მთავარიკულტურამოსე თოიძე (1871-1953 წწ.)

მოსე თოიძე (1871-1953 წწ.)

ქართველი მხატვრის, ფერმწერისა და გრაფიკოსის მოსე თოიძის ხელოვნება განმსჭვალულია უბრალო ხალხის სიყვარულით, აღსავსეა ცხოვრებისეული სიმართლითა და ოპტიმიზმით.

გლეხობის წრიდან გამოსული მხატვრის მშობლები ხელოსნები იყვნენ. სიღარიბისა და გაჭირვების მიუხედავად, ქვრივი დედა ცდილობდა, ბავშვებისთვის განათლება მიეცა და მათ გულში ხელოვნებისადმი სიყვარული გაეღვიძებინა. მოსე თოიძე მოსემ ხატვის ხელოვნებისადმი ინტერესი მოწაფეობის წლებშივე გამოიჩინა. ის სწავლობდა თბილისის სახელოსნო სასწავლებელში, შემდგომში სწავლა განაგრძო პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (ი. რეპინის რეკომენდაციით, 1896 წლიდან). მუშაობდა ი. რეპინის სახელოსნოში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისურ ჟურნალ–გაზეთებში (1890–1910–იან წლებში). იგი იყო ჟურნალ “კვალის” პირველი მხატვარი, თბილისში “რევმასის” (რევოლუციის მხატვართა ასოციაცია) დაარსების ერთ–ერთი ინიციატორი. თოიძის თაოსნობით 1922 წელს თბილისში დაარსდა სახელმწიფო სამხატვრო სტუდია, რომელსაც 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა.

მხატვარი გატაცებული გახლდათ ილუსტრაციების დარგში მუშაობით. 1893 წელს მან შექმნა სურათები: “ყეენობა” და “ბერიკაობა”. მოგვიანებით განიზრახა ლითოგრაფიული წესით ქართველ მწერალთა პორტრეტების სერიის გამოცემა. ამ მიზნით დახატა რუსთაველის, რაფიელ ერისთავის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგისა და სხვა ქართველ მწერალთა პორტრეტები.

პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში ყოფნისას მოსე თოიძე ტრიალებდა შესანიშნავ რუს მხატვართა წრეში. მის თვალწინ იქმნებოდა ბრწყინვალე მხატვრული ნაწარმოებები. სამშობლოს მონატრებულმა მხატვარმა თავისი სადიპლომო ნამუშევრის თემად ქართველი ხალხის ცხოვრებიდან აღებული სიუჟეტი – “მცხეთობა” (1900-01წწ.) აირჩია. ეს დიდი ტილო ექსპონირებულ იქნა 1901 წელს რუსეთთან საქართველოს შეერთების ასი წლისთავის აღსანიშნად თბილისში გამართულ დიდ სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. სურათმა, რომელსაც იშვიათი წარმატება ხვდა, ახალგაზრდა მხატვარს რეალისტური ფერწერის დამთავრებული ოსტატის სახელი მოუპოვა.

მცხეთობა

მცხეთობის დღეს, მცხეთაში, დიდებული ტაძრის გალავანში თავს იყრიდა აღმოსავლეთ და ნაწილობრივ, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსული ქართველობა. იმართებოდა სახალხო თამაშობანი, შეჯიბრებანი ვაჟკაცობაში, ხალხური მთქმელებისა და მომღერალ-დამკვრელების გამოსვლები… ასეთი იყო “მცხეთობის” ჭეშმარიტად ხალხური შინაარსი, რომელიც თოიძემ სწორად გაიგო და ასახა თავის სურათში. აღსანიშნავია, რომ სურათი თავის პირველ ვარიანტში კომპოზიციითაც და ჩანაფიქრითაც რამდენადმე სხვადასხვა იყო, ვიდრე დღეს არის. მოგვიანებით მხატვარმა ეს დიდი ტილო ორჯერ გადააკეთა საფუძვლიანად, რადგან ამ დროისათვის მან გამოიმუშავა ხატვის საკუთარი მანერა.

1903 წელს მოსე თოიძემ მონაწილეობა მიიღო “პერედვიჟნიკების” ამხანაგობის საგაზაფხულო გამოფენაში, სადაც წარადგინა სურათი “მრეცხავი ქალი”. ის გამოსახავს თბილისელ ქალს თეთრეულის რეცხვის პროცესში. მძიმე ჯაფისგან ადრე დაბერებული ქალის ფიგურა, მისი დაძაბული დანაოჭებული სახე, მზის სინათლის რეფლექსები ბნელ უსიხარულო ოთახში, საპნის ქაფი და ცხელი წყლის ორთქლი დამაჯერებლადაა აღწერილი…

მოსე თოიძე 1904 წელს თბილისში კავკასიელ მხატვართა ამხანაგობის გამოფენაზე მხატვარმა საზოგადოებას უჩვენა სურათები: “მწვადი”, “ვაჭრის პორტრეტი”, “ებრაელის პორტრეტი”, “სამჭედლო”… ამ სურათებმაც დიდი წარმატება მოუტანეს მხატვარს.
1915 წელს თბილისში გაიხსნა მოსე თოიძის ნაწარმოებთა გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი ას ოცი სურათიდან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ: “ხევსური”, “მთვარიანი ღამე”, “განთიადი”, “გიორგი XIII”, “ბავშვები აივანზე”, “ჩრდილი ტყეში”…

მოსე თოიძის ამ პერიოდის შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს ქართველი ხალხის, უმეტესად, მშრომელი გლეხობისა და ქალაქის ღარიბი მოსახლეობის ცხოვრებას. მისი ჟანრული სურათები რეალისტური და ცხოვრებისეულია.

გამოჩენილი ქართველი მხატვარი წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში.

მოსე თოიძე გარდაიცვალა 1953 წელს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

მისი სახელობის სახლ-მუზეუმში დაცულია მხატვრის ფერწერული ტილოები, გრაფიკული ნამუშევრები (2000-ზე მეტი ერთეული), მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. აგრეთვე შვილის – მხატვარ ირაკლი თოიძის ნამუშევრები.

მოამზადა თეონა ნოზაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

მსგავსი სტატიები

კატეგორიები

ახალი კომენტარები