მოსე გიორგის ძე ჯანაშვილი (31 მარტი 1855, სოფელი კახი, საინგილო, აზერბაიჯანი — გ. 19 აპრილი 1934, თბილისი, საქართველო) — ქართველი ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.
1898 წელს იყო საეკლესიო მუზეუმის გამგე; კრებული “ნაშრომის” რედაქტორი; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; ავტორია მრავალი საენათმეცნიერო ნაშრომისა; საყურადღებოა მისი ნაშრომები ქართული ლიტერატურის ისტორიაში; განხილული აქვს ქართული ბიბლიისა და მისი გადმოთარგმნის, აგიოგრაფიის საკითხები; ავტორია გამოკვლევებისა ქართული საერო ლიტერატურის საკითხებზე; სწავლობდა ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობას და პოემის ორიგინალობის საკითხებს, პერსონაჟებს, დაწერის თარიღს; მუშაობდა ქართულ ფოლკლორისტიკაში; გამოაქვეყნა ვახუშტი ბატონიშვილის “საქართველოს გეოგრაფია”; მისი გეოგრაფიული ნაშრომიდან აღსანიშნავია თბილისის, გორის, მცხეთისა და მისი მიდამოების, არაგვის ხეობის აღწერილობა; 1884 წელს გამოვიდა მისი “საქართველოს მოკლე ისტორია”; აღმოაჩინა “ქართლის ცხოვრების” ეგრეთ წოდებული ჯანაშვილისეული ნუსხა; ამ ნუსხის “ქართლის ცხოვრების” გაგრძელება გამოსცა “ახალი ქართლის ცხოვრების” სახელწოდებით; 1909 წელს გამოსცა ბასილი ზარზმელის “სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება”; არის ქართული ეთნოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი.
