მთავარი » ქრისტიანობა

მონაზონი მარიამი (ანუა) – აფხაზეთის ომის დროს მომხდარი სასწაულები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.08.2022 | 499 ნახვა

1993 წლის 5 ივლისს, სოფელ კომანში, წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის ეზოში მოკლეს მღვდელმონაზონი ანდრია. მეფსალმუნე მანანა ანუა ყოველ დილა-საღამოს მამა ანდრიას ცხედართან ფსლამუნებს კითხულობდა, ხოლო დაკრძალვის შემდეგ – მის საფლავთან. ერთ დილას მტრის რაზმი ეკლესიის ეზოში შემოიჭრა. მათ სურდათ მანანაზე ძალადობა ეხმარათ და შემდეგ მოეკლათ. მე, დედამისი, დიპლომატიურად (ერში, ზოია ალექსანდრეს ასული ადამია-ანუა, ამჟამად დედა მარიამი) მომაცილეს იმ ადგილს, სადაც ჩემი ქალიშვილი ლოცულობდა, ვითომდაც იმ მიზნით, რომ მათთვის ეკლესიის სარდაფი მეჩვენებინა. მე ვერ მივხვდი, თუ რა უბედურება ტრიალებდა ჩემი ქალიშვილის თავზე. როდესაც მანანამ დაინახა მისკენ მიმავალი აფხაზები (ზოგიერთი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ზოგიც კი ნასვამი იყო) დასახმარებლად უფალ იესო ქრისტეს მოუხმო. ამავე დროს მამა ანდრიას ემუდარებოდა გადარჩენას. ზუსტად ამ დროს სოხუმიდან მძაფრი შემოტევა დაიწყო. კომანი იბომბებოდა. მთელი სოფელი ნანგრევებად იქცა. როდესაც დაბომბვა დაიწყეს, რაზმის მეთაურმა ყველას უბრძანა თავის პოზიციებს დაბრუნებოდა. მანანა სასწრაფოდ ტაძარში შევიდა და წმიდა დიდ-მოწამე გიორგი ხატის წინ გაჩერდა. მოგვიანებით იგი ყვებოდა, თუ როგორ ელვასავით გაირბინა მის გონებაში წმ. გიორგის ტროპარმა „ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო…“ მანანა მიხვდა, რომ ჩვენი დაცვა, ღვთის შეწევნით წმიდა გიორგის მეშვეობით მოხდა. იმ დროს, როდესაც წმ. გიორგის ჩვენი ტყვეობიდან დახსნას ევედრებოდა, ტაძარში ერთი აფხაზი შემოვიდა. მან იკითხა: „სად არის ჩემი მეგობარი – წმ. გიორგი?“ მიუახლოვდა წმიდა გიორგის ხატს და მის წინ სანთელი დაანთო. ამ წუთიდან მოყოლებული (ჩვენ გასაგები მიზეზის გამო შეგნებულად არ ვასახელებთ ამ ახალგაზრდას სახელს და გვარს). ის ჩვენს მფარველ ანგელოზად იქცა. ყველაფერში გვეხმარებოდა. შეგვპირდა, რომ ბოლომდე დაგვიცავდა და კიდევაც შეასრულა თავისი სიტყვა. „და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს“ (ლუკა 21, 18). მან იწამა ქრისტეს ჭეშმარიტი სარწმუნოება და მონათვლის სურვილი გამოთქვა. ამ აფხაზმა მარტო ჩვენი სიცოცხლე კი არ დაიცვა, არამედ ჩვენი პატიოსნებაც, იმ 52 დღის განმავლობაში, რომელიც ჩვენ ტყვეობაში გავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ის მტრის ბანაკში იმყოფებოდა, მან გამოამჟღავნა ნამდვილი რაინდული თვისებები. გვიჩვენა ჭეშმარიტი ქრისტინული სიყვარული, სიკეთე და დიდსულოვნება. რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია ის არ მოვიხსენიოთ დიდი პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით. გარდა იმისა, რომ გვიცავდა უამრავი მოძალადისაგან, ასევე, ზრუნავდა ჩვენს კვებაზეც.

შეძლებისდაგვარად მოჰქონდა საჭმელი, სანთლის დასამზადებელი მასალა. ის ყველანაირად ცდილობდა ჩვენს დაცვას, როგორც ფიზიკური, ისე სულიერი ტკივილებისაგან. ეკლესიაში მე და ჩემი ქალიშვილის გარდა, ასევე ტყვეობაში იმყოფებოდნენ ომისგან დასახიჩრებული და განაწამები კომანის მოსახლეობა. ამ კეთილმა კაცმა მოგვიტანა ლეიბები მარმარილოს ცივ იატაკზე დასაფენად. შემოგვაღობინა მამა ანდრიას საფლავი. ხედავდა რა ჩვენს უსუსურობას და უმწეობას, ჩვენს მიმართ თანაგრძნობას იჩენდა და დიდი სითბოთი გვეპყრობოდა.

დიდი მადლიერების გრძნობით და სითბოთი მინდა ასევე მოვიხსენიო რამოდენიმე სხვა აფხაზი და რუსი დაქირავებული მებრძოლი, რომლებმაც ჩვენს მიმართ დიდი ყურადღება გამოიჩინეს. მათაც არა მარტო სიკვდილისაგან გვიხსნეს, არამედ ჩვენი პატიოსნებაც დაიცვეს. ეს ახალგაზრდები უდავოდ გამოირჩეოდნენ მაღალი სულიერებით. ისინი დიდი ინტერესით ისმენდნენ ჩემს ქადაგებებს უფალზე, იესო ქრისტეზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელზე, წმიდანებზე, სხვებისადმი თანაგძნობის გამოჩენაზე და საერთოდ მართლმადიდებლობაზე. ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია მტრისადმი თანაგრძნობის გამოჩენა, განსაკუთრებით კი ომის დროს, ვუხსნიდი მე და ისინიც დიდი გულისყურით მისმენდნენ.

მადლობა უფალ იესო ქრისტეს ყველაფრისათვის.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი