მთავარისხვადასხვამოთხოვნა და მოთხოვნილება - "ქართული მეტყველების კულტურა"

მოთხოვნა და მოთხოვნილება – “ქართული მეტყველების კულტურა”

სიტყვები მოთხოვნა და მოთხოვნილება ნაწარმოებია ერთი და იმავე ზმნური ფუძისაგან (თხოვ-), რომელსაც დაერთვის ერთი და იგივე ზმნისწინი (მო-) და ამ ფორმით ორივე მათგანი სახელის ფუნქციას ასრულებს წინადადებაში. კაცუნა აგებულებითა და მნიშვნელობით მსგავსების გამო ზოგჯერ მათ ერთმანეთის მაგივრად ხმარობენ. მაგალითად:

1. მოთხოვნილება ნაცვლად მოთხოვნისა: “მუშათა მოთხოვნილება უნდა წარედგინოს ქარხნის ადმინისტრაციას”;

2. მოთხოვნა ნაცვლად მოთხოვნილებისა: “მრავალი სახეობის ნაწარმზე მოსახლეობის მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება”.

რატომ არ შეიძლება ამ წინადადებაში ერთი სიტყვის მაგივრად მეორე ვთქვათ და პირუკუ? რა განსხვავებაა ამ სიტყვათა მნიშვნელობებს შორის?

მოთხოვნილების ძირითადი მნიშვნელობაა “საჭიროება” და, მაშასადამე, იგი ცოცხალი არსების (ან მათი ჯგუფის) შინაგან, მისივე ორგანიზმის მიერ “ნაკარნახებ” მდგომარეობას გამოხატავს. ამიტომ ეს სიტყვა შესაბამის სიტყვებთან შეხამებისას ქმნის არაერთ ბუნებრივ გამოთქმას: ადამიანური მოთხოვნილება, სულიერი მოთხოვნილება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება, შინაგანი მოთხოვნილება, მოსახლეობის მოთხოვნილება, სასიცოცხლო მოთხოვნილება…

მოთხოვნა ნიშნავს გარედან, სხვა პირისაგან (ან პირთაგან) მომდინარე ან თავსმოხვეული (სამართლიანი თუ უსამართლო) პრეტენზიის წაყენებას მეორე პირისათვის. ბუნებრივია ამ სიტყვის მონაწილეობით შედგენილი გამოთქმები: კონსტიტუციის მოთხოვნა, კანონების მოთხოვნა, მოთხოვნა წაუყენეს, მუშების მოთხოვნა (ადმინისტრაციის მიმართ) და ა. შ.

როგორც ვხედავთ, მოთხოვნისა და მოთხოვნილების მნიშვნელობები განსხვავებულია ერთმანეთისაგან იმის მიხედვით, ერთი და იმავე პირისაგან მომდინარე სურვილსა და მისწრაფებას გულისხმობენ ისინი, თუ – სხვადასხვა პირისაგან მომდინარეს, შინაგან მდგომარეობას გამოხატავენ, თუ – გარეგანს.

მოამზადა ანა ტყებუჩავამ

წყარო
აფრიდონიძე, შუქია. ჩვენი ენა ქართული. თბილისი: ბაკურ სულაკაური გამომცემლობა, 2009.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები