ეს სამეფო იქ აღმოცენდება, სადაც ადამიანები ღმერთის რჯულის მიხედვით ცხოვრობენ და ღმერთის სადიდებლად იქმან სიკეთეს. ამიტომაც, როცა ჩვენ ვამბობთ – „მოვედინ სუფევაჲ შენი“ – ამით ვევედრებით ღმერთს მალე დადგეს ღმერთის ეს სამეფო მთელს ქვეყნიერებაზე მცხოვრები ყველა ადამიანისათვის. ასეთ თხოვნას ჩვენ იმისთვის წარმოვთქვამთ, რომ მთელი მსოფლიოს ადამიანებმა მალე შეიცნონ ღმერთის ნება, აღასრულონ იგი და ღმერთის რჯულის მიხედვით დაიწყონ ცხოვრება, სიკეთე მოიმოქმედონ თავიანთ ცხოვრებაში და ამით შეამცირონ ბოროტება. განხილვად სიტყვებში ჩვენ იმას შევთხოვთ უფალს, რომ ღმერთის სუფევა – სიკეთის, გონიერებისა და სიყვარულის სამეფო, ნათლისა და მშვიდობის სუფევა, დამკვიდრდეს ამქვეყნად და ყველა ადამიანი გააერთიანოს ქრისტეს ერთ სამწყსოში, ერთი მწყემსის – იესო ქრისტეს წინამძღვრობის ქვეშ. როცა ჩვენ ვევედრებით ღმერთს, რომ მსოფლიოში მცხოვრები ყველა ადამიანი შევიდეს ღმერთის სუფევაში, ღმერთის სამეფოში ამქვეყნიური ცხოვრებისას, ამით ჩვენ ვთხოვთ მას, რომ შემდგომში ყველა ადამიანი გახდეს ცათა სამეფოს – სასუფეველის წევრი. იმიტომ, რომ ცათა სასუფეველში შესვლა მხოლოდ ამ გზით შეიძლება – ღმერთის ქვეყნიური სუფევის, სამეუფოს ღირსეული წევრობით.

ამგვარად, როცა საუფლო ლოცვის ამ სიტყვებს წარმოვთქვამთ – „მოვედინ სუფევაჲ შენი“ – ჩვენ იმას ვევედრებით ღმერთს, რომ მისი სუფევა, მისი სამეუფო მსოფლიოში მცხოვრებ ყველა ადამიანზე გავრცელდეს და ყველა მოიცვას, რათა, გახდებიან რა ამ სამეფოს წევრები, მათ ცათა სასუფეველში შესვლაც შეძლონ. ანუ ყოველმა ადამიანმა აღიაროს და მიიღოს ერთი ჭეშმარიტი ღმერთის მეუფება და ამ გზით გაერთიანდეს მის წმინდა კრებულში. ამასთანავე, განხილვადი სიტყვებით ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ იგი განუყოფლად სუფევდეს ჩვენს სულებში, ანუ წარმართავდეს ჩვენს გონებას, გულსა და ნებას, ასევე თავისი მადლით შეგვეწეოდეს მისადმი მსახურებაში და მისი რჯულის, მისი მცნებების მართებულად აღსრულებაში. იმიტომ, რომ თუკი სულებში ღმერთის სუფევა გვექნება, მაშინ ჩვენი სულიც წმინდა და უბიწო იქნება და ჩვენ ღმერთის ძალითა და სიყვარულით ვიქნებით დაცულნი ქვეყნიური ცხოვრების ავბედობისაგან და უბედურებებისაგან და მომავალ ცათა სასუფეველში ღირს-ვიქმნებით საუკუნო ნეტარების.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი