25 ივლისი 2024, ხუთშაბათი
მთავარიეკლესია-მონასტრებიმოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია

მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია

მოციქულთა თავთა წმ.პეტრე-პავლეს ეკლესია მდებარეობს თბილისში, ავლაბარში, წმ. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

გადმოცემის თანახმად, ტაძარი მოცემულ ტერიტორიაზე წინასწარმეტყველების საფუძველზე აიგო. თავდაპირველი ხის ეკლესია მოგვიანებით აგურის ბაზილიკამ შეცვალა. იგი აშენებულია მართლმორწმუნე ცოლ-ქმრის მაისურაძეების მიერ, რომელნიც ტაძარში არიან დაკრკძალულნი. ათიოდე წლის წინ იატაკის გამოცვლის დროს ფილაქანზე მიაკვლიეს წარწერას. სავარაუდოდ, ეს არის ტაძრის აგების ან განახლების თარიღი – 1882 წ. იატაკის ქვეშ აღმოაჩინეს საკურთხეველი და ამბოინი. უბნის მხცოვანი მოსახლეობის მოწმობით, ათეიზმის ხანაში სარწმუნოების სასტიკი დევნის დროს, ამ მიწისქვეშა საკურთხეველში ფარულად აღევლინებოდა წირვა-ლოცვა. ბოლო წლებში ტაძარი ორჯერ გაძარცვეს, წაიღეს უამრავი ხატი. მთავრობის აპარატისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ძალისხმევით, პირველი ძარცვის დროს წაღებული ხატების უმეტესობა დააბრუნეს, მაგრამ მეორედ გულგრილობა გამოიჩინეს. თუმცა, ღვთის რისხვამ არ დააყოვნა: ერთ-ერთი მძარცველი ერთი წლის შემდეგ აღესრულა, მეორე ციხეშია – სულიერი აშლილობის ზღვარზე მყოფი, მესამეს რვა თვის ბავშვი დაეღუპა, თავად კი საპყრობილეში მოხვდა.

90-იან წლებში ტაძარი ერთიანად მოიხატა მრევლის ერთ-ერთი წევრის ირაკლი ცინცაძის მიერ. ხატებიდან აღსანიშნავია მისი დაწერილი ღვთისმშობლის ხატი: „შენ ხარ ვენახი“ (ხატი ამჟამად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია), რომელიც დღიდან კურთხევისა უამრავ სასწაულსა და კურნებას აღასრულებს. განსაკუთრებით პატივსაცემია ახლადშექმნილი ღვთისმშობლის ხატი „იღუმენია ათონისა“, მაცხოვრის ხატი „სუთ ამისგან ყოველთა“ – ქრისტეს ვნებისა და ევქარისტიის გამომხატველი (შექმნილია მე-19 საუკუნის რუმინული ხატის მიხედვით). საქართველოში სქიზმატური მოძრაობის აღზევების დროს შეიქმნა ხატი „საიდუმლო სახე ეკლესიისა“, ვითარცა ტაძრის სამღვდელოებისა და მრევლის პოზიციის გამომხატველი სქიზმისა და ეკუმენიზმის მიმართ (ამოსავალია ათონის ერთ-ერთი მონასტრის კედლის მოხატულობა). ხატი „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ დაიწერა დუჭეთის რაიონის სოფელ დავათის ღვთისმშობლის ტაძარში დაცულ ქვის სტელის მიხედვით. ახალი ხატებიდან აღსანიშნავია „ზეციურ მხედრობათა მთავარი მიქაელი – მფარველი მართლმადიდებლობისა“, „წმ. იოანე ნათლისმცემელი“ (საკურთხეველში).

მსგავსი სტატიები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

კატეგორიები

ახალი კომენტარები